სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1%-ით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი 6.1%-ით გაიზარდა.
საქსტატის ინფორმაციით, საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.6%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
რაც შეეხება არასაცხოვრებელ სეგმენტს, ამ შემთხვევაში ინდექსი წინა თვესთან შედარებით 7.8%-ით, 2024 წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი 11.7%-ით გაიზარდა.
სამოქალაქო სეგმენტის ინდექსში თვიურ ჭრილში 0.4%-იანი ზრდა აღინიშნა, წლიურ ჭრილში კი – 2.9%-იანი მატება.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში ვკითხულობთ, თვიურ ჭრილში ცვლილება, ძირითადად, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.8%-იანი ზრდით იყო განპირობებული, რამაც 1.15 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
საქსტატის ცნობით, წლიურ ჭრილში ზრდა, „უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 23.5-პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 2.1-პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 4.85 და 1.25 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 24.4%-ით არის გაზრდილი.