Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის ივნისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,363 ერთეული შეადგინა. ეს 2024 წლის ივნისთან შედარებით 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის პარალელურად, საანგარიშო პერიოდში, თბილისში საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 21.5%-ით, 253 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. „აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ გასული წლის ივნისში ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად, 21%-ით იყო შემცირებული“, – ნათქვამია Colliers Georgia-ს ანგარიშში.
Colliers Georgia ტრანზაქციების დეტალურ მიმოხილვასაც გვთავაზობს. მისი ცნობით, 2025 წლის ივნისში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 8.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. კომპანიის განმარტებით, ახალი პროექტების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა ძირითადად მეორეული ბაზრის ხარჯზე მოხდა.
რაც შეეხება ძველ პროექტებს, ამ შემთხვევაში გასული თვეებისგან განსხვავებით, ზრდის ტენდენცია აღინიშნა – 2024 წლის ივნისთან შედარებით მაჩვენებელი 16.6%-ით გაიზარდა. „ზრდის ეს ტრენდიც განპირობებულია გასული წლის ივნისში ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი კლებით“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
დაბოლოს, ფასები – მიმდინარე წლის ივნისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი, 2024 წლის ივნისთან შედარებით, 10.6%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 9.8%-ით – ქალაქის ცენტრში, ფართო ცენტრში კი 6.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.