The Tonight Show-ს წამყვანის რანგში 11 წლით ყოფნის მანძილზე, ჯიმი ფელონი ყოველთვის იდეების მანქანა იყო – მუდმივად იგონებდა ახალ კომედიურ სეგმენტებს, ახალ პროდუქტებს და სრულიად ახალ პროგრამებსაც კი. ერთხელ მან NBC-ს შესთავაზა დრამა მკვლელ მღვდელზე, რომელიც საკუთარ აღსარებას იღებს და ამით საკუთარ სულს ცოდვისგან იხსნის. “ეს არ მოეწონათ, – ამბობს ფელონი დამახასიათებელი ხითხითით. – ჩემთვის ჩვეული გზიდან გადახვევა იყო, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეა“.
ავტორი: მეტ კრეიგი
51 წლის კომიკოსის პირადმა ბრენდმა – რომელიც პოპკულტურისადმი ენციკლოპედიურ სიყვარულს აჯვარებს ჰიპერენთუზიაზმით სავსე პოზიტიურობასთან – განსაზღვრა მისი ღამის ტოქშოუ და ბოლო წლებში კიდევ უფრო ბუნებრივად შეერწყა მის წარმოებულ ისეთ სათამაშო შოუებს, როგორიცაა Password-ი და That’s My Jam-ი. ესაა სამუშაოების ერთობლიობა, რისთვისაც NBC-მ ის ტელევიზიის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად წამყვანად აქცია კონტრაქტით, რომელიც Forbes-მა წელიწადში $16 მილიონად შეაფასა.
ეს არ ნიშნავს, რომ ფელონი დაცულია ტელევიზიის სტრუქტურული დაცემის ზეწოლისგან. მიუხედავად იმისა, რომ ჯონი კარსონი თითქმის 30 წლის განმავლობაში Tonight Show-ს წამყვანის რანგში „გვიანი ღამის“ უდავო მეფე იყო, ფელონი თავის დროის მონაკვეთში მესამე ადგილზეა მაყურებელთა რაოდენობით (სტივენ კოლბერტისა და ჯიმი კიმელის შემდეგ), საშუალოდ 1.2 მილიონი მაყურებლით ღამეში, ხოლო შოუს სარეკლამო შემოსავალი, სარეკლამო მონაცემების პროვაიდერის, iSpot TV-ის მონაცემებით, 2022 წლიდან 2024 წლამდე 35%-ით შემცირდა. ივლისში The Late Show with Stephen Colbert-ის მოულოდნელმა გაუქმებამ – რომელიც CBS-ის ცნობით, წელიწადში $40 მილიონს კარგავდა – ბევრს უბიძგა, ეწინასწარმეტყველა გვიანი ღამის გადაცემების გარდაუვალი დასასრული, რამაც ფელონის დამატებითი საქმიანობა კიდევ უფრო აქტუალური გახადა.
ამ ტურბულენტურ გარემოში ის 30 სექტემბერს იწყებს On Brand with Jimmy Fallon-ს, ახალ NBC-ის რეალითი შოუს Shark Tank-ისა და The Apprentice-ის სტილში, რომელშიც მარკეტინგული გამოცდილების არმქონე კონკურსანტები წარმოადგენენ კამპანიებს ისეთიმსხვილი ბრენდებისთვის, როგორიცაა Pillsbury, Dunkin’-ი და Southwest Airlines-ი. გამარჯვებული სარეკლამო კამპანიები რეალურ ცხოვრებაში გამოჩნდება ეპიზოდის ეთერში გასვლის მეორე დღეს, რაც, ფელონის იმედით, შექმნის ბრენდებთან სიმბიოზურ ურთიერთობას, და შოუს მოგების ცენტრად აქცევს. „ეს ახალი ტიპის შოუა, – ამბობს ის, – და მე ვფიქრობ, რომ ეს ასევე ახალი ტიპის
ბიზნესმოდელია“. ფელონს ყოველთვის ჰქონდა ბრენდინგის ნიჭი. მისი The Tonight Show-ს ვერსია, ალბათ, ყველაზე მეტად ცნობილია თავისი საფირმო სეგმენტებით („Thank You Notes“), თამაშებით („Egg Russian Roulette“) და სიმღერებით („Lip Sync Battle“, რომელიც ასევე გახდა სპინ-ოფ შოუ), რომლებიც ფართოდ ვრცელდება ინტერნეტში, სადაც მას 100 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს TikTok-ზე, Instagram-სა და X-ზე – გაცილებით მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ღამის წამყვანს.
ეთერის გარეთ, მან ითანამშრომლა უცნაური პროდუქტების სერიაზე, მათ შორის $195-დოლარიან ფეხსაცმელებზე, რომლებიც ფერს იცვლის ცვეთისას (Gobstompers), ჯიბეებიან პიჟამებზე (P’Jimmies, $78), $48-დოლარიან ტელეფონის ქეისებზე (Pocket Dials), მზის სათვალეებზე, რომელთა ტრიალიც შეგიძლიათ სპინერის მსგავსად (Spinnies, $95), Universal Orlando-ს ატრაქციონზე (Race Through New York), Ben&Jerry’s-ის ნაყინის არომატზე (The Tonight Dough), ბესტსელერ საბავშვო წიგნებზე (Your Baby’s First Word Will Be DADA) და ორიგინალი საშობაო სიმღერების ალბომზე (Holiday Seasoning).
„რომ არა ის, რასაც დღეს აკეთებს, ჯიმი აუცილებლად მარკეტერი უნდა ყოფილიყო“, ამბობს ბოზომა სენტ-ჯონი, Netflix-ის ყოფილი მარკეტინგის დირექტორი და Uber-ის ბრენდის დირექტორი, რომელიც ფელონის On Brand-ის თანაწამყვანია. „მას აქვს რეალური უნარი, აიღოს იდეა და გააუმჯობესოს იგი. და ეს, საბოლოო ჯამში, არის კიდევაც მარკეტინგი“.
TONIGHT SHOW-ს წამყვანი მთლიანად ბიზნესშია ჩართული ახალი საკონკურსო სერიალით, რომელიც კლასიკური ამერიკული კომპანიების მარკეტინგს მოიცავს.
ფელონის ყველაზე კარგად განსაზღვრული ბრენდი ისევ მისივე ბრენდია. 1998 წელს, 24 წლის ასაკში, Saturday Night Live-ის მსახიობთა გუნდში გაწევრიანების შემდეგ, ის ცნობილია იმით, რომ ვერ ახერხებს თავისი სიხარულის დათრგუნვას, მაგალითად, ისეთ ცნობილ სკეტჩებში, როგორიცაა More Cow Bell-ი. როდესაც მან შოუ დატოვა, აღმასრულებელ პროდიუსერ ლორნ მაიკლზს უკვე მიაჩნდა, რომ ფელონი დაბადებით ტოქშოუს წამყვანი იყო, და რამდენიმე წლის განმავლობაში, ძირითადად წარუმატებელი ფილმების, როგორიცაა 2004 წლის Taxi და 2005 წლის Fever Pitch-ი, გადაღების შემდეგ, მაიკლზი მას 2009 წელს კონან ო’ბრაიენის მიერ გათავისუფლებული გვიანი ღამის დროის მოპოვებაში დაეხმარა.
ფელონმა კარგად ითამაშა ხალხმრავალ გარემოში და როდესაც ჯეი ლენომ 2014 წელს მეორედ და საბოლოოდ უარი თქვა თავის Tonight Show-ს ტახტზე, NBC-მ გადაცემა ნიუ-იორკში, თავდაპირველ ადგილს დაუბრუნა, და მაშინ 39 წლის ფელონი თავისი ისტორიის მეექვსე წამყვანად დაასახელა.
იმ ადრეულ წლებში მისი ახალგაზრდული ენთუზიაზმი რეიტინგებით ოქროს ტოლფასი აღმოჩნდა. ფელონს პირველ სეზონში საშუალოდ 4 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა, რაც დღევანდელი სტანდარტებით გასაოცარი რიცხვია და სამი წლის განმავლობაში გვიან ღამის ეთერში დომინირებდა. კოლბერტმა მას 2016 წელს დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ გაუსწრო, პარტიულ პოლიტიკაზე მკვეთრი აქცენტის დამსახურებით.
მიუხედავად იმისა, რომ ფელონი რეგულარულად დასცინის ტრამპს, ის ასევე ცნობილია იმით, რომ თავის შოუში მომავალ პრეზიდენტს თმას უჩეჩდა. „ვფიქრობ, ყველას უნდა შეეძლოს სიცილი. ვგულისხმობ, ორივე მხარეს, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, – ამბობს ის. – ხუმრობა აუცილებელია. ზოგჯერ ეს ძალიან ახლოსაა ამ მხარესთან, ზოგჯერ კი იმ მხარესთან, მაგრამ ეს მაშინ, თუ ბალანსის შენარჩუნებას შეძლებთ. ეს ცალმხრივად ჟღერს, მაგრამ ამ კაცმა სათამაშოდ დიდი მასალა მოგვცა“.
ფელონი ასევე უყვართ მის ცნობილ სტუმრებს, რომლებსაც ხშირად შინაურულად მოიხსენიებს, და ამოუწურავ აღფრთოვანებას იწვევს იმ პროექტების მიმართ, რომლებსაც ისინი პოპულარიზაციას უწევენ. „მყავდა სტუმრები, რომლებიც ამბობდნენ, ‘იმედია, ეს ფილმი არ გინახავთ, ძალიან ცუდია’, – იხსენებს ის. – რაზეც უბრალოდ ვპასუხობ, რომ ‘დეტალებში შესვლა არ გვჭირდება. ყველა პროექტში ყოველთვის არის რაღაც კარგი’“.
The Tonight Show-ს მომავალში დადებითი მხარეების პოვნაც მსგავს დაუოკებელ ოპტიმიზმს მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს მან მაინც გამოიმუშავა ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავალი (iSpot-ის მიხედვით $78.3 მილიონი), მის უახლოეს კონკურენტთან სხვაობა 2022 წლის $30 მილიონიდან 2024 წელს მხოლოდ $1.7 მილიონამდე შემცირდა. სოციალურ მედიაში ფელონის გამომწერების არმია შემოსავლების შემცირებას ვერ ანაზღაურებს. სექტემბერში NBC-მ მიიღო გადაწყვეტილება, შეემცირებინა შოუს ბიუჯეტი კვირაში ოთხ დღეზე გადასვლით.
თუმცა ჯერ ნუ დაწერთ The Tonight Show-ის ნეკროლოგს. „როგორც მედიაპროდუქტი, ის საკმაოდ ღირებულია და მისი გამეორება ნამდვილად რთულია“, – ამბობს ვეტერანი მედიაანალიტიკოსი ჯეისონ დამატა, ლოს-ანჯელესში დაფუძნებული მარკეტინგული სააგენტო Fabric Media-ს აღმასრულებელი დირექტორი.
ამ ეტაპზე, ამ მოსაზრებას NBC-ც ეთანხმება, და ამ შემოდგომაზე კვირაობით The Tonight Show-ს ოთხ სპეციალურ ეპიზოდს გაუშვებს, შესავლის სახით კი თავის ყველაზე მნიშვნელოვან პროგრამას, Sunday Night Football-ს გამოიყენებს. „რაც აღსანიშნავია, – ამბობს ფელონი, – რადგან ესაა ერთადერთი შოუ, რომელსაც ამჟამად ხალხი ტელევიზიით უყურებს“.
ფელონი ამბობს, რომ ის ასევე ყურადღებით დააკვირდება On Brand-ის რეიტინგებს, მაგრამ შოუს წარმატებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება მის მიერ შექმნილი კამპანიები, რომლებმაც ბრენდები მომავალ სეზონებში უნდა მოიზიდოს.
„მსურს, რომ ყველა კომპანიამ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, ჩაინიშნოს, თუ სად არიან ისინი ამჟამად და შემდეგ ნახოს, რა მდგომარეობაში იქნებიან On Brand-ის გამოსვლის შემდეგ, – ამბობს ის. – ვფიქრობ, მათი რიცხვები გაიზრდება და ეს დაამტკიცებს, რომ შოუ მუშაობს“.
წყარო: Jimmy Fallon On The Future Of Late Night And Being A Super Marketer
Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

















