Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის ივლისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა, გასული წლის ამავე თვესთან შედარებით, 35.6%-ით გაიზარდა და 1,664 ერთული შეადგინა. პარალელურად, ბაზრის ზომა 60.7%-ით 104 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად თუ განვიხილავთ, გასულ თვეში ზღვისპირა ქალაქში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 38.4%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 4.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
„ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ერთ-ერთ მსხვილ პროექტში მიმდინარე წლის ივლისში ერთიანად დარეგისტრირდა 180-მდე ტრანზაქცია. ამ პროექტის გარეშე ზრდა კი 23.3%-ს შეადგენს“, – ნათქვამია Colliers Georgia-ს ანგარიშში.
საანგარიშო პერიოდში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 28.9%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,369 აშშ დოლარი შეადგინა. ფასი გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორეულ ბაზარზე. კერძოდ, პირველ შემთხვევაში – 48.3%-იანი, მეორე შემთხვევაში კი 12.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
„აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მსხვილ პროექტში მიმდინარე წლის ივლისში ერთიანად დარეგისტრირდა 180-მდე ტრანზაქცია, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის მკვეთრი ზრდა. ამ პროექტის გარეშე მაჩვენებელი 14.5%-ით გაიზარდა, პირველად ბაზარზე კი – 19.3%-ით. უნდა აღინიშნოს, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას, – წერია ანგარიშში.