ჯეიმს ვების ტელესკოპზე შეკითხვა Google-ს $100 მილიარდი დაუჯდა

ჯეიმს ვების ტელესკოპზე შეკითხვა Google-ს $100 მილიარდი დაუჯდა

ცოტა ხნის წინ, Google-მა OpenAI-სა და Microsoft-ის თანამშრომლობით შექმნილი ხელოვნური ინტელექტის, ChatGPT-ის კონკურენტი, Bard-ი წარადგინა, თუმცა მისი დებიუტი არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. ჩატბოტმა NASA-ს ჯეიმს ვების ტელესკოპის შესახებ დასმულ შეკითხვას არასწორად უპასუხა, რამაც Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის საბაზრო ღირებულების მკვეთრი კლება გამოიწვია.

კერძოდ კი, Bard-ს ჰკითხეს, ჯეიმს ვების ტელესკოპის რომელ ახალ აღმოჩენებზე შეიძლება ვუამბოთ 9 წლის ბავშვს. ხელოვნურმა ინტელექტმა შეკითხვაზე ორი სწორი პასუხი გასცა გალაქტიკებთან დაკავშირებით, თუმცა ჩატბოტის მიერ გაზიარებული მესამე ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდა. Bard-მა აღნიშნა, რომ ჯეიმს ვების ტელესკოპმა ჩვენი მზის სისტემის გარეთ მდებარე პლანეტის/ეგზოპლანეტის პირველი ფოტო მოიპოვა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, Webb-ი კოსმოსში 2021 წლის დეკემბერში გაუშვეს. მან სამეცნიერო მასალის მოპოვება 2022 წლის ივლისში დაიწყო და არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა, თუმცა ჩვენი მზის სისტემის გარეთ მდებარე ეგზოპლანეტის პირველი გამოსახულება, NASA-ს ცნობით, ჯერ კიდევ 2004 წელს, დედამიწაზე განლაგებულმა Very Large Telescope-მა მოიპოვა. ტელესკოპის ობიექტივში ეგზოპლანეტა 2M1207b მოხვდა.

Bard-ის მიერ შეკითხვაზე არასწორად გაცემული პასუხი Alphabet-ს საკმაოდ ძვირი დაუჯდა. Reuters-ის ინფორმაციით, ოთხშაბათს კომპანიამ $100 მილიარდის საბაზრო ღირებულება დაკარგა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *