ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს ამზადებს, რადგან მოსკოვი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებებს არ ითვალისწინებს. ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის 15 აგვისტოს, ალასკაში დაგეგმილ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გაკეთდა.
ევროკავშირის ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ტერიტორიაზე დაგეგმილ შეხვედრას არ დაესწრებიან, თუმცა, მოსალოდნელია, რომ სამიტამდე, 13 აგვისტოს, ტრამპთან ონლაინ მოლაპარაკებებს გამართავენ.
„ვინაიდან რუსეთი სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდა, ჩვენ არც კი უნდა განვიხილოთ რაიმე დათმობა.. ნაბიჯების თანმიმდევრობა მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ცეცხლის უპირობო შეწყვეტა მონიტორინგის ძლიერი სისტემითა და უსაფრთხოების ურყევი გარანტიებით“, – განაცხადა კაია კალასმა და დასძინა – „ჩვენ ვიმუშავებთ სანქციების მე-19 პაკეტზე“.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა სანქციების წინა პაკეტი 18 ივლისს დაამტკიცა და მას დღემდე „ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი“ უწოდა. სანქციების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება იყო.
სანქციების მე-18 პაკეტმა რუსული ნავთობის ფასის ლიმიტი ბარელზე 60 დოლარიდან 47,60 დოლარამდე შეამცირა და რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ 100-ზე მეტ გემსა და მათთან დაკავშირებულ კომპანიებს აკრძალვები დაუწესა. ეს ზომები რუსეთის მიერ წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების შემცირებას ისახავდა მიზნად, რაც კრემლის უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსების მთავარი წყაროა.