ფოტო: Jaguar Land Rover Automotive Plc
Jaguar Land Rover-მა ნიუ-იორკში ახალი ელექტრომობილი Jaguar Type 01 წარადგინა, რომლითაც კომპანია აშშ-ის ბაზარზე ზრდის შესაძლებლობის გამოყენებასა და მაღალშემოსავლიან მომხმარებლებზე ფოკუსირებას აპირებს.
Type 01 ოთხკარიანი ელექტრო GT-ია, რომლის საწყისი ფასი $130,500 იქნება. ავტომობილს ძრავის გრძელი სახურავი, უკანა მინის არქონა და ტექნოლოგიების ფართო ნაკრები გამოარჩევს. ინდური Tata Motors-ის მფლობელობაში მყოფი ბრიტანული ავტომწარმოებლის განცხადებით, ახალი მოდელი „Jaguar-ის ავტომობილების ახალი თაობის დასაწყისსა და ტრანსფორმაციულ ახალ ეპოქას“ წარმოადგენს.

მაღალი ფასი კომპანიისთვის აშშ-ში გარკვეულწილად სარისკოა, რადგან ქვეყანაში ელექტრომობილების მიმართ ინტერესი ევროპასთან შედარებით დაბალია. მიუხედავად ამისა, Jaguar Land Rover-ი ამერიკელ მომხმარებელზე ფოკუსირების გაძლიერებას გეგმავს. ევროპული ავტოინდუსტრია, განსაკუთრებით ელექტრომობილების მიმართულებით, ჩინური ავტომობილების კონკურენციის, ტარიფების ზრდისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებული მიწოდების შეფერხებების ზეწოლის ქვეშაა.
Type 01-ის დიზაინი 1960-იანი წლების Jaguar E-type-ის სპორტულ ავტომობილებს ეხმიანება, რომლებიც კოლექციონერებში დღემდე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ახალი მოდელი კომპანიის მიერ 2024 წელს წარდგენილ Type 00-ის კონცეფციას მოჰყვა, რომელიც Jaguar-ის ბრენდის რელანჩის ნაწილი იყო და მკვეთრი ვარდისფერი დიზაინით გამოირჩეოდა.
Type 00-ის დიზაინმა და Jaguar-ის ბრენდის განახლებამ ავტომოყვარულებისა და ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.
ამასთან, Jaguar Land Rover-ი გასულ წელს მომხდარი კიბერთავდასხმის შედეგების დაძლევასაც ცდილობს, რომელმაც წარმოება შეაჩერა და მომწოდებლების საქმიანობაზეც იმოქმედა. კომპანიის გარდაქმნის გეგმის ფარგლებში, გასულ თვეში JLR-მა განაცხადა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში თანამშრომლების რაოდენობას თითქმის 10%-ით შეამცირებს, ძირითადად, ნებაყოფლობითი კომპენსირებული გათავისუფლებების გზით.
კომპანიამ ასევე აიღო ვალდებულება, მთელი სამოდელო ხაზი ელექტრომობილებზე გადაიყვანოს. თუმცა ავტომობილების ინდუსტრიის ზოგიერთი ხელმძღვანელი სკეპტიკურად არის განწყობილი იმის მიმართ, სურთ თუ არა მდიდარ მომხმარებლებს ელექტრომობილებზე გადასვლა.

ელექტრომობილების მიმართულების გაძლიერებას სხვა ძვირადღირებული ბრენდებიც ცდილობენ, თუმცა ეს დიდ გამოწვევადაც იქცა. Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი, რომელიც მან მიმდინარე წლის დასაწყისში წარადგინა, ავტომობილის დიზაინის გამო კრიტიკის საგანი გახდა. გასულ თვეში Bentley-მ პირველი ელექტრომობილი წარადგინა, რომელიც ბრენდის მოდელებს შორის შედარებით დაბალფასიან სეგმენტში განთავსდება.

ამავდროულად, Lamborghini-ს განცხადებით, ათწლეულის ბოლომდე სრულად ელექტრო მოდელის გამოშვებას არ გეგმავს, McLaren-მა კი გასულ თვეში განაცხადა, რომ ელექტრომობილზე გადასვლის გეგმები არ აქვს, რადგან მომხმარებლების მხრიდან ბენზინის ძრავებზე უარის თქმის სურვილი არ გამოთქმულა.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი












