ივნისში ბელარუსიდან ფულადი გზავნილები 244%-ით გაიზარდა

ივნისში ბელარუსიდან ფულადი გზავნილები 244%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 315.51 მილიონი აშშ დოლარი (861 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 12.2%-ით (34.4 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ივნისში ფულად გზავნილებში ყველაზე დიდი ზრდა ბელარუსიდან აღინიშნა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნიდან საქართველოში გადმორიცხვებმა წინა წლის ამავე თვესთან შედარებით 244%-ზე მეტით მოიმატა და 1.57 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მსგავსი ზრდის მიუხედავად, ეს საქართველოს მთლიან ფულად გზავნილებში ბელარუსს მხოლოდ 0.5%-იან წილს ანიჭებს, რის შედეგადაც ის სხვა ქვეყნებს შორის 21-ე ადგილზეა.

გასულ თვეში საქართველოში განხორციელებულ ფულად გზავნილებში ზრდის მიხედვით მეორე ადგილს ლიბანი იკავებს. აღნიშნული ქვეყნიდან გადმორიცხვები 88.54%-ით გაიზარდა. შედეგად, ლიბანი მთლიან ფულად გზავნილებში, 1.06 მილიონი აშშ დოლარითა და 0.34%-იანი წილით, 25-ე ადგილზეა.

გზავნილების ზრდის მიხედვით მესამე ადგილზე ყირგიზეთია, საიდანაც ივნისში გადმორიცხვები წლიურ ჭრილში 82.26%-ით გაიზარდა. თუმცა ბელარუსისა და ლიბანისგან განსხვავებით ის მთლიან გზავნილებში უფრო დიდი, თითქმის 3%-იანი წილით გამოირჩევა. მიმდინარე წლის ივნისში ყირგიზეთიდან 9.33 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა.

იხილეთ ასევე: ივნისში ფულადი გზავნილები 12.2%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?