ივნისში საქართველოში სესხები წლიურად 13.5%-ით გაიზარდა - ეროვნული ბანკი

ივნისში საქართველოში სესხები წლიურად 13.5%-ით გაიზარდა - ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ივნისში ქვეყანაში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 13.5%-ით გაიზარდა. სების დაკვირვებით, წინა თვესთან შედარებით ზრდის ტემპმა 0.7% შეადგინა.

მათ შორის, აღნიშნულ პერიოდში ლარით დაკრედიტება წლიურად 15.7%-ით, 25.9 მილიარდ ლარამდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 8.1%-იანი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება უცხოური ვალუტით დაკრედიტებას, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, ამ შემთხვევაში ზრდამ 11.1% შეადგინა. ამან მთლიანი სესხების ზრდაზე 5.4%-იანი გავლენა მოახდინა.

ეროვნული ბანკის განმარტებით, უცხოური ვალუტით დაკრედიტების ტემპის ზრდა, ძირითადად, ბიზნესსესხების ზრდის ტემპის მატებით არის განპირობებული. მისი წვლილი მთლიანი სესხების ზრდაში, წინა თვესთან შედარებით, 0.7%-ით გაიზარდა. აქვე გეტყვით, რომ მთლიან სესხებში იპოთეკური სესხების წვლილი არ შეცვლილა.

სების ინფორმაციით, მცირედით შემცირდა სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი, თუმცა, მისივე შეფასებით, მაჩვენებელი კვლავ მაღალ დონეზეა. სამომხმარებლო სესხებმა მთლიან სესხებში 3.5%-იანი წვლილი შეიტანა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ივნისში საქართველოში სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები წინა თვესთან შედარებით 1%-ით შემცირდა და 13.1% შეადგინა. უფრო კონკრეტულად, ეროვნული ვალუტით სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.7%-ით, 15.9%-მდე შემცირდა. რაც შეეხება უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთს, ეს მაჩვენებელი უცვლელია და 9%-ის დონეზეა.