საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ გაყინული აქტივები რუსეთს არ დაუბრუნდება, თუ ის უკრაინას რეპარაციებს არ გადაუხდის. კოპენჰაგენში საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე კალასმა თქვა, რომ ბლოკი ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში მომზადებული უნდა იყოს.
„ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რომ ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, ეს აქტივები რუსეთს დაუბრუნდეს, თუ ის რეპარაციებს არ გადაიხდის“, – განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კოპენჰაგენში უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად შეიკრიბნენ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის 210 მილიარდი ევროს ღირებულების სახელმწიფო აქტივების გაყინვა გადაწყვიტა. ეს თანხა არ არის კონფისკებული, თუმცა ევროკავშირი მისგან მიღებულ მოგებას უკრაინის საომარი შესაძლებლობების გასაზრდელად იყენებს.
რუსული აქტივების უდიდესი ნაწილი, 183 მილიარდი ევრო, ბელგიაში, Euroclear-ში ინახება. ეს აქტივები რუსეთის ცენტრალურ ბანკს ეკუთვნის, რომელიც თავდაპირველად მათ მოკლევადიანი სამთავრობო ობლიგაციების სახით ინახავდა.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები გაყინული რუსული აქტივების სრულ კონფისკაციას ემხრობოდნენ, ხოლო ბელგიას, გერმანიას და საფრანგეთს იურიდიული დათქმები ჰქონდათ.
გასული კვირის დასაწყისში უნგრეთმა ევროკავშირის საბჭოს გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინისთვის მილიარდობით ევროს დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილების გამო უჩივლა. ბუდაპეშტი ამტკიცებდა, რომ ევროპის მშვიდობის ფონდი (EPF), ფინანსური პროგრამა, რომელიც მოკავშირე ქვეყნებისთვის სამხედრო დახმარებას უზრუნველყოფს, ამ საკითხში უნგრეთის წინააღმდეგობის იგნორირებით, ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევდა.
ცნობისთვის, EPF-პროგრამის მეშვეობით უკრაინა ყოველწლიურად 3-5 მილიარდ ევროს იღებს, რომელიც თითქმის სრულად გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით ფინანსდება.