კანადაში, კანანასკისში, დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების ლიდერები იკრიბებიან. G7-ის ყოველწლიური სამიტი 15 ივნისს დაიწყო და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. წლევანდელი შეხვედრები განსაკუთრებით საყურადღებოა იმის გათვალისწინებით, რომ ისინი რამდენიმე გეოპოლიტიკური მოვლენის ფონზე მიმდინარეობს – მათ შორისაა რუსეთ-უკრაინის ომი და ისრაელსა და ირანს შორის რამდენიმე დღის წინ დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტი. არსებული ინფორმაციით, G7-ის სამიტზე ერთმანეთს აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებიც შეხვდებიან. ცნობისთვის, ზელენსკი კანადაში სტუმრის სტატუსითაა მიწვეული.
კანადა, რომელიც წელს G7-ის თავმჯდომარეა, იტალიის, აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოსა და იაპონიის ლიდერებს უმასპინძლებს. 2025 წლის G7-ის დღის წესრიგში, რომელიც სამიტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, კანადისთვის არსებული სამი ძირითადი საკითხია გათვალისწინებული, ესენია: „მსოფლიო მასშტაბით ჩვენი საზოგადოების დაცვა”, „ენერგოუსაფრთხოების შექმნა და ციფრული გადასვლის დაჩქარება” და „სამომავლო პარტნიორობების უზრუნველყოფა”.
თუმცა ისრაელ-ირანის კონფლიქტი, სავარაუდოდ, კანადის ახლად არჩეული პრემიერის, მარკ კარნის დღის წესრიგზეც მოახდენს გავლენას. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ წლევანდელ სამიტს პრეზიდენტი ტრამპი ესწრება, კანადაში ჩასულ ქვეყნების ლიდერებს კი ტრამპთან შეხვედრის სურვილი აქვთ.
G7-ის ლიდერების გარდა, დიდი შვიდეულის წლევანდელ სამიტს, მოწვეული სტუმრების რანგში, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. მათ შორის, როგორც აღინიშნა, იქნება ზელენსკი, ასევე ინდოეთის პრემიერი ნარენდრა მოდი და მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შაინბაუმი, რომელმაც ტრამპთან პირადად შეხვედრის იმედი გამოთქვა.
სამიტს ასევე ესწრება წარმომადგენლობა ევროკავშირიდან და NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე. ახალწვეულებს შორის არიან გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი შიგერუ იშიბა. გავრცელებული ცნობებით, კანადაში ჩავა ავსტრალიის, ბრაზილიის, ინდონეზიის, სამხრეთ აფრიკისა და სამხრეთ კორეის წარმომადგენლობაც.
ოვალურ კაბინეტში საკამათო დებატებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მთავარი ყურადღება ზელენსკისა და ტრამპის სავარაუდო შეხვედრისკენაა მიმართული. ვაშინგტონის შემდეგ, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ვატიკანში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზეც ისაუბრეს, თუმცა დეტალები არ გაუსაჯაროებიათ. ტრამპი კანადაში კვირა საღამოს ჩავიდა. რაც შეეხება ზელენსკის, ის სამიტზე სამშაბათს გამოჩნდება. უკრაინის პრეზიდენტის მთავარი მიზანი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მოთხოვნა და პუტინზე ზეწოლის გაძლიერება იქნება, რათა ის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. თავის მხრივ, ტრამპს სურს, ევროპის სახელმწიფოებმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გააძლიერონ.
თუმცა, უკრაინის საკითხის გარდა, მთავარი ფოკუსი აშშ-სა და კანადას შორის არსებულ ურთიერთობაზეც კეთდება. ურთიერთობის გაუარესება კი ტრამპის განცხადებებს, მათ შორის კანადის 51-ე შტატად შემოერთების შესახებ და ქვეყნებს შორის ახალი სავაჭრო ტარიფების შემოღებას მოჰყვა. კარნი ტრამპის მიმართ კრიტიკული პოზიციით გამოირჩევა და არაერთგზის განაცხადა კიდეც, რომ აშშ მსოფლიოში „დომინანტურ” ძალას აღარ წარმოადგენს, უფრო მეტიც, ძირს უთხრის დემოკრატიულ ღირებულებებს და კანონის უზენაესობას. ცნობისთვის, კანადის პრემიერის რანგში, ეს კარნისთვის პირველი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა.
არანაკლებ საყურადღებოა ტრამპის მხრიდან ევროპული ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესების მუქარა, რის შემდეგაც, იტალიის პრემიერი, ჯორჯა მელონი, ტრამპსა და დანარჩენ ევროპას შორის შუამავლის როლის შესრულებას ცდილობს. მელონი ერთადერთი ევროპელი ლიდერია, რომელიც იანვარში გამართულ ტრამპის ინაუგურაციასაც დაესწრო. ევროკავშირის გარდა, 90-დღიანი სატარიფო ზავი მოქმედებს აშშ-სა და იაპონიას შორისაც.
როგორც ბლოკი, ასევე იაპონიაც მოელის, რომ შეერთებულ შტატებთან შეთანხმებას 9 ივლისამდე, ამ ვადის ამოწურვამდე შეძლებს. კანადაში ჩასვლამდე, ჟურნალისტებთან კომენტარი დონალდ ტრამპმაც გააკეთა და სამიტზე რამდენიმე ახალი სავაჭრო შეთანხმების მიღწევის პირობაც დადო.
რაც შეეხება ირანისა და ისრაელის კონფლიქტს, ამ თემასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა სამიტის დაწყებამდეც ისაუბრა. რამდენიმედღიანი თავდასხმების მიუხედავად, დონალდ ტრამპი ოპტიმისტურადაა განწყობილი და თვლის, რომ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. ასევე ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა ისრაელის გეგმას, რომელიც ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას გულისხმობდა, ვეტო დაადო.