კანადელი რეჟისორი ჯეიმს კამერონი ოფიციალურად მილიარდერია

კანადელი რეჟისორი ჯეიმს კამერონი ოფიციალურად მილიარდერია

2025 წლის 19 დეკემბერს, „ავატარის“ მესამე ნაწილის დაგეგმილ პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე, ფილმის რეჟისორმა, ჯეიმს კამერონმა მილიარდერის სტატუსი ოფიციალურად მოიპოვა. ამერიკული Forbes-ი 71 წლის კანადელი კინორეჟისორის ქონებას $1.1 მილიარდად აფასებს.

თითქმის 40-წლიანი კარიერის განმავლობაში, კამერონის ფილმებმა სალაროებში კოლექტიურად თითქმის $9 მილიარდი გამოიმუშავა. კინორეჟისორისთვის ერთ-ერთი პირველი ყველაზე მოგებიანი პროექტი კი „ტიტანიკი“ გამოდგა. 1997 წლის ფილმმა, $200-მილიონიანი ბიუჯეტით, მხოლოდ კინოგაქირავებიდან $1.8 მილიარდი გამოიმუშავა. დამატებით $800 მილიონი – სახლის ვიდეოფირების გაყიდვებიდან. თავდაპირველი ხელშეკრულებით, კამერონის ანაზღაურება $7 მილიონით იყო განსაზღვრული, თუმცა რეჟისორმა ფილმის მოგებიდან 10%-იც მიიღო.

კამერონის რეჟისორობითაა გადაღებული მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი ფილმიც, „ავატარი“. 2009 წელს გამოსულმა ფილმმა ჯამში 2.8 მილიარდ დოლარამდე შემოსავალი მიიღო. ხოლო ფილმის მეორე ნაწილი, 2022 წლის „ავატარი 2: წყლის გზა“, დაახლოებით $2.4 მილიარდით, მსოფლიოს მესამე ყველაზე შემოსავლიანი ფილმია, „შურისმაძიებლების“ ($2.8 მილიარდი) ბოლო ნაწილის შემდგომ. როგორც ცნობილია, „ავატარის“ მეორე ნაწილით კამერონმა, სულ მცირე, $250 მილიონი გამოიმუშავა.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ყველაზე შემოსავლიანი ფილმის გაგრძელება „ოქროს გლობუსის“ მთავარი ჯილდოს წლევანდელ ნომინანტებში ვერ მოხვდა, კინოკრიტიკოსები მესამე ნაწილს სალაროებში $2 მილიარდის გამომუშავებას უწინასწარმეტყველებენ.

ამერიკული Forbes-ის $1.1-მილიარდიანი შეფასებით, კამერონი მილიარდერ კინორეჟისორთა მცირერიცხოვან სიაში მოხვდა. კანადელთან ერთად, ამ სტატუსისთვის სულ ოთხ კინორეჟისორს აქვს მიღწეული, ესენი არიან: სტივენ სპილბერგი ($7.1 მილიარდი), ჯორჯ ლუკასი ($5.3 მილიარდი), პიტერ ჯექსონი ($1.7 მილიარდი) და ტაილერ პერი ($1.4 მილიარდი).