ქართული სამედიცინო აპლიკაცია „მედიკი“ 39 000-მდე რეგისტრირებულ მომხმარებელს უადვილებს ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ჯანდაცვის სერვისების გაციფრულების გლობალური ტრენდის ფონზე, სტარტაპის დამფუძნებელი, ლაშა მურჯიკნელი გეგმავს, აპლიკაცია განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანოს.
„ახლა რომ გითხრა, 4 წლის წინ გაკეთებული ანალიზის პასუხი მაჩვენე-მეთქი, რამდენ ხანში მაჩვენებ?” – მეკითხება ლაშა მურჯიკნელი, სამედიცინო აპლიკაცია „მედიკის“ დამფუძნებელი. კითხვა მიბიძგებს, გონებით კარადაში შენახულ ყუთში გადავინაცვლო, სადაც ჩემი სამედიცინო ისტორიის ამსახველი ფურცლები ფინანსურ დოკუმენტებთან, ვადაგასულ გარანტიებთან და სხვა ქაღალდებთან ერთად ინახება. სხვადასხვა ადგილას გაფანტული სამედიცინო მონაცემები და ჯანდაცვის სისტემასთან თუნდაც ხანმოკლე შეხებისას წარმოქმნილი დისკომფორტი უამრავი ადამიანისათვის ჩვეული მოცემულობაა. „მედიკს“ ამ რეალობის შეცვლა სურს.
ლაშა მურჯიკნელი 33 წლისაა. სანამ საკუთარ სტარტაპს შექმნიდა, წლების განმავლობაში ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობდა. ფინანსური სფეროსთვის დამახასიათებელმა მონოტონურობამ და შეზღუდვებმა უბიძგა, ბოლოს და ბოლოს ტექნოლოგიებით მრავალწლიანი დაინტერესებისათვის სათანადო ყურადღება დაეთმო. „მედიკის“ შექმნის იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა ხანდაზმული ბებია-ბაბუის ანალიზების პასუხების წამოსაღებად ლაბორატორიაში განმეორებადმა ვიზიტებმა და „კონვერტებით აქეთ-იქით სირბილმა” დაღალა.
აპლიკაციის ისტორია ოფიციალურად 2020 წლის მარტში დაიწყო. მაშინ „მედიკს“ მკაფიოდ ჩამოყალიბებული მისია ჰქონდა: მომხმარებლებს საკუთარი სრული სამედიცინო ისტორიის ნახვა სმარტფონში შესძლებოდათ. მოგვიანებით ხედვა გაფართოვდა და მიზნად ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამარტივება იქცა. სტარტაპის იდეა მთლიანად გამჭვირვალე და კომფორტული სერვისის მიწოდებაზეა აწყობილი. აპი მომხმარებლებს, ანუ პაციენტებს ჯავშნების მართვის, ვიზიტის საფასურის წინასწარ დაფარვის, სამედიცინო ჩანაწერების შენახვის, შედეგების ვიზუალიზაციისა და ექიმების შეფასების ფუნქციებს სთავაზობს. ამას ემატება მოახლოებული ვიზიტების შესახებ SMS- და Push-შეტყობინებები და მყისიერად ასახული დანიშნულებები.
დაარსებიდან დღემდე სამედიცინო აპლიკაციამ 16 კლინიკის ინტეგრაცია შეძლო. დარეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა 39 000-ს აღწევს და ეს მაჩვენებელი თვიდან თვემდე 10%-ით იზრდება. ლაშას ხელმძღვანელობით „მედიკმა“ ათზე მეტი ანგელოზი ინვესტორისაგან მოიზიდა დაფინანსება. აპლიკაციამ 2022 წელს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსგან (GITA) 150 000-ლარიანი გრანტიც მოიპოვა.
საქართველოში „მედიკს“ რამდენიმე კონკურენტი ჰყავს, თუმცა „მედიკმა“ შეძლო ის, რაც მათ არ გამოუვიდათ: ერთ სივრცეში გააერთიანა ერთმანეთის კონკურენტი სამედიცინო თუ სტომატოლოგიური კლინიკები.
ციფრული ჯანმრთელობის სფეროს ზრდა გლობალური ფენომენია. COVID-19-ის პანდემიამ ჯანდაცვის სერვისების გაციფრულება მნიშვნელოვნად ააჩქარა. სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგის მოწყობილობები, ტელემედიცინის პლატფორმები — ტექნოლოგია ჯანდაცვის სფეროს თითოეულ რგოლს სწრაფი ტემპით ცვლის. ექსპერტების გათვლით, ციფრული ჯანდაცვის მსოფლიო ბაზრის მოცულობა 2025 წლისთვის 500 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
ისეთმა აპლიკაციებმა, როგორიცაა Doctolib-ი, eMed-ი, Zocdoc-ი და Mychart-ი, დასავლეთის ქვეყნებში უკვე შექმნეს ციფრული ჯანდაცვის წარმატებული პროდუქტების პრეცედენტი. მათი გამოყენებით შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად დაუკავშირდე მსოფლიოს წამყვან ექიმებს. ეს ტექნოლოგიური ტრენდი „მედიკის“ მსგავსი სტარტაპებისათვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის.
ლაშა მურჯიკნელის აზრით, აპლიკაციის განვითარების შემდეგი ეტაპი საქართველოს საზღვრებს გარეთ გასვლაა. რეგიონის ჯანდაცვის ტექნოლოგიური ეკოსისტემა უკვე მომწიფებულია ტრანსფორმაციისათვის. საკუთარი კალენდრით, ინტეგრაციის სიმარტივისა და პაციენტზე ორიენტირებული სტრატეგიის დამსახურებით, „მედიკს“ შეუძლია, მეზობელ (და არა მხოლოდ მეზობელ) ქვეყნებში ანგარიშგასაწევ მოთამაშედ იქცეს. „აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდავეთი, უკრაინა, ყაზახეთი, უზბეკეთი — საკმაოდ დიდი ბაზარია, რომელიც გლობალური მოთამაშეებისათვის ჯერ კიდევ ხელუხლებელია”, — ამბობს ის. ამ ბაზრის მოცულობა 200 მილიარდი აშშ დოლარია.
კავკასიის სამედიცინო სტარტაპების ლანდშაფტიჯანდაცვის სტარტაპ-ეკოსისტემა კავკასიაში ჯერ კიდევ ჩანასახის ეტაპზეა, მაგრამ დამაიმედებლად გამოიყურება. ტექნოლოგიური პროგრესის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორები საშუალო ფენისა და სმარტფონებზე ხელმისაწვდომობის ზრდაა. მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, რეგიონში სწრაფად იმატებს ჯანდაცვის სფეროში ინოვაციური გადაწყვეტების რაოდენობა: ტელემედიცინის სტარტაპები, ელექტრონული ჩანაწერების სისტემები და სხვა. თუმცა მსოფლიო ბანკი აღნიშნავს იმასაც, რომ ჯანდაცვის სფეროს გაციფრულება კიდევ უფრო სწრაფად მოხდებოდა, რომ არა დაფინანსების სიმწირე, სახელმწიფო რეგულაციები და ჯანდაცვის სისტემების დანაწევრებული ხასიათი. |
ლაშას პროფესიონალური და პერსონალური ფილოსოფია ინოვაციისკენ სწრაფვისა და შეუპოვრობის იდეებზეა აგებული. როგორც სამეცნიერო ფანტასტიკის გულმხურვალე მკითხველსა და მაყურებელს შეეფერება, ტექნოლოგიების ტრანსფორმაციულ ძალაში აბსოლუტურად დარწმუნებულია. შთაგონებას იმ ადამიანების მოსმენაში პოულობს, რომლებმაც დაუღალავი მუშაობის შედეგად საკუთარი სტარტაპები მანამდე წარმოუდგენელ სიმაღლეებამდე აიყვანეს. მის იდეალურ სცენარში „მედიკი“ ბევრად მეტია, ვიდრე სამედიცინო ჩანაწერების მართვისა და ვიზიტების დაჯავშნის ინსტრუმენტი: აპლიკაციაში ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მომავალში სამედიცინო რისკის გასაანალიზებლად და მომხმარებლებისათვის პერსონალიზებული რეკომენდაციების მოსამზადებლად შეიძლება.
ამბიციური გეგმის თანახმად, „მედიკის“ დახმარებით ჯანმრთელობაზე ზრუნვა ისეთივე მარტივი უნდა გახდეს, როგორიც საჭმლის გამოძახებაა — ჯანმრთელობის მიტანის სერვისი.
ეს მომავალი შეიძლება არც ისე შორს იყოს. მალე ჯანმრთელობაზე ზრუნვა გეოგრაფიული საზღვრებით აღარ იქნება შეზღუდული და პაციენტებს შეეძლებათ, უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან მიიღონ. საქართველოს სამედიცინო ეკოსისტემისათვის დიდი გარღვევა ჯერ კიდევ წინაა. „მედიკს“ სურს, ჯანდაცვის სისტემის მოდერნიზაციისა და დემოკრატიზაციის მამოძრავებელი ძალა გახდეს.
დაბრკოლებები და მათი გადალახვის დამღლელი პროცესი ნებისმიერი სტარტაპის სასიცოცხლო ციკლის ნაწილია. ამ კუთხით არც „მედიკია“ გამონაკლისი. დაფინანსების უზრუნველყოფა და ფართო აუდიტორიამდე ხმის მიწვდენა მიმდინარე გამოწვევებად რჩება, თუმცა საინვესტიციო სფეროში შეძენილი გამოცდილება ლაშას რთულ მომენტებში დიდი სურათის დანახვაში ეხმარება: „როდესაც საკმარისად მზად ხარ, შესაძლებლობაც ჩნდება”.
„მედიკის“ დამფუძნებლისთვის აპის ფინანსური წარმატება, ცხადია, მნიშვნელოვანი მოტივაციაა, თუმცა, მისი აზრით, მხოლოდ ამ ასპექტზე კონცენტრირებამ შესაძლოა სტარტაპის განვითარების გზაზე ფოკუსი დაგაკარგვინოს. „ბევრ ფინანსურად წარმატებულ ადამიანს ვიცნობ, ყველაზე წარმატებულებისთვის მატერიალური ნივთები მეორეხარისხოვანია. ემოცია და იმის შეგრძნება, რომ რაღაც ღირებულს აკეთებ — ეს არის ყველაფერი”.