ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით რეკორდული რაოდენობის მგზავრმა ისარგებლა

ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით რეკორდული რაოდენობის მგზავრმა ისარგებლა

საქართველოს აეროპორტის გაერთიანების ინფორმაციით, ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეკორდული რაოდენობის მგზავრს მოემსახურა. მისი ცნობით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით გასულ თვეში 189,166-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც პანდემიამდელ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 123%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა. უფრო კონკრეტულად, აღნიშნულ პერიოდში აეროპორტიდან 517 რეისი შესრულდა. ეს 2019 წლის მაჩვენებელს (267 რეისი) 94%-ით აღემატება.

რაც შეეხება 2023 წლის პირველი შვიდი თვის მაჩვენებელს, საქართველოს აეროპორტის გაერთიანების ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 856,646 მგზავრს მოემსახურა. იანვარ-ივლისში ქუთაისის აეროპორტიდან საერთო ჯამში 2,590 რეისი განხორციელდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მოცემული დროისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით ასრულებს. 2023 წლის 1-ელ დეკემბერს აეროპორტს Wizz Air-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება.