კალასის თქმით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის პასუხად უვიზო რეჟიმის შეჩერება განიხილება

კალასის თქმით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის პასუხად უვიზო რეჟიმის შეჩერება განიხილება

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის განცხადებით, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის საპასუხოდ, სხვა საკითხებთან ერთად, უვიზო რეჟიმის შეჩერებაც განიხილება. კალასმა განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე არსებული საფრთხეების შესახებ ისაუბრებენ.

კერძოდ, კალასის ინფორმაციით, დღეს საქართველოს მთავრობას წერილს გაუგზავნიან, რომელშიც პირობები იქნება მოცემული – ამ პირობების გარკვეულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, მისივე თქმით, ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის შეჩერება მოუწევთ.

„ჩვენ ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში. ვიმსჯელებთ, დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია. ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება და სხვა ელემენტებიც, რომლებიც საქართველოს მთავრობას გათვლების შეცვლას აიძულებს,“ – განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, გუშინ რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა X-ზე დაწერა, რომ ევროკომისია წერილს ამზადებს, რომელშიც ქართული ოცნების ხელისუფლებას უვიზო რეჟიმის შეჩერებით ემუქრება.