PMCG-ის კვლევითი ცენტრის დასაქმების ტრეკერის თანახმად, 2025 წლის ივლისში, გასული წლის ამავე თვესთან შედარებით, Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 4.5%-ით შემცირდა. ივლისში ვებგვერდზე მთლიანობაში 8,183 ვაკანსია გამოქვეყნდა. რაც შეეხება თვიურ ჭრილში ცვლილებას, ივლისში ივნისთან შედარებით Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 5.5%-ით გაიზარდა.
თვიურ ჭრილში ყველაზე დიდი, 11.1%-იანი ზრდა ინფორმაციული ტექნოლოგიების და პროგრამირების კატეგორიაში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე მცირე ზრდა, 0.3%, გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში აღინიშნა.
წლიურ ჭრილში, ყველაზე დიდი, 26.8%-იანი ზრდა, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების და პროგრამირების კატეგორიაში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დიდი, 11.2%-იანი კლება – ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მაისიდან ამავე წლის ივლისის ჩათვლით, მთლიანობაში 23,232 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. PMCG-ის კვლევითი ცენტრის დაკვირვებით, ვაკანსიების შემცირებაზე ყველაზე დიდი გავლენა ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიას ჰქონდა, სადაც 10.9%-იანი კლება აღინიშნა.
Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა, კატეგორიების მიხედვით
