ჯეფრი ეპსტაინის, მისი ბრალეულობებისა და ტრამპთან კავშირების შესახებ

ჯეფრი ეპსტაინის, მისი ბრალეულობებისა და ტრამპთან კავშირების შესახებ

ჯეფრი ეპსტაინის საქმე, თითქმის ოცი წლის შემდეგ, ილონ მასკსა და დონალდ ტრამპს შორის დაწყებული დაპირისპირების მიზეზით, კვლავ განხილვის საგნად იქცა. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის დატოვების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტს ღიად დაუპირისპირდა და ეკონომიკურ საკითხებთან ერთად, ეპსტაინის გახმაურებული საქმეც გაახსენა. მასკის ბრალდებით, პრეზიდენტი ტრამპი არასრულწლოვანთა სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებული ჯეფრი ეპსტაინის საქმეში ფიგურირებს, რა მიზეზითაც „ეპსტაინის ფაილები“ არ გასაჯაროებულა.

ჯეფრი ეპსტაინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ 2005 წელს აღიძრა. მას შემდეგ, რაც ფლორიდის შტატის პოლიციამ ეპსტაინს არასრულწლოვნებთან სექსუალური კავშირის დამყარების მცდელობისთვის ბრალი წარუდგინა. თუმცა ნაფიცმა მსაჯულებმა ფინანსისტი მხოლოდ პროსტიტუციის ერთ საქმეში ცნეს დამნაშავედ, რომელშიც არასრულწლოვნები არ ფიგურირებდნენ. ამ ფაქტმა ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოს მუშაკების აღშფოთება გამოიწვია, რის შემდეგაც, მათ დამატებითი მტკიცებულებები მოიპოვეს და FBI-ს გადასცეს. FBI-მ საქმეზე მუშაობა დამოუკიდებლად განაგრძო.

რიგი სერიოზული ბრალდებების მიუხედავად, 2008 წელს ჯეფრი ეპსტაინის ადვოკატებმა პროკურორებთან გარიგებას მიაღწიეს და ფინანსისტმაც ორ საქმეში ბრალეულობა აღიარა. აღნიშნული ორი ბრალდებიდან ერთ-ერთი, არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებისთვის თანხის შეთავაზებას გულისხმობდა. მეორე ბრალდება კი პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობას უკავშირდებოდა. საქმეზე მიღწეული გარიგება აშშ-ის პროკურორ ალექსანდრ აკოსტას ოფისმა დაამტკიცა.

ეპსტაინი ციხიდან 2009 წლის ივლისის დასაწყისში გაათავისუფლეს, ვადაზე ადრე, მხოლოდ 13-თვიანი პატიმრობის შემდეგ. გარიგებით, ეპსტაინმა ფედერალურ პროკურორებთან არასამართლებრივი დევნის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის პირობებიც არ გასაჯაროებულა. გარდა ამისა, შეთანხმება მოიცავდა პუნქტს, რომელიც „საქმის ნებისმიერი თანამონაწილისთვის“ იმუნიტეტს უზრუნველყოფდა.

2019 წლის ივლისში, ეპსტაინი ნიუ-იორკში კვლავ დააკავეს. ამჯერად არასრულწლოვნებით სექს-ტრეფიკინგისა და შეთქმულების ფედერალური ბრალდებით, რომელიც დაკავშირებული იყო 2002-2005 წლებში „ათობით არასრულწლოვანი გოგონას“ მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ძალადობასთან. თუმცა ეპსტაინი 2019 წლის აგვისტოში, სასამართლო პროცესამდე, ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს. მიუხედავად ოფიციალური დასკვნისა, რომ ეპსტაინმა ციხეში თავი ჩამოიხრჩო, ჩანაწერებში არსებულმა უზუსტობებმა და საკნის ვიდეომასალების არარსებობამ შეთქმულების თეორიები გააჩინა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ Miami Herald-ის ცნობით, ეპსტაინმა სასჯელი Palm Beach Stockade-ის კერძო ფლიგელში მოიხადა. გარდა ამისა, ეპსტაინს  უფლება ჰქონდა, ციხის საკანი კვირაში ექვსი დღის განმავლობაში პალმ-ბიჩის ოფისში მუშაობის მიზეზით მაქსიმუმ 12 საათით დაეტოვებინა და ციხეში მხოლოდ დასაძინებლად დაბრუნებულიყო. Washington Post-ის ინფორმაციით, ციხიდან ოფისში ეპსტაინის ტრანსპორტირებას პირადი მძღოლი უზრუნველყოფდა. თუმცა პირები, რომლებიც ციხის გარეთ ეპსტაინს ახლდნენ, მცველებს ან მოადგილეებს უფროჰგავდნენ,  რადგან მათ სპეციალური უნიფორმის ტარება უწევდათ.

ეპსტაინის თანამზრახველებს შორის იყო ბრიტანელი მედიამაგნატისა და პარლამენტის ყოფილი წევრის რობერტ მაქსველის ქალიშვილი ჟისლან მაქსველი. ჟისლანს, რომელიც ამავდროულად ეპსტაინის შეყვარებულიც იყო, ბრალი არასრულწლოვანი გოგონების პოვნაში ხელშეწყობისთვის წაუყენეს. რობერტ მაქსველი 1991 წელს, იახტიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა, ჟისლანს კი  ბრალი მხოლოდ 2020 წელს წარუდგინეს.

მაქსველის სასამართლო პროცესზე ეპსტაინის შესახებ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი – მათ შორის, ფინანსისტის კერძო ვერტმფრენის ჩანაწერები. როგორც ჩანაწერებიდან მტკიცდება, ეპსტაინმა თვითმფრინავით, ბილ კლინტონთან და დონალდ ტრამპთან ერთად რამდენჯერმე იმგზავრა.

ნიუ-იორკში გამართული გახმაურებული სასამართლო პროცესის შემდეგ მაქსველი ხუთ ფედერალურ ბრალდებაში ცნეს დამნაშავედ, მათ შორის – არასრულწლოვნის სექს-ტრეფიკინგში, არასრულწლოვნის უკანონო სექსუალური აქტისთვის ტრანსპორტირებასა და შეთქმულების ბრალდებებში. მიუხედავად ამისა, მაქსველი დანაშაულს არ აღიარებდა და განაჩენი უზენაეს სასამართლოშიც გაასაჩივრა. მაქსველი ასევე ამტკიცებდა, რომ ეპსტაინის  პროკურორებთან გარიგებით, მას იმუნიტეტი იცავდა. თუმცა იუსტიციის დეპარტამენტის დასკვნით, ეპსტაინის გარიგების პირობები მხოლოდ ფლორიდაში ვრცელდებოდა და არა ნიუ-იორკში, სადაც მაქსველს ბრალდება წარედგინა.

ეპსტაინის საკამათო საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე პასუხისმგებელი ალექს აკოსტა იყო, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის პერიოდში ფლორიდის სამხრეთ ოლქის პროკურორი. აკოსტა 2017 წელს, შრომის მდივნის თანამდებობაზე უკვე პრეზიდენტმა ტრამპმა წარადგინა. სენატში ეპსტაინის საქმეზე გამოსვლისას, აკოსტამ  საქმეზე მიღწეული შეთანხმების გასამართლებლად განაცხადა, რომ ეპსტაინს ბრალი მაინც წაუყენეს და ის ოფიციალურად დარეგისტრირდა, როგორც „სექსუალური დამნაშავე“. დაზარალებულებმა კი კომპენსაცია მიიღეს. თუმცა იმ ფაქტს, რომ ეპსტაინს სამუშაოდ ციხის დატოვების უფლება ჰქონდა, აკოსტამ „საშინელება უწოდა“ და  ამაში ფლორიდის შტატი დაადანაშაულა.

ალექს აკოსტამ ტრამპის ადმინისტრაცია 2019 წელს, ეპსტაინის ხელახალი დაკავების შემდეგ დატოვა. Daily Beast-ის ინფორმაციით, 2019 წელს, მაშინ როდესაც აკოსტას ძველი საპროცესო შეთანხმების შესახებ კითხვები დაუსვეს, მან განაცხადა, რომ ეს საქმე დაზვერვას ეკუთვნოდა. თუმცა ეს პასუხი თავად მას არასდროს დაუდასტურებია. მოგვიანებით, იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიებით, აკოსტას ჯაშუშობა და დაზვერვის აგენტობა არ დადასტურდა, თუმცა ბევრს დარჩა შთაბეჭდილება, რომ აკოსტა დაზარალებულების გაჩუმებას ცდილობდა და მათ არც ეპსტაინის საპროცესო შეთანხმების შესახებ აცნობა.

მიუხედავად იმისა, რომ ეპსტაინს ხშირად „მილიარდერად“ მოიხსენიებდნენ, მეორე დაპატიმრების შემდეგ გამოქვეყნებული სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ის დაახლოებით $550 მილიონის ღირებულების აქტივებს ფლობდა. ეპსტაინი, დიდი ალბათობით, მდიდარი და გავლენიანი პირების ფინანსურ მენეჯერად მუშაობდა, თუმცა მისი კლიენტების სრული სია არასოდეს გამჟღავნებულა.

დაუდასტურებელი ცნობებით, დაპატიმრებამდე ეპსტაინი რამდენიმე გავლენიან პირთან და მათ შორის, მილიარდერებთან იყო კავშირში. არსებული ცნობით, ის რამდენჯერმე შეხვდა Microsoft-ის დამფუძნებელს ბილ გეიტსს, ასევე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონს. მსახიობ კევინ სპეისის და ყოფილ ფინანსთა მინისტრს ლარი სამერსს. ჩანაწერებში ფიგურირებს პრინცი ენდრიუც – , რომელსაც ბრალი ასევე არასრულწლოვან პირთან სქესობრივ კონტაქტში ედებოდა, რომელიც მას სწორედ მაქსველმა დააკავშირა. ენდრიუმ ბრალდებები უარყო, თუმცა კომპენსაციის გადახდას დათანხმდა.

გარდა ამისა, Gawker-მა 2015 წელს ეპსტაინის ე.წ. „შავი წიგნიც“ გამოაქვეყნა, რომელშიც გავლენიანი ფიგურების სახელები და საკონტაქტო ინფორმაცია იყო მოცემული. აღნიშნულ კონტაქტებს შორის იყო ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ბარაკი და ნიუ-მექსიკოს ყოფილი გუბერნატორი ბილ რიჩარდსონი. თუმცა ორივე მათგანმა ფინანსისტთან რაიმე სახის კავშირი უარყო.