NBA-ის ვარსკვლავი კაირი ირვინგი ჩინურ სპორტულ ბრენდ Anta-სთან თანამშრომლობით ახალ ფეხსაცმელს გამოუშვებს. რა თანხას მიიღებს ირვინგი Anta-სთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ამ ეტაპისთვის უცნობია. პარტნიორობა კალათბურთელს „მთავარი კრეატიული ოფიცრის სტატუსს“ ანიჭებს. ამასთან ერთად, ირვინგს მისი ხაზისთვის სხვა ცნობილი სახეების მოზიდვაც ევალება.
ირვინგსა და ჩინურ კომპანიას შორის ხელშეკრულების გაფორმება გარკვეულ მიზეზთა გამო ყურადღების ცენტრში მოექცა: ეს, ერთი მხრივ, სპორტსმენის გარშემო არსებულ ანტისემიტურ სკანდალს, მეორე მხრივ კი თავად NBA-ისა და ჩინეთის ურთიერთობას უკავშირდება.
ჩინეთი ლიგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი აუდიტორიაა და NBA-იც გარკვეულწილად ქვეყნის კრიტიკისგან ხშირად თავს იკავებს. პირველი ასეთი შემთხვევა 2019 წელს, Houston Rockets-ის გენერალური დირექტორის წაშლილ ტვიტს უკავშირდება, რომელშიც დერილ მორიმ ღიად გამოხატა მხარდაჭერა ჰონგ-კონგის მომიტინგეებისადმი. მორის გზავნილს იმ დროს გაემიჯნა როგორც NBA, ასევე Houston Rockets-იც.
ჩინეთი ამერიკული საკალათბურთო ლიგისთვის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარია – გასულ სეზონში, ჩინეთიდან ლიგას 500 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა. გარდა ამისა, Associated Press-ის ინფორმაციით, NBA-ის ქვეყანასთან $1.5-მილიარდიანი სტრიმინგ-გარიგებაც აკავშირებს.
საინტერესოა ისიც, რომ კალათბურთელსა და ჩინურ სპორტულ ბრენდს შორის გარიგება ირვინგის Nike-თან კონტრაქტის შეწყვეტის 7 თვის თავზე შედგა. ირვინგს ამერიკულ ბრენდთან $11 მილიონის წლიური შეთანხმება აკავშირებდა, თუმცა Nike-მა პარტნიორობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ირვინგის მიერ სოციალურ ქსელში დოკუმენტური ფილმის გავრცელების შემდეგ მიიღო, რომელიც ფართო საზოგადოების მიერ ანტისემიტური შინაარსის მქონედ იქნა აღქმული. ამას დაერთო ის ფაქტიც, რომ კალათბურთელმა თავდაპირველად ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა.
ანტისემიტიზმის სკანდალის გარდა, კაირი ირვინგის სახელს სხვა ცნობილი და საკამათო განცხადებებიც უკავშირდება. მაგალითად, კალათბურთელი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც Covid-19-ის ვაქცინაციაზე უარი თქვა, ამასთან ერთად კი, ირვინგს სჯერა, რომ დედამიწა ბრტყელია.