საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის ივლისში 2021 წლის ივლისთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 115%-ით გაიზარდა. 2022 წლის ივლისში 459,711 ტურისტი შემოვიდა. ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, ივლისში 177%-ით გაიზარდა და ჯამში 718,401 ვიზიტორი შეადგინა.
2019 წელთან შედარებით, ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობა ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად არის შემცირებული. 2022 წლის ივლისში 35%-ით ნაკლები ვიზიტორი და 19%-ით ნაკლები ტურისტი შემოვიდა, ვიდრე 2019 წლის ივლისში.
7 თვის ჯამში, 2021 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 162%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 214%-ითაა გაზრდილი. 7 თვეში სულ 2.3 მლნ ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2019 წლის 7 თვის მაჩვენებლის მხოლოდ 47%-ია.
ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა – 156,737. მეორე ადგილზე სომხეთია 84,199 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე თურქეთი – 60,944 ვიზიტორით. ივლისში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მხოლოდ 1.5%-ით ჩამორჩება პანდემიამდე, 2019 წლის ივლისში შემოსული რუსი ვიზიტორების რიცხვს. 2019 წლის ივლისში რუსეთიდან 159,063 ვიზიტორი შემოვიდა.
10 ქვეყანა, საიდანაც ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
| ქვეყანა | ივლისი, 2022 | ცვლილება 2019 წელთან | 
| რუსეთი | 156,737 | -2,326 | 
| სომხეთი | 103,906 | -37,757 | 
| თურქეთი | 95,989 | -60,147 | 
| საუდის არაბეთი | 27,712 | 4,937 | 
| ისრაელი | 22,684 | -3 | 
| ბელარუსი | 20,773 | 8,228 | 
| ყაზახეთი | 19,258 | 6,129 | 
| უკრაინა | 18,711 | -6,510 | 
| აზერბაიჯანი | 14,282 | -161,217 | 
| ირანი | 11,787 | -1,650 | 
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი
 
								 
								














