ივლისში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა – რა გაძვირდა?

ივლისში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა – რა გაძვირდა?

ფოტო: ISTOCK

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ -0.4% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 5.5%-ს გაუტოლდა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, მიმდინარე წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, მან 3.8% შეადგინა. იგივე მაჩვენებელი, თამბაქოს გამორიცხვით, 3.5%-ზეა.

თვიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

წყარო: საქსტატი

უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, თვიურ ჭრილში ყველაზე მეტად ბოსტნეული და ბაღჩეული გაიაფდა – ფასები 12.3%-ით შემცირდა. ასევე, ხილისა და ყურძნის ფასები 2.8%-ით, შაქრის, ჯემისა და სხვა ტკბილეულის – 0.8%-ით, ხოლო მინერალური და წყაროს წყლის, უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენების – 0.5%-ით შემცირდა. ანგარიშის თანახმად, ხორცი და ხორცის პროდუქტები 0.3%-ით, ხოლო თევზეული 0.1%-ით გაიაფდა.

საქსტატის ცნობით, სანაცვლოდ, ყავის, ჩაისა და კაკაოს ფასები 2.3%-ით გაიზარდა, რძის, ყველისა და კვერცხის – 2.1%-ით, ზეთისა და ცხიმის – 1.2%-ით. ანგარიშის თანახმად, გაძვირდა პური და პურპროდუქტებიც, ამ შემთხვევაში ზრდამ 0.7% შეადგინა.

ამასთან, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ფასები ჯამში 4.9%-ით შემცირდა – ტანსაცმელი 6.4%-ით, ხოლო ფეხსაცმელი 2.4%-ით გაიაფდა. საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფში კი ფასები 0.8%-ით გაიზარდა.

წყარო: საქსტატი

უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად ტრანსპორტის ჯგუფი გაძვირდა – ფასები 14.2%-ით გაიზარდა. პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია 20.1%-ით, ხოლო სატრანსპორტო მომსახურება 10.8%-ით გაძვირდა.

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 4.9%-ით გაიზარდა. ამ მხრივ, ყველაზე მკვეთრად თევზეული გაძვირდა – 18.2%-ით. ხორცისა და ხორცის პროდუქტების ფასებმა 9.2%-ით, პურისა და პურპროდუქტების – 8.1%-ით, ზეთისა და ცხიმის – 7.6%-ით მოიმატა. გარდა ამისა, ყავის, ჩაისა და კაკაოს ფასები 6.4%-ით, რძის, ყველისა და კვერცხის – 4.2%-ით, ხილისა და ყურძნის – 2.5%-ით, ხოლო შაქრის, ჯემისა და სხვა ტკბილეულის – 1.7%-ით გაიზარდა. მინერალური და წყაროს წყლის, უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენების ფასები 1.5%-ით გაძვირდა. სანაცვლოდ, ბოსტნეული და ბაღჩეული 5.7%-ით გაიაფდა.

საქსტატის ცნობით, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფში ფასები 8.3%-ით გაიზარდა. მათ შორის, ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ფასები 10.4%-ით, საცხოვრებლის ფაქტიური გადასახადის – 8.2%-ით, ხოლო საცხოვრებლის მიმდინარე მოვლისა და შეკეთების – 8%-ით მოიმატა.

ამასთან, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 4.7%-ით გაიზარდა. სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ფასები 7.7%-ით, ხოლო ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების – 2.7%-ით გაძვირდა.