PMCG-ის კვლევითი ცენტრის დასაქმების ტრეკერის მონაცემებით, 2025 წლის ივლისში საქართველოში ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა ივნისთან შედარებით თითქმის უცვლელი დარჩა, წლიურ ჭრილში კი 2.5%-ით გაიზარდა და 997,190 შეადგინა.
ივლისის მდგომარეობით, ხელფასის მიმღებთა შორის 0-დან 600 ლარამდე თვიური ანაზღაურების მქონე პირთა წილი კვლავ მცირდება, თუმცა მაინც მაღალია და 11.9%-ს შეადგენს, რაც დაახლოებით 118,666 ადამიანს უტოლდება. ამავე წლის ივნისთან შედარებით, მათი წილი უმნიშვნელოდ, 0.5%-ით არის შემცირებული, გასული წლის ამავე თვესთან შედარებით კი – 2.2%-ით.
ცნობისთვის, ივლისში იმ ადამიანების წილი, რომლებიც 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ანაზღაურებას იღებდნენ, ხელფასის მიმღებთა 3.1%-ს შეადგენდა. ეს დაახლოებით 30,913 ადამიანს უტოლდება. 2025 წლის ივნისთან შედარებით მაჩვენებელი 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2024 წლის ივლისთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.
PMCG-ის ანგარიშის თანახმად, დასაქმებულთა შორის ყველაზე მაღალი წილი, 36%, იმ ადამიანებზე მოდის, რომლებმაც ივლისში 2400 ლარზე მეტი ხელფასი აიღეს. ამ მხრივ მეორე ადგილზეა იმ დასაქმებულთა ჯგუფი, რომელთა ხელფასმა საანგარიშო პერიოდში 1200-დან 2399 ლარამდე შეადგინა. მათი წილი 33%-ს უტოლდება.