ფოტო: EP
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ჰორმუზის სრუტის გასათავისუფლებლად „შავი ზღვის მოდელის“ იდეა განიხილა.
შეგახსენებთ, აღნიშნული მოდელი რუსეთს, უკრაინასა და დასავლეთს შორის არსებული შეთანხმებაა, რომლის ფარგლებშიც უკრაინიდან მარცვლეული შავი ზღვის გავლით უსაფრთხოდ ტრანსპორტირდება. გარიგების თანახმად, უკრაინულ სამოქალაქო გემებსა და სატვირთო გადამზიდებს რუსეთი შავ ზღვაში თავს არ ესხმის.
კაია კალასის განმარტებით, ის გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშს სწორედ მსგავსი იდეის განხორციელებაზე ჰორმუზის სრუტის გასათავისუფლებლად ესაუბრა. გაეროს პრესსპიკერმა ორგანიზაციის ეგიდით ჰორმუზის სრუტეში გარკვეული სავარაუდო ინიაციტივის შესახებ სპეკულაციები დაადასტურა, თუმცა დააზუსტა, რომ ჯერჯერობით ამაზე საჯაროდ საუბარი ნაადრევია. გავრცელებული ინფორმაციით, ანტონიუ გუტერეში საკითხს მიმდინარე კვირას, ბრიუსელში კოლეგებთან ვიზიტისას განიხილავს.
კაია კალასის განცხადებით, სახელმწიფოების მინისტრები ასევე განიხილავენ შესაძლებლობას, შეიცვალოს ევროკავშირის ახლოაღმოსავლური საზღვაო მისიის მანდატი, რომლის დანიშნულებაც წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ აგრესიისაგან სატრანსპორტო გემების დაცვაა. აღნიშნული ინიაციტივა 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის პარალელურად, იერიშში იემენის „ჰუსიტების“ ჩართვის გამო ჩამოყალიბდა. იემენელი „ჰუსიტების“ მთავარ სამიზნეს მაშინ წითელ ზღვაში ტვირთების სატრანსპორტო გადამზიდები წარმოადგენდნენ, რამაც გლობალურ ეკონომიკას რამდენიმე ათეული მილიარდის მოცულობის ზიანი მიაყენა.
ცნობისათვის, ჰორმუზის სრუტის გასათავისუფლებლად სამხედრო-საზღვაო კამპანიის ჩამოყალიბებისაკენ მოწოდება აშშ-ის პრეზიდენტმა ბევრჯერ გააჟღერა, თუმცა პარტნიორებისგან უარი მიიღო, რის გამოც ისინი გააკრიტიკა.















