ჯეფ ბეზოსი კვლავ მსოფლიოს მესამე უმდიდრესი ადამიანია

ჯეფ ბეზოსი კვლავ მსოფლიოს მესამე უმდიდრესი ადამიანია

ფოტო: Eva Marie Uzcategui / Bloomberg via Getty Images

 

ამერიკული Forbes-ის ინფორმაციით, Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა მსოფლიოს მესამე უმდიდრესი ადამიანის პოზიცია დაიბრუნა. მან Google-ის თანადამფუძნებელ სერგეი ბრინს მას შემდეგ გადაასწრო, რაც კომპანიის გადაწყვეტილების ფონზე, დაეხურა ფიზიკური საცალო მაღაზიების ნაწილი და გაეფართოებინა Whole Foods Market-ის ბიზნესი, Amazon-ის აქციების ფასი მკვეთრად გაიზარდა.

კერძოდ, სამშაბათს, დღის განმავლობაში, Amazon-ის აქციების ღირებულება 2.4%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 244 დოლარს გადააჭარბა. ამასთან, Alphabet-ის (Google-ის მშობელი კომპანია) აქციების ფასმა მხოლოდ 0.6%-ით მოიმატა.

როგორც აღვნიშნეთ, Amazon-ის აქციების ფასის ზრდას წინ უძღოდა კომპანიის განცხადება, რომლის მიხედვითაც Amazon Go-სა და Amazon Fresh-ის ყველა ფიზიკური მაღაზია დაიხურება. კომპანია ყურადღებას ონლაინ ერთდღიან მიწოდებაზე გადაიტანს და უახლოეს წლებში 100-ზე მეტ ახალ Whole Foods-ის მაღაზიას გახსნის.

Amazon-ის განმარტებით, Go-სა და Fresh-ის ფორმატებმა ვერ შექმნა მომხმარებლისთვის საკმარისად გამორჩეული გამოცდილება და ეკონომიკური მოდელი, რომელიც მასშტაბურ გაფართოებას გაამართლებდა. მისივე ინფორმაციით, ფილიალების ნაწილი ლოკაციებისა Whole Foods-ის მაღაზიებად გარდაიქმნება.

Forbes-ის რეალური დროში განახლებად მილიარდერთა სიის მიხედვით, ბეზოსის ქონება 4.8 მილიარდი დოლარით (1.9%) გაიზარდა და 254 მილიარდ დოლარს მიაღწია, რითაც ის მსოფლიოს მესამე უმდიდრესი ადამიანი გახდა. მეოთხე პოზიციაზე დაქვეითებული სერგეი ბრინის ქონება 253.1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მეორე ადგილზე Google-ის კიდევ ერთი თანადამფუძნებელი ლარი პეიჯია 274.3 მილიარდი დოლარით, ხოლო პირველ პოზიციას Tesla-ს CEO ილონ მასკი ინარჩუნებს, რომლის ქონება 2.7 მილიარდი დოლარით შემცირდა და 775.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.