Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში ამერიკელმა ბიზნესმენმა ჯეფ ბეზოსმა ფრანგ ბერნარ არნოს გადაუსწრო და მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანი გახდა. ორშაბათის მონაცემებით, Amazon-ის აქციების ფასის ზრდის გავლენით, ბეზოსის ქონებას ერთ დღეში $2.4 მილიარდი შეემატა.
გამოცემის უახლესი მონაცემებით, ამჟამად ჯეფ ბეზოსი $204.4 მილიარდის ქონებას ფლობს, ხოლო LVMH-ის თავმჯდომარის, ბერნარ არნოს ქონების ღირებულება $203.7 მილიარდადაა შეფასებული. ორშაბათს LVMH-ის აქციების ფასი 2.21%-ით შემცირდა, რასაც არნოს ქონების კლება მოჰყვა, Amazon-ის აქციების ფასი კი 1.5%-ით გაიზარდა.
უმდიდრესი ადამიანი კვლავ ილონ მასკია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ არნოს გადაასწრო და რეიტინგის პირველობა მოიპოვა. მასკის ქონება $207.9 მილიარდს უტოლდება. Forbes-ის რეიტინგის მესამე ადგილზე ამჟამად ბერნარ არნოა ($203.7 მილიარდი), შემდეგ მოდის მარკ ცუკერბერგი ($176 მილიარდი) და ლარი ელოსონი ($153 მილიარდი).
მასკმა, არნომ და ბეზოსმა, ბოლო თვეების განმავლობაში, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული რამდენჯერმე გაცვალეს. უკანასკნელ სამ თვეში, Amazon-ის აქციების ფასი 6%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც იმავე პერიოდში Tesla-ს აქციების ღირებულება მხოლოდ 0.39%-ით გაიზარდა, ფრანგული ბრენდის, LVMH-ის აქციების ფასი კი პირიქით, 12.99%-ით შემცირდა.