ჯანდაცვის სექტორის ფინანსური მხარდამჭერი

ჯანდაცვის სექტორის ფინანსური მხარდამჭერი

საქართველოს ბანკი ჯანდაცვის სექტორის აქტიური ფინანსური მხარდამჭერია. ეს მიმდინარე წელს, ბანკის კორპორაციულ საბანკო მომსახურებაში ჯანდაცვის ცალკე მიმართულებად შექმნითაც გამოიხატა, რომელსაც სათავეში მიხეილ ნაკაშიძე ჩაუდგა. რა წილი უკავია ჯანდაცვის სექტორს საქართველოს ბანკის პორტფელში და რა ტენდენციებს ხედავენ ფინანსურ ინსტიტუტში ამ მიმართულებით, Forbes Georgia-ს შეკითხვებს მიხეილ ნაკაშიძემ უპასუხა.

ბატონო მიხეილ, საქართველოს ბანკმა ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერა პანდემიის დასაწყისშივე ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა. როგორ გამოიხატა ამ სექტორის დახმარება თქვენი მხრიდან რიცხვებში?

ჯანდაცვის სექტორი ქვეყანაში სტრატეგიული მნიშვნელობისაა. მე გუნდს 2021 წლის აპრილში, აჭარის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელის პოზიციიდან შემოვუერთდი, თუმცა ამ მიმართულებას პანდემიის პერიოდშიც ფინანსური რესურსით და საოპერაციო კუთხით აქტიურად ვუჭერდით მხარს. კერძოდ, სხვადასხვა ბიზნესს მხარდაჭერა სხვადასხვა მიზნობრიობით გამოვუცხადეთ. ეს იქნებოდა ლაბორატორიის მოწყობა, სავაჭრო ვალდებულებების დაფარვა, ლიკვიდობის მართვა თუ სხვა. ჯამში, პანდემიიდან დღემდე, ბანკის მხრიდან სექტორის გასაძლიერებლად ათეულობით მილიონი ლარის დაფინანსებაა მიმართული.

ჯანდაცვის სექტორი პანდემიის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი გამოდგა. როგორია თქვენი დაკვირვება ამ კუთხით? რა გავლენა იქონია ბოლო ორი წლის პროცესებმა სექტორზე?

პანდემიის პირობებში, გეგმური ოპერაციების შეზღუდული რაოდენობის მიუხედავად, სექტორის შემოსავლები გაიზარდა. ეს ალბათ ბუნებრივიცაა, ვინაიდან ჯანდაცვა პირველადი მოხმარების სერვისია და ზოგადად მდგრადია ეკონომიკური კრიზისების მიმართ, ამიტომაც ეს ზრდა მოულოდნელი არ იყო. მაგალითისთვის, სექტორის შემოსავალი 2020-ში 2019-თან შედარებით 5%-ით გაიზარდა. ამის მიუხედავად, 2020 წელი საკმაოდ რთული პერიოდი იყო ჯანდაცვის სექტორისთვის. ლარის დევალვაციამ, უნიფიცირებული ტარიფების შემოღებამ (N520 დადგენილება) და მომსახურების თვითღირებულების ზრდამ გააუარესა სექტორის მოგებიანობა და 2019-20 წლებში EBITDA მარჟა 17%-დან 14%-მდე გაუარესდა. ამასთან, გართულდა მოვლენების პროგნოზირება, რაც ბიზნესის განვითარებას აფერხებს.

საერთაშორისო ფონდ „კურაციოსა“ და „გალტ & თაგარტის“ კვლევის მიხედვით, ჯანდაცვის სექტორის ერთ-ერთ გამოწვევად ჭარბი საწოლფონდი და მისი არაეფექტიანად გამოყენება სახელდება, რაც სექტორის ფინანსურ მაჩვენებლებზე უარყოფითად აისახება. რა სიგნალს აძლევს ეს ბანკს, როგორც ფინანსურ მხარდამჭერს?

ჭარბი საწარმოო სიმძლავრეები ამ სექტორში ნამდვილად ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა, განსაკუთრებით, თუ საქართველოს მსგავსი ქვეყნების მაჩვენებლებს შევადარებთ. თვალსაჩინოებისთვის, საწოლების დატვირთვის მაჩვენებელი საქართველოში, ბოლო მონაცემებით, 52%-ია, რაც ევროპის (77%) და CIS ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (84%) მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. ეს ცხადყოფს, რომ ამ მხრივ, სექტორი ნაკლებად ეფექტიანია, რაც ფინანსურ ინდიკატორებზეც უარყოფითად მოქმედებს. ამასთან, ფრაგმენტულობაც მკაფიოა სექტორში, რაც გამოიხატება იმაში, რომ დაწესებულებების 60% ჰოსპიტალიზაციების მხოლოდ 11%-ს იკავებს, და საავადმყოფოების საშუალო ზომა საწოლფონდის მიხედვით, OECD ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე 3-ჯერ ნაკლებია. შესაბამისად, საქართველოს ბანკი მოწადინებულია, სექტორის განვითარებასა და გაძლიერებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ასეთი ფრაგმენტულობის პირობებში, დამატებითი საავადმყოფოების მკვეთრი საჭიროება ქვეყანაში არ დგას, გარდა კონკრეტული გეოგრაფიისა ან პროფილური დაწესებულებებისა. მოსალოდნელია, რომ სექტორში ვიხილოთ შედარებით პატარა მოთამაშეების შერწყმა, ან მათი შეძენა მსხვილი დაწესებულებების მიერ, რაც ჯანდაცვის სექტორის ეფექტიანობას გაზრდის. საქართველოს ბანკიც ცდილობს, კომპანიებს სწორედ ამ მიმართულებით დაეხმაროს  და სექტორის კონსოლიდაციასა და ქსელის ოპტიმიზაციას შეუწყოს ხელი.

ამავე კვლევის მიხედვით, ჯანდაცვის სექტორის მოგებიანობის მაჩვენებლები 2015 წლიდან უარესდება. ამასთან, სახელმწიფო დავალიანება კომპანიების მიმართ აუარესებს სექტორის ლიკვიდობას, რის დასაბალანსებლადაც სამედიცინო დაწესებულებები სასესხო ვალდებულებებს ზრდიან. კერძოდ, სექტორის სესხი/EBITDA კოეფიციენტი 2015-2019 წლებში 3-ჯერ გაიზარდა. რა ტენდენციას ხედავთ ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ კუთხით?

ბოლო წლებში სექტორის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესებას საჭიროებს. სექტორის საბანკო ვალდებულება/EBITDA ზრდა გამოწვეულია როგორც ლარის დევალვაციით, ასევე მოგებიანობის გაუარესებით. დღეს ჯანდაცვის სექტორში ეს კოეფიციენტი დაახლოებით 3.2-ს უდრის, რაც უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის განვითარებად ქვეყნებში (3.7). ამასთან, კომპანიებს შორის ვალდებულების დონე განსხვავდება: დიდ კომპანიებს, პატარა დაწესებულებებთან შედარებით,  უფრო მეტი ვალდებულება აქვთ, შესაბამისად, ფინანსურ მხარდაჭერაზე მოთხოვნა არსებობს. საქართველოს ბანკი ამ საჭიროებებს ბიზნესებისა და ინდივიდუალური  პროექტების დონეზე განიხილავს.

ჯანდაცვის სექტორის საბანკო ვალდებულებების 62% დენომინირებულია უცხოურ ვალუტაში, რაც ლარის გაუფასურების პირობებში დამატებითი ტვირთია. თქვენთან როგორია სტატისტიკა ლარსა და დოლარში კონკრეტულად ამ სექტორისთვის გაცემული სესხების მხრივ?

საქართველოს ბანკის პორტფელიც 60%/40% პროპორციითაა განაწილებული, თუმცა – ლარში დენომინირებული კრედიტების სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, ლარის ვოლატილურობის პირობებში, დიდი სასესხო ტვირთი უცხოურ ვალუტაში გამოწვევაა, ვინაიდან აღნიშნულ სექტორში ხარჯების დაახლოებით 40% უცხოურ ვალუტაშია, და ფიქსირებული სახელმწიფო ტარიფები სინქრონულად და პირდაპირპროპორციულად არ მიჰყვება ხარჯების ზრდის დინამიკას. როდესაც შემოსავლები ლარშია, ხარჯები კი დოლარში, უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხები დამატებით ტვირთად აწვება კომპანიებს.

ჯანდაცვის სფეროს ფინანსური სტაბილურობისა და რისკების შეფასებისას, ფონდმა „კურაციომ“ მოსალოდნელ რისკებად სამედიცინო კომპანიების გაკოტრება და გადაუხდელი საბანკო, სავაჭრო და სახელფასო ვალდებულებები დაასახელა. როგორ ცვლის ეს სექტორის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებებს თქვენი მხრიდან?

რაც შეეხება გაკოტრებას, ეს ალბათ ყველაზე ექსტრემალური სცენარია. პრობლემური ვალდებულებების დონე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ამ სექტორში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სექტორი საბანკო ვალდებულებებს ამ ეტაპზე უპრობლემოდ ემსახურება. ეს რამდენიმე მიზეზით შეიძლება ავხსნათ, მათ შორის სექტორის მდგრადობით კრიზისების მიმართ და სახელმწიფო დანახარჯების დიდი წილით სხვა სექტორების ფონზე. ეს ყველაფერი ამ მიმართულებაში შედარებით დაბალ საკრედიტო რისკებს განაპირობებს.  აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ბანკს ჰქონდა და აქვს პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების პოლიტიკა, და ეს მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება. როდესაც დაფინანსების გადაწყვეტილებას ვიღებთ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ როგორც მაკროეკონომიკურ სურათს, ასევე სექტორში მიმდინარე მოვლენებს და კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებს, შესაბამისად, მინიმუმამდე დაგვყავს კომპანიების გაკოტრების რისკი. ლიკვიდურობის მენეჯმენტის კუთხით ვცდილობთ, კომპანიებს უფრო აქტიურად დავეხმაროთ და მათ საჭიროებებზე მორგებულ საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტები  შევთავაზოთ. პარტნიორ ბიზნესებსაც მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ ბანკისგან – ვერგებით მათ ფინანსურ მდგომარეობას და მოქნილ გადაწყვეტილებებს ვთავაზობთ. ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნე, ამ სექტორში სწრაფი გადაწყვეტილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომაც ვცდილობთ, რომ ეს ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს.

2020 წლის მონაცემებით, ჯანდაცვის სექტორი 3.8%-იანი წილით მეექვსე უმსხვილესი სექტორი იყო საბანკო პორტფელში. რამდენად პრიორიტეტულია სექტორი საქართველოს ბანკისთვის?

საქართველოს ბანკის კორპორაციულ პორტფელში ეს სექტორი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულებაა, რომელიც მხარდაჭერას საჭიროებს. საქართველოს ბანკში ზრდის პოტენციალს ვხედავთ და არ ვჩერდებით. უფრო მეტიც, ის ცალკე სექტორადაც გამოვყავით, რომელზეც გამოცდილი გუნდი მუშაობს. ვიდრე ამ პოზიციას დავიკავებდი, ჯანდაცვა ცალკე მიმართულებად არ იყო გამოყოფილი. ბანკის ეს გადაწყვეტილება განაპირობა იმან, რომ ამ სექტორში კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შექმნა გვსურს, რათა კომპანიებს მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები და სწრაფი გადაწყვეტილებები შევთავაზოთ.

საქართველოს სამედიცინო სექტორის რამდენიმე მიმართულებით მაღალი ხარისხის მომსახურება დეფიციტურია და პაციენტები სხვა ქვეყნებში, მაგალითად, თურქეთში მიდიან. ასეთი მიმართულებებიაონკოლოგია, ტრანსპლანტაციები და სხვა. არის თუ არა ეს სექტორის წარმომადგენლების მხრიდან ფინანსებზე წვდომის ნაკლებობის შედეგი? და ზოგადად, რა გამოწვევას და ასევე რა გამოსავალს ხედავთ ამ მიმართულებით?

მართალია. კაპიტალის ბაზრები საქართველოში განვითარებული არ არის და დაფინანსების წყარო მეტწილად საბანკო სესხი ან ინვესტორის კაპიტალია. ამის მიუხედავად, ფინანსური მომსახურების ხელმისაწვდომობით საქართველო 190 ქვეყნიდან მე-19  ადგილს იკავებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2019 წლის ფინანსური განვითარების ინდექსის მიხედვით. ზემოაღნიშნული სერვისების სიმცირე, მიმაჩნია, საქართველოში ფინანსებზე წვდომის ნაკლებობით გამოწვეული არაა. ამასთან, ვფიქრობ, რომ სექტორში კვალიფიციური კადრების ზრდა და ხარისხის გაუმჯობესებაა საჭირო. ქართველი პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებს ქვეყნის გარეთ უკეთესი ხარისხის მოლოდინით მიმართავენ. სამედიცინო მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად შეგვიძლია, ერთი მხრივ, სამედიცინო განათლების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ და მეორე მხრივ, საჭიროა ინვესტირება ტექნოლოგიებში. სწორედ ამ დეფიციტური სერვისების განვითარება და მისაღებ ფასად მიწოდება წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს შესაძლებლობას, რომ სექტორი კიდევ უფრო გაიზარდოს და ფინანსურად სტაბილური იყოს, და ასევე, არ მოხდეს პაციენტის ქვეყნიდან გადინება. პირიქით, ჩვენ აქ სამედიცინო ტურიზმის განვითარების პოტენციალსაც ვხედავთ.

რა შეთავაზებებს უნდა ელოდოს ჯანდაცვის სექტორის მოთამაშეები საქართველოს ბანკისგან? იცვლება თუ არა თქვენი პოლიტიკა? რა გეგმები გაქვთ 2022 წლისთვის ამ კუთხით?

საქართველოს ბანკს არც პანდემიის დაწყებისას შეუწყვეტია სექტორის დაფინანსება და მომავალშიც გავაგრძელებთ ბიზნესებზე მორგებული როგორც საკრედიტო, ასევე არასაკრედიტო/საოპერაციო პროდუქტების შეთავაზებას. დაგეგმილი გვაქვს ბანკის პორტფელის ზრდა ჯანდაცვის სექტორში და აქტიურად გავაგრძელებთ სექტორის ფინანსურ მხარდაჭერას. დაწესებულებებს ვთავაზობთ მოკლევადიან საკრედიტო პროდუქტებს, რაც მათ ლიკვიდობის მართვაში დაეხმარება, გავაგრძელებთ ისეთი გრძელვადიანი ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზებას, როგორიცაა სესხი და ა.შ. და, რა თქმა უნდა, ახალი პროექტების მხარდაჭერას მათ საჭიროებებზე მორგებული პირობებით. საქართველოს ბანკი, როგორც ერთგული პარტნიორი, მუდმივად მზადაა, მხარში დაუდგეს ბიზნესს სამომავლო განვითარებისთვის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *