პრეზიდენტ ჯო ბაიდენის $2,25-ტრილიონიანი გეგმა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. აღნიშნული ინიციატივის კონგრესის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ეს იქნება აშშ-ის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი ნახშირბადისგან თავისუფალი ეკოსისტემის შექმნისთვის.
პრეზიდენტის გეგმა მომდევნო ათი წლის განმავლობაში ქარის, მზისა თუ სხვა განახლებადი ენერგიის პროექტების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ამასთან, ჯო ბაიდენი აპირებს, პარიზის კლიმატის ცვლილების ხელშეკრულებას ხელახლა შეუერთდეს.
„თუ ახლა ვიმოქმედებთ, 50 წელიწადში ხალხი უკან მოიხედავს და იტყვის: ეს იყო მომენტი, როდესაც ამერიკამ მოიგო მომავალი“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ეს განცხადება ენერგიის სექტორებში ბოლო პერიოდის განმავლობაში შემცირებულ ინვესტიციებს გაზრდის. მაგალითისთვის, Tesla Inc.-ის აქციების წილი 5,7%-ით გაიზარდა ოთხშაბათს, როცა ჯო ბაიდენმა ელექტრომობილების შეძენისკენ მოუწოდა მოსახლეობას.
ცნობისთვის, ბაიდენი კონგრესს ელექტროენერგიის ფასების შემცირებისკენაც მოუწოდებს. პრეზიდენტის გეგმის მიხედვით, შესაძლებელი იქნება სკოლებისთვის ელექტროავტობუსების გამოყენებაც. აღნიშნული ინიციატივებისთვის $174 მილიარდი იქნება გათვალისწინებული. პრეზიდენტის ინიციატივის ფარგლებში იგეგმება გზებისა და ხიდების განახლებაც, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებისა თუ წყალდიდობებთან გასამკლავებლად საჭირო პროექტების განხორციელება. ბაიდენის გეგმით, ქვეყანაში ტყვიისგან დამზადებული მილები უნდა შეიცვალოს, რაც სასმელი წყლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
პრეზიდენტი ასევე აპირებს, შექმნას „სამოქალაქო კლიმატის კორპუსი“, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ნავთობის ჭაბურღილებსა თუ მაღაროებს გააკონტროლებს. „სამოქალაქო კლიმატის კორპუსი“ ხალხის დასაქმებასაც მოიაზრებს, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების ამერიკულ გეგმას. აღსანიშნავია, რომ ბაიდენი მხარს უჭერს მიწისქვეშა რეზერვუარებში ნახშირორჟანგის შენახვას. ეს მოსაზრება პოპულარულია როგორც გარემოს დამცველებში, ისე ნავთობკომპანიების წარმომადგენლებში.