Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის ივლისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,713 ერთეული შეადგინა. ეს 2024 წლის ამავე თვესთან შედარებით 4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის პარალელურად, საანგარიშო პერიოდში, თბილისში საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 22%-ით, 293 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივლისთან შედარებით მხოლოდ 1.5%-ით გაიზარდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 11.8%-ით შემცირდა, მეორეულ ბაზარზე კი 24.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ძველ პროექტებში ტრანზაქციები 11.7%-ით გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წლიურ ჭრილში 11%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 7.9%-ით – ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში 4.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამავდროულად, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ივლისთან შედარებით 23.8%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანში 14.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ქალაქის ცენტრში საშუალო შეწონილმა ფასმა 13.3%-ით მოიმატა.
„ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნა ფართო ცენტრში, რაც განპირობებულია იმით, რომ 2024 წლის ივლისში ერთბაშად დარეგისტრირდა ორი მსხვილი პროექტის 3-4 წლის ტრანზაქციები, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის იმ დროისთვის შემცირება. ამ პროექტების გარეშე ფართო ცენტრში ფასები 5.9%-ით გაიზარდა“, – ნათქვამია Colliers Georgia-ს ანგარიშში.