ჯენსენ ჰუანგის სკანდალის ქრონოლოგია

ჯენსენ ჰუანგის სკანდალის ქრონოლოგია

ფოტო: Jose Sarmento Matos/Bloomberg

 

Nvidia-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა, თანამდებობა 12 ნოემბერს, პირადი ურთიერთობების გარშემო ატეხილი სკანდალის ფონზე დატოვა. საქმე ეხება რამდენიმე სავარაუდო რომანს, მათ შორის ურთიერთობას ქალთან, რომელზეც აშშ-ის ხელისუფლება ეჭვობს, რომ ჩინეთის სადაზვერვო სტრუქტურებთან ჰქონდა კავშირი. სკანდალს კომპანიის აქციების ფასის მკვეთრი ვარდნა, ჰუანგის ქონების მილიარდობით დოლარით შემცირება, კონგრესის მხრიდან გამოძიების გააქტიურება და, საბოლოოდ, Nvidia-ს ხელმძღვანელის გადადგომა მოჰყვა.

ჰუანგი, რომელიც კომპანიას 33 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მერვე ადგილიდან მე-13 პოზიციაზე ჩამოქვეითდა. Forbes-ის შეფასებით, 13 ნოემბერს მისი ქონება $144.7 მილიარდს შეადგენს. ამასთან, Nvidia-ს ხელმძღვანელის წასვლამ შესაძლოა გავლენა იქონიოს არა მხოლოდ თავად კომპანიაზე, არამედ ხელოვნური ინტელექტის გლობალურ ინდუსტრიაზეც.

Forbes-მა Nvidia-ში და ჯენსენ ჰუანგის გარშემო განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია შემოგვთავაზა.

მოვლენების ქრონოლოგია

2023 წლის დეკემბერი – The New York Times-ის ინფორმაციით, ჯენსენ ჰუანგი და ელის პირველად 2023 წლის დეკემბერში სინგაპურში, კოლეგებთან ერთად გამართულ ვახშამზე შენიშნეს. გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიცნეს ერთმანეთი და როდის დაიწყო მათი ურთიერთობა.

2024 წლის ბოლო – აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ სინგაპურში დაფუძნებული მონაცემთა ცენტრების კომპანიის, Megaspeed-ის, საქმიანობის გამოძიება დაიწყო. The New York Times-ის ინფორმაციით, 2025 წელს საქმე ვაჭრობის დეპარტამენტიდან იუსტიციის დეპარტამენტს გადაეცა. გამოძიების ფარგლებში გაჩნდა ეჭვი, რომ ელის ჰუანგი შესაძლოა ჩინეთს მოწინავე AI-ჩიპებზე წვდომის მოპოვებასა და სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებაში ეხმარებოდა.

2025 წლის ოქტომბერი – გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პირველად მიაწოდეს ინფორმაცია ჰუანგის სოციალურ კავშირზე ელის ჰუანგთან და იმის შესახებ, რომ ქალი შესაძლოა ჩინეთის სადაზვერვო აგენტი ყოფილიყო. თუმცა, The New York Times-ის ცნობით, პრეზიდენტს ამ ინფორმაციის შემდეგ დამატებითი ზომები არ მიუღია.

2026 წლის 29 ოქტომბერი – The New York Times-მა პირველად გაავრცელა ინფორმაცია ჯენსენ ჰუანგისა და ელის ჰუანგის ახლო ურთიერთობის შესახებ. ელის ჰუანგი მონაცემთა ცენტრების კომპანია Megaspeed-ის ხელმძღვანელი იყო. გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის ოფიციალური პირები მიიჩნევდნენ, რომ ის ჩინეთის სადაზვერვო აქტივი იყო და პეკინს ინფორმაციას აწვდიდა. თავდაპირველ სტატიაში მათი ურთიერთობა რომანტიკულად არ იყო შეფასებული.

2026 წლის 5 ნოემბერი – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა, მათ შორის კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯონ მულენარმა, ჰუანგს ოფიციალური წერილით მიმართეს და ელის ჰუანგთან ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვეს. კანონმდებლების შეფასებით, გავრცელებული ცნობები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის აშშ-ის ტექნოლოგიებსა და მგრძნობიარე ინფორმაციაზე წვდომის შესაძლო რისკს ქმნიდა.

2026 წლის 8 ნოემბერი – Nvidia-ს დირექტორთა საბჭომ განაცხადა, რომ იკვლევდა, ხომ არ იყო ჰუანგი უცხოური სადაზვერვო ოპერაციის სამიზნე. გადაწყვეტილება The New York Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა.

იმავე დღეს ჰუანგმა თანამშრომლებს წერილით დაუდასტურა, რომ მეუღლეს მართლაც უღალატა. მან გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და თანამშრომლებს განუცხადა, რომ Nvidia-ს ერთგული რჩებოდა და მათი ნდობის დაბრუნებას შეეცდებოდა.

2026 წლის 9 ნოემბერი – სკანდალის ფონზე ჰუანგმა კვირისთვის დაგეგმილი რამდენიმე საჯარო გამოსვლა გააუქმა. TechCrunch-ის ინფორმაციით, მან უარი თქვა ElevenLabs Summit-სა და Anthropic CEO Forum-ში მონაწილეობაზე.

ამავე დღეს Nvidia-ს აქციების ფასი წინასაბაზრო ვაჭრობისას 7%-ით დაეცა, ხოლო საფონდო ბირჟის გახსნის შემდეგ ვარდნამ 7%-საც გადააჭარბა. ჰუანგის ქონება ვაჭრობის პირველი ნახევარი საათის განმავლობაში $7.4 მილიარდით შემცირდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ათეულსაც გამოეთიშა, თუმცა აქციების ფასის ნაწილობრივმა აღდგენამ მისი პოზიცია დროებით გააუმჯობესა.

2026 წლის 10 ნოემბერი – Nvidia-ს აქციების ფასის ვარდნის შედეგად ჰუანგმა Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ათეულში ადგილი დაკარგა. ის რეიტინგში უორენ ბაფეტსა და ლარი ელისონზე ქვემოთ აღმოჩნდა.

2026 წლის 11 ნოემბერი – The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია ჰუანგის სავარაუდო მეორე რომანის შესახებ. გამოცემის ცნობით, მას ურთიერთობა ჰქონდა Nvidia-ს ჯანდაცვის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტთან, კიმბერლი პაუელთან. ჰუანგს ეს ინფორმაცია საჯაროდ არ დაუდასტურებია. გამოცემის ჟურნალისტის კითხვაზე მან უპასუხა: „არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე უშუალოდ ჩემთან უნდა საუბრობდეთ“.

ამავე დღეს აშშ-ის კონგრესმა ჰუანგის საქმიანობისა და ელის ჰუანგთან მისი კავშირის შესწავლა აქტიურად დაიწყო. წარმომადგენელთა პალატის ჩინეთის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯონ მულენარმა, Fox Business-ს განუცხადა, რომ ჰუანგს კანონმდებლების წერილზე პასუხის გასაცემად ოთხშაბათის ბოლომდე ჰქონდა ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ის შესაძლოა სასამართლო უწყებით გამოეძახებინათ.

მეორე სავარაუდო რომანის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ Nvidia-ს დირექტორთა საბჭო ჰუანგის თანამდებობიდან გადაყენებას განიხილავდა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, საბჭოს გადაწყვეტილება აღმასრულებელი დირექტორის მომავალთან დაკავშირებით შესაძლოა ოთხშაბათს საღამოს მიეღო.

2026 წლის 12 ნოემბერი – ოთხშაბათს საღამოს გამართული შეხვედრის შემდეგ, Nvidia-ს დირექტორთა საბჭომ ხუთშაბათს დილით ჰუანგის დაუყოვნებლივ გადადგომის შესახებ განაცხადა. მან დატოვა როგორც პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის, ისე დირექტორთა საბჭოს წევრის პოზიციები. კომპანიის დროებით აღმასრულებელ დირექტორად კოლეტ კრესი დაინიშნა, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ კი ჰარვი ჯოუნსი.

ჰუანგს გადადგომასთან დაკავშირებით საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. The New York Times-ის ინფორმაციით, მან იურიდიული მომსახურებისთვის საადვოკატო კომპანია Paul Weiss-ის იურისტები დაიქირავა.

იმავე დღეს, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია ჰუანგის კიდევ ერთი სავარაუდო რომანის შესახებ, ამჯერად Nvidia-ს მეორე თანამშრომელთან. ამ ცნობით, კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელის სავარაუდო რომანების რაოდენობა სამამდე გაიზარდა.

სკანდალისა და გადადგომის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Nvidia-ს აქციების ფასის ვარდნამ ჰუანგის ქონებაზეც იმოქმედა. Forbes-ის შეფასებით, საფონდო ბირჟის გახსნისას მისი ქონება დაახლოებით 10%-ით, $151 მილიარდიდან $135 მილიარდამდე შემცირდა. მოგვიანებით აქციების ფასის ნაწილობრივი აღდგენის შედეგად, Forbes-ის რეალურ დროში განახლებადი შეფასებით, 12:45 საათისთვის (აშშ-ის აღმოსავლეთის დროით) ჰუანგის ქონებამ $142.9 მილიარდი შეადგინა. ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მე-13 ადგილზე დარჩა.

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ჰუანგის წასვლას Nvidia-ზე?

ჰუანგის გადადგომას ტექნოლოგიურ სექტორზე შესაძლოა გაცილებით უფრო დიდი გავლენა ჰქონდეს, ვიდრე მხოლოდ კომპანიის ხელმძღვანელობის ცვლილებაა. ტექნოლოგიური სფეროს ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ ჰუანგის წასვლის შემთხვევაში Nvidia-ს საბაზრო ღირებულება შესაძლოა 25-30%-ით შემცირდეს.

მათი შეფასებით, ხელმძღვანელის წასვლა კომპანიის სამომავლო მიმართულებას შეცვლიდა და ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი გრაფიკული პროცესორების ბაზარზე, როგორც აშშ-ში, ისე გლობალურად, კონკურენტულ გარემოს არსებითად გარდაქმნიდა.

Reuters-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსებიც მიიჩნევენ, რომ ჰუანგის წასვლა ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაზე უფრო დიდი გავლენას მოახდენს. Nvidia-მ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები ჩადო სხვა AI-კომპანიებში, რომელთა მდგომარეობაზეც შესაძლოა უარყოფითად აისახოს თავად Nvidia-ს პოზიციების შესუსტება.

საინვესტიციო კომპანია ClearBridge Investments-ის პორტფელის მენეჯერმა მაიკლ ფელდმენმა Reuters-თან ჰუანგს „განსაკუთრებულად რთული სისტემის მთავარი დირიჟორი“ უწოდა.

ამასთან, მოსალოდნელია, რომ კონგრესის მხრიდან Nvidia-სა და ჰუანგის საქმიანობის შესწავლა კიდევ უფრო გააქტიურდეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მომდევნო წელს კონგრესზე კონტროლს დემოკრატები მოიპოვებენ. სენატორების ნაწილის აზრით, ჰუანგის გადადგომა მას, კომპანიის სხვა ხელმძღვანელებსა და თავად Nvidia-ს ეროვნული უსაფრთხოების შესაძლო რისკებისა და კანონმდებლობის დარღვევისთვის პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

რა ბედი ელის ჰუანგის მილიარდობით დოლარს?

Forbes-ის შეფასებით, ჰუანგის ქონების ძირითადი ნაწილი Nvidia-ში მის წილზე მოდის. ის კომპანიის აქციების 3.5%-ზე მეტს ფლობს. ამ ეტაპზე Nvidia-ს არ განუცხადებია, აპირებს თუ არა ჰუანგი აქციების გაყიდვას ან დაკარგავს თუ არა კომპანიის წილს აღმასრულებელი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ.

Nvidia-ს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ფინანსური დოკუმენტების მიხედვით კი, ჰუანგის აქციები ტრასტშია განთავსებული, რომელსაც ის მეუღლესთან, ლორი ჰუანგთან ერთად აკონტროლებს. The New York Times-ის ინფორმაციით, ჰუანგს Nvidia-ს აქციებით ხმის მიცემის უფლება არ აქვს.

სკანდალის პარალელურად მედიაში ჯენსენ და ლორი ჰუანგების შესაძლო განქორწინებაზეც დაიწყო საუბარი. წყვილი ერთმანეთს სტუდენტობის პერიოდიდან იცნობს და 1980-იანი წლების შუა პერიოდიდან არის დაქორწინებული.

Forbes-ის შეფასებით, განქორწინების შემთხვევაში ლორი ჰუანგს შესაძლოა მეუღლის ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი ერგოს. ამას დამატებით მნიშვნელობას ანიჭებს ის გარემოება, რომ Nvidia-ში მათი წილი, ფინანსური დოკუმენტების მიხედვით, ერთობლივად კონტროლდება.

კალიფორნია, სადაც წყვილი ცხოვრობს, ე.წ. საერთო საკუთრების პრინციპს იყენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ განქორწინების შემთხვევაში ქორწინების პერიოდში დაგროვილი საერთო ქონება, როგორც წესი, მეუღლეებს შორის თანაბრად ნაწილდება. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, აქვთ თუ არა ჰუანგებს საქორწინო ან ქორწინების შემდგომი ხელშეკრულება, რომელიც გარკვეულ აქტივებს საერთო საკუთრებისგან გამორიცხავს.

ამ ეტაპზე ჰუანგის გადადგომის შემდეგ Nvidia-ში მისი აქციების მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ცნობილი არ არის. გაურკვეველია ისიც, რა შედეგით დასრულდება კომპანიის შიდა გამოძიება და რამდენად აისახება სკანდალი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის გრძელვადიან განვითარებაზე.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი