ჯეფ ბეზოსის კომპანიამ Blue Origin-მა ახალი სატელიტური საკომუნიკაციო ქსელის, TeraWave-ის შექმნის შესახებ განაცხადა, რომელიც ილონ მასკის Starlink-ს კონკურენციას გაუწევს. ამჟამად Starlink-ი სატელიტური ინტერნეტის ბაზარზე დომინანტ პოზიციას იკავებს.
Blue Origin-ის ინფორმაციით, TeraWave დედამიწის დაბალ ორბიტაზე განლაგებული 5,408 ერთმანეთთან დაკავშირებული ხელოვნური თანამგზავრისგან შემდგარი ქსელი იქნება და ინტერნეტსერვისის მიწოდებას კორპორატიული კლიენტებისთვის, მონაცემთა ცენტრებისთვისა და სამთავრობო სტრუქტურებისთვის უზრუნველყოფს. ბეზოსის კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ TeraWave-ის თანამგზავრების ქსელი 2027 წლის მეოთხე კვარტალში ამოქმედდება.
Blue Origin-ის თქმით, სატელიტური ქსელი დედამიწის ნებისმიერ წერტილში 6 ტერაბიტამდე წამში მონაცემთა გადაცემის სიჩქარეს უზრუნველყოფს, რაც რამდენიმე ათასჯერ აღემატება აშშ-ში სახლის ინტერნეტის ტიპურ სიჩქარეს.
როგორც ცნობილია, TeraWave-ის თანამგზავრული ქსელი განლაგების შემდეგ ათიათასობით მომხმარებელს მოემსახურება. 2025 წლის დეკემბრის მონაცემებით, Starlink-ს ცხრა მილიონი მომხმარებელი ჰყავდა. TeraWave-ს, სავარაუდოდ, გაცილებით ნაკლები თანამგზავრი ეყოლება, ვიდრე Starlink-ს, რომელსაც გასული თვის მონაცემებით დედამიწის ორბიტაზე დაახლოებით 9,300 თანამგზავრი ჰქონდა განლაგებული.
შეგახსენებთ, ჯეფ ბეზოსის მიერ დაფუძნებულმა Amazon-მა ცოტა ხნის წინ სატელიტური თანამგზავრების პროექტ Project Kuiper-ს სახელი გადაარქვა და Amazon Leo უწოდა. Amazon Leo-ს პირველი სატელიტების გაშვება მომავალ თვეშია დაგეგმილი. ამ მისიის ფარგლებში ორბიტაზე 32 სატელიტი განთავსდება. ეს დაემატება გასული წლის აპრილში გაშვებულ 27 სატელიტს, რომლებიც ორბიტისკენ Project Kuiper-ის სახელით გაეშვა. საბოლოოდ, Amazon Leo-ს თანამგზავრების ქსელი 3,000-ზე მეტ სატელიტს მოიცავს.









