ჯანეტ იელენი: რეცესია გარდაუვალი არ არის, თუმცა ინფლაცია წლის ბოლომდე მაღალ ნიშნულზე იქნება

ჯანეტ იელენი: რეცესია გარდაუვალი არ არის, თუმცა ინფლაცია წლის ბოლომდე მაღალ ნიშნულზე იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელის, ჯანეტ იელენის განცხადებით, აშშ-ში „მიუღებლად მაღალი“ ინფლაციის დონე, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე შენარჩუნება. ამის საპასუხოდ კი ფედერალური რეზერვი მონეტარულ პოლიტიკას ეტაპობრივად გაამკაცრებს, თუმცა ეს არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ეკონომიკა კრიტიკულად შენელება და ქვეყანაში რეცესია განვითარდება.

„მიმდინარე წლის განმავლობაში საკმაოდ მაღალი ინფლაცია გვქონდა და ვვარაუდობთ, რომ ფასების ზრდის მაღალი დონე წლის ბოლომდე შენარჩუნდება. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე, მოველი, რომ ეკონომიკა შენელდება, თუმცა არ ვფიქრობ, რომ რეცესია გარდაუვალია“, – განაცხადა იელენმა.

ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელის განმარტებით, 8.6%-იანი ინფლაცია არა ადგილობრივი, არამედ გლობალური ფაქტორებითაა განპირობებული. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი მსოფლიოს მასშტაბით სურსათისა და ენერგორესურსების მკვეთრი გაძვირებაა.

ABC-სთან ინტერვიუში იელენმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავარი პრობლემა ამჟამად ინფლაციაა, რომლის გადაჭრასაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ფედერალური ხაზინა და რეზერვი ერთიანი ძალებით ცდილობენ.

მიუხედავად მკვეთრად გაზრდილი ფასებისა, იელენი ფიქრობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა კარგ მდგომარეობაშია, რადგან უმუშევრობის დონე 3.6%-იან ნიშნულამდეა შემცირებული; ახალი ბიზნესები იქმნება; მოსახლეობის დანაზოგები და ხარჯები კი ოპტიმალურ ზონაშია.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ეკონომისტთა 44% მიიჩნევს, რომ წელს აშშ-ის ეკონომიკა რეცესიაში გადაეშვება, რაც მაღალი ინფლაციითა და მის საპასუხოდ FED-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდით იქნება განპირობებული.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას FED-მა მონეტარული პოლიტიკა 75 საბაზო პუნქტით გაამკაცრა, წლის ბოლომდე კი ოთხი მსგავსი ინტერვენციაა პროგნოზირებული.