საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04%-ით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.1%-იანი კლებით, რამაც -0.07 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 8.5%-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 25.6%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.8%-იანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 4.85 და 2.28 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 17.2%-ით.