კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, ქვეყანა უკრაინას $2.5 მილიარდის მოცულობის ეკონომიკურ დახმარებას გამოუყოფს. პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად გამართულ სამიტზე კარნიმ აღნიშნა, რომ კანადის მხარდაჭერით უკრაინას საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაფინანსების მოპოვება შეეძლება.
კანადა დააფინანსებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ უკრაინისათვის სესხის სახით $8.4 მილიარდის გამოყოფას. გარდა ამისა, კანადა უკრაინას პირდაპირი სესხის სახით $1.5 მილიარდს მიაწვდის.
კანადის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მოხდება მსოფლიო ბანკის IBRD-ის მიერ უკრაინის რეკონსტრუქციისათვის 2026 წელს გამოსაყოფი $1.3-მილიარდიანი სესხის გარანტირებაც. გარდა ამისა, კანადა საკუთარ თავზე იღებს იმავე სუბიექტისგან უკრაინის ბუნებრივი აირის იმპორტისათვის გამოყოფილი $322-მილიონიანი სესხის გარანტიასაც.
ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში ვიზიტით წელს მეორედ იმყოფებოდა. მოგეხსენებათ, კანადა უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მხარდამჭერია. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კანადამ უკრაინას ეკონომიკური, სამხედრო, ჰუმანიტარული, უსაფრთხოებისა და სხვა სექტორებში მხარდაჭერის სახით $22 მილიარდზე მეტი გამოუყო.
გარდა ამისა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად კანადას 2014 წლის შემდეგ 3,300-ზე მეტი ინდივიდი და სუბიექტი ჰყავს დასანქცირებული. კანადის სანქციების ქვეშაა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 300-ზე მეტი გემიც.
კონკრეტულად სამხედრო დახმარების კუთხით, 2022 წლის შემდეგ კანადამ უკრაინას $6.5 მილიარდის მოცულობის მხარდაჭერა აღმოუჩინა. აღსანიშნავია, რომ სამხედრო მიმართულებით კანადა უკრაინას 2014 წლის შემდეგაც აქტიურად ეხმარებოდა, რაც ძირითადად უკრაინელი სამხედროების გადამზადებას ითვალისწინებდა.
















