ჯო ბაიდენს პროსტატის კიბოს „აგრესიული“ ფორმის დიაგნოზი დაუსვეს

ჯო ბაიდენს პროსტატის კიბოს „აგრესიული“ ფორმის დიაგნოზი დაუსვეს

დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს პროსტატის კიბოს „აგრესიული ფორმის“ დიაგნოზი დაუსვეს. რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას პროსტატაში „პატარა კვანძი“ ჰქონდა, რომელიც, სავარაუდოდ, ანთებით უნდა ყოფილიყო გამოწვეული და სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენდა.

თუმცა გუშინ, ყოფილი პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენს პროსტატის კიბოს „უფრო აგრესიული ფორმა“ აქვს, თუმცა, როგორც ჩანს, ის „ჰორმონმგრძნობიარეა, რაც ეფექტიანად მართვის საშუალებას იძლევა“.

გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ 82 წლის ბაიდენს დიაგნოზი — რომელიც „გლისონის 9 ქულით ხასიათდება, ძვალში მეტასტაზებით“ — პარასკევს დაუსვეს. ახლა მისი ოჯახი მკურნალობის ვარიანტებს განიხილავს. ცნობისთვის, გლისონის შეფასების სისტემაში უმაღლესი ქულა 10-ია. რაც უფრო მაღალია ქულა, ნიშნავს, რომ კიბოს უჯრედები უფრო სწრაფად იზრდება და ვრცელდება.

American Cancer Society-ის მონაცემებით, პროსტატის კიბოს დიაგნოზს ყოველი მერვე მამაკაციდან ერთს უსვამენ. მისივე ინფორმაციით, დაავადება უფრო ხშირი ხანდაზმულებშია. დიაგნოზის დასმის საშუალო ასაკი 67 წელია. ორგანიზაციის მონაცემებით, დაახლოებით 44 მამაკაციდან ერთი პროსტატის კიბოთი იღუპება.