ივნისში ბათუმში ბინების გაყიდვები 25.1%-ით გაიზარდა - Colliers Georgia

ივნისში ბათუმში ბინების გაყიდვები 25.1%-ით გაიზარდა - Colliers Georgia

Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის ივნისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა, გასული წლის ამავე თვესთან შედარებით, 25.1%-ით გაიზარდა და 1,357 ერთული შეადგინა. პარალელურად, ბაზრის ზომა 41.5%-ით 76 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

„ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ გასული წლის ივნისში ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად, 19%-ით იყო შემცირებული“, – ნათქვამია Colliers Georgia-ს ანგარიშში.

უფრო კონკრეტულად თუ განვიხილავთ, გასულ თვეში ზღვისპირა ქალაქში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 26.7%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი, გასული თვეებში არსებული კლების ტრენდისგან განსხვავებით, 11.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ზრდის ამ ტრენდიას Colliers Georgia გასული წლის ივნისში ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი კლებით ხსნის.

ამავე პერიოდში, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 11.8%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,185 აშშ დოლარი შეადგინა. „ფასი გაიზარდა როგორც პირველად (9.4%), ასევე მეორეულ ბაზარზე (10.3%). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა, გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით, 4.8%-ით, 7,129 ერთეულამდე, გაიზარდა. ამასთან, ბაზრის ზომა 16.1%-ით გაიზარდა და 397 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

6 თვეში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 16.1%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,184 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 1,169 აშშ დოლარს მიაღწია.