კაპიტოლიუმის ინვესტორი | რამზი მუსალამი

კაპიტოლიუმის ინვესტორი | რამზი მუსალამი

უოლ სტრიტზე, როგორც წესი, „მთავრობა“ სალანძღავი სიტყვაა. ამის მიუხედავად, კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდის მილიარდერმა, რამზი მუსალამმა ტრაგედია Forbes -ის სიაში შემავალ სიმდიდრედ აქცია. მან ეს გლობალური ეკონომიკის ყველაზე მსხვილი მოთამაშის მოტივების გაგებით შეძლო.

2012 წლის 10 სექტემბერს აბაზანიდან გამოსულ რამზი მუსალამს სამუშაო ოთახში ახალი ამბით შეძრული ასისტენტი დახვდა. მას შეატყობინეს, რომ სამხრეთ კონექტიკუტში, საკუთარ სახლში, მუსალამის ბოსმა, 58 წლის რობერტ მაქკეონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მუსალამი მაშინვე მანქანაში ჩახტა და შუა მანჰეტენიდან კონექტიკუტის ქალაქ დარიენამდე 40 მილი გაიფრინა. ის მაქკეონს ახლოს იცნობდა. მან იცოდა, რომ მისი ბოსი ფსიქიკური პრობლემებით იტანჯებოდა. მაქკეონი არაამქვეყნიური ძალისა და შემართების ადამიანი იყო. მან მტკიცე ნებისყოფით ბრონქსის ქუჩებიდან ფინანსების ზედა ეშელონებში მოხვედრა მოახერხა. მამამისი ბრონქსში „დრეიკის“ ნამცხვრების კომპანიის კურიერად მუშაობდა. მუსალამი მომხდარით შეძრული იყო.

„განადგურებული ვიყავი. კარგა ხანს ერთად ვმუშაობდით. მძიმე გადასატანი იყო. ასეთი რამ არასდროს განმიცდია“, – იხსენებს მუსალამი.

მაქკეონის ამერიკული ოცნება კოშმარად იქცა. მუსალამის აღმავლობა კი ახლა იწყებოდა. იგი ოფისში დაბრუნებისთანავე მაქკეონის მიერ 1992 წელს დაარსებული კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდის, Veritas Capital-ის გადარჩენის გეგმაზე მუშაობას შეუდგა.

მუსალამი ფირმას 1998 წელს შეუერთდა და მას მერე Veritas-ის მეორე ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე ხელმძღვანელი გახდა. ბოსის სუიციდის მომდევნო დღიდანვე მან კომპანიის ინვესტორებთან საგანგებო შეხვედრები გამართა. მაქკეონის სიკვდილის გამო, ინვესტორებს შეეძლოთ, Veritasის საქმიანობის მხარდაჭერა შეეწყვიტათ. მუსალამმა ისინი დაარწმუნა, რომ ფსონი სწორედ მასზე უნდა დაედოთ, იგი, ასევე, მაქკეონის ოჯახს შეუთანხმდა, რომ Veritas-ის საკონტროლო პაკეტი მისთვის გადაეცათ. ამ ნაჩქარევმა გარიგებამ წლების შემდეგ მუსალამსა და მაქკეონის ოჯახს შორის დაპირისპირება წარმოშვა, რასაც სასამართლოში ჩივილიც მოჰყვა.

ამ პერიოდში მუსალამის მიერ განხორციელებულმა მანევრებმა უოლსტრიტული წარმატების განსაცვიფრებელ ისტორიას დაუდო სათავე. 2012 წლიდან დღემდე Veritas Capital-ის აქციები 2 მილიარდიდან 36 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მისმა ფონდებმა 31%-ის წმინდა შიდა მოგება ნახეს. მათ მხოლოდ ერთხელ დაკარგეს ფული (87 მილიონი დოლარი მზის პანელების კომპანიაზე ნიუ-მექსიკოში). მუსალამის მოსვლიდან დღემდე Veritas-მა თავის ინვესტორებს 12 მილიარდი დოლარის მოგება მოუტანა. 53 წლის მუსალამის ქონება 4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ წელს იგი პირველად მოხვედრილიყო Forbes 400-ის სიაში.

მუსალამის წარმატების საიდუმლო მისი ფოკუსირებაა ისეთ ტექნოლოგიურ კომპანიებზე, რომლებიც თავდაცვის, ჯანდაცვისა და განათლების სექტორებში მოღვაწეობენ. ამ სფეროებში აშშ-ის ფედერალური მთავრობა დომინირებს, რომელიც მათზე ყოველწლიურად 6.8 ტრილიონ დოლარს ხარჯავს. ფედერალური მთავრობა ამ სექტორებს ყოვლისმომცველ რეგულაციებსაც უწესებს. მაშინ, როდესაც კერძო კაპიტალის ფონდების უმეტესობა ერიდება მთავრობის ინტერვენციით და რეგულაციებით გაჯერებულ სფეროებს, მუსალამის სტრატეგია სწორედ გლობალური ეკონომიკის ყველაზე გავლენიანი მოთამაშის მოტივების გაგებაში მდგომარეობს.

„მე და კომპანია მთავრობასთან სიახლოვეს ვინარჩუნებთ, იმიტომ რომ მთავრობაა ყველა იმ სირთულისა და საკითხის წინა ფრონტზე, რომლებსაც ვეხებით“, – ამბობს მუსალამი. ის მანჰეტენზე თავის სამუშაო ოფისში ზის, რომელიც ცენტრალურ პარკს გადაჰყურებს და ამ ნიშნით, ვაშინგტონისგან მკვეთრად განსხვავებულად გამოიყურება. „რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოს ზეგავლენის ქვეშ მყოფი ბაზრებია, ამაზე ორი აზრი არაა. იმის გაგება, თუ როგორ აზროვნებს და რას ფიქრობს მთავრობა ამ ბაზრების შესახებ, სწორი ინვესტიციების გაკეთებაში გვეხმარება“, – დასძენს მუსალამი.

ამ ფორმულამ გაამართლა. იანვარში Veritas-ი ავტორიტეტულ და ყურადსაღებ HEC-Dow Jones-ის წარმატებული ფირმების რეიტინგში მეოთხე ადგილზე გავიდა. მან ისეთ ჩემპიონებს გაუსწრო, როგორიცაა Thoma Bravo, Vista Equity Partners-ი და Clayton-ი, Dubilier & Rice-ი.

მართალია, მუსალამს ვაშინგტონსა და უოლ-სტრიტზე ნავიგაცია არ უჭირს, მაგრამ ის საჯაროობას გაურბის და მედიას იშვიათად ელაპარაკება. იგი ერთ-ერთია იმ მცირეოდენი ფინანსისტებიდან, რომლებსაც მაღალი რანგის სამთავრობო საშვები აქვთ. „კერძო კაპიტალის ფონდების სამყაროში არის ხალხი, ვინც ყველასთვის ცნობადია. რამზი მათ რიცხვს არ განეკუთვნება. მას ნაკლებად ამჩნევენ, თუმცა ის განსაკუთრებით ეფექტიანია, – ამბობს დევიდ სოლომონი, „გოლდმენ საქსის“ პრეზიდენტი. – მან უხმაუროდ ააშენა ძალიან ღირებული ბიზნესი, მთავრობის მიერ რეგულირებული ბაზრებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთაზე. ეს დიდი იშვიათობაა კერძო კაპიტალის ფონდების სამყაროში“, – დასძენს ის.

„კერძო კაპიტალის ფონდების სამყაროში არის ხალხი, ვინც ყველასთვის ცნობადია. რამზი მათ რიცხვს არ განეკუთვნება. მას ნაკლებად ამჩნევენ, თუმცა ის განსაკუთრებით ეფექტიანია.“
დავიდ სოლომონი, Goldman Sachs-ის CEO

რამზის მამა, სამიჰ მუსალამი პალესტინელი ქრისტიანი იყო, რომელიც ნიუ-იორკში 1950 წლების ბოლოს ჩამოვიდა. ამ დროს არაბეთ-ისრაელის პირველი ომი ახალი დამთავრებული იყო. ნიუ-იორკში სამიჰს პირველივე ღამეს ყველაფერი მოჰპარეს. თუმცა მან ქარტეხილებს გაუძლო და მისურის უნივერსიტეტში სამოქალაქო ინჟინერიის სპეციალობით დიპლომი აიღო. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სამიჰი ეფინჰემსში, ილინოისის შტატში დასახლდა. ის ამერიკაში ცხოვრების დროს ბედს არ უჩიოდა, თუმცა ამის მიუხედავად, 1960-იან წლებში ახლო აღმოსავლეთში დაბრუნდა. მისი მეორე ვაჟი, რამზი, 1968 წელს, იორდანიის ქალაქ ამანში დაიბადა.

სამიჰ მუსალამი აშშ-ის საინჟინრო არმიისთვის მუშაობდა და ამის გამო მის ოჯახს მუდმივად გადაადგილება უწევდა. რამზის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა იმან, რომ მან ადრეული წლები განვითარებადი ბაზრების ქვეყნებში, საუდის არაბეთსა და ტანზანიაში გაატარა. „ჩვენ, პირდაპირი მნიშვნელობით, უკაცრიელ ადგილზე ვცხოვრობდით. იქ არც სოფელი იყო, არაფერი… ჩვენ სახლში გვამეცადინებდნენ და საფოსტო წერილების გაცვლის მეშვეობით ვიღებდით განათლებას. აიპედი მაშინ არ არსებობდა. დავალებას ვწერდით და დედაჩემი მას ფოსტით გზავნიდა“, – იხსენებს რამზი აფრიკაში გატარებულ წლებს.

მუსალამის თქმით, ამ წლებმა სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებთან ურთიერთობის წარმართვა, სენსიტიურობა და მედეგობა ასწავლა. ერთხელ, ტანზანიაში, ტალახიან გზაზე, მისი ოჯახის წევრებს ბანდიტებმა იარაღი დაადეს და ფული გამოსძალეს. „მაშინ ეს ნორმალურად მეჩვენებოდა“, – იხსენებს მუსალამი.

როდესაც მუსალამი უკვე საშუალო სკოლის მოსწავლე იყო, მისი ოჯახი ისევ აშშ-ში დაბრუნდა და პაი-ბრუკში, ნიუ-ჯერსიში დასახლდა. მუსალამმა კოლგეიტის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა და 1990 წელს უოლ-სტრიტზე JPMorgan-ის ინვესტიციების ბანკირად დაიწყო მუშაობა; ორი წლის შემდეგ კერძო კაპიტალის პატარა საინვესტიციო ფონდში, Berkshire Partners-ში განაგრძო მუშაობა. ამის შემდეგ იგი ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში ჩაირიცხა; ამ პერიოდში, ჰაიატის სასტუმროების ქსელის დამფუძნებელი მილიარდერის, ჯეი პრიცკერის საინვესტიციო ოპერაციებზე დაიწყო მუშაობა; საბოლოოდ, სწავლა 1998 წელს დაასრულა და მაშინვე ნიუ-იორკისკენ გაეშურა, სადაც იგი უკვე რობერტ მაქკეონმა დაიქირავა.

ექვსი წლით ადრე მაქკეონმა Veritas Capital-ი დააფუძნა, მას შემდეგ, რაც ის Wasserstein Perella & Co.-დან წამოვიდა. ეს უკანასკნელი იყო პიონერი საინვესტიციო ბანკი, რომლის თანადამფუძნებელიც ბრიუს ვასერსტაინი გახლდათ. ვასერსტაინის სახელი უკვდავყოფილია 1989 წლის Forbes-ის სტატიაში, სადაც აღწერილია, თუ როგორ თაფლავდა მისი კომპანია კლიენტებს იმისთვის, რომ მათ სამიზნეებში ზედმეტი ფული გადაეხადათ. მაქკეონი ამ კომპანიის წარმატებულ კერძო კაპიტალის მიმართულებას ხელმძღვანელობდა და მას უკვე ყელში ჰქონდა ამოსული ის, რომ მისი დანაყოფის მოგების დიდი ნაწილი ბრიუს ვასერსტაინის ჯიბეში მიდიოდა.

Veritas-ში მაქკეონს კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტი ეკავა ხელში. იგი ყოველი ახალი გარიგებისას ხელახლა იწყებდა ფულის მოზიდვას. მისი სამიზნე მდიდარი კომპანიების პრეზიდენტები იყვნენ, მათ შორის, „შევრონის“ ჯორჯ კელერი და „ფორდის“ ჰაროლდ „რედ“ პოლინგი. მაქკეონის ერთადერთი პარტნიორი ტომას კემპბელი იყო, რომელმაც Wassertstein Perella მასთან ერთად დატოვა იმისათვის, რომ Veritas-ი დაეფუძნებინა. თუმცა მაქკეონმა კემბპელი ფირმიდან 2007 წელს გააგდო.

მუსალამმა მაქკეონი ორი მიმართულებით წაიყვანა. პირველი – მან მაქკეონი დაარწმუნა იმაში, რომ ყოველი ახალი გარიგებისას ცალ-ცალკე ფულის მოზიდვა ცუდი იდეა იყო. ამის ნაცვლად, კომპანიას კერძო კაპიტალი ინსტიტუციური ინვესტორებისგან უნდა მოეზიდა და ქეში წლობით ჰქონოდა. ამან კომპანიას მოქნილობა შესძინა და ბიზნესს ზრდის საშუალება მისცა. მეორე – მუსალამი მიხვდა, რომ თავდაცვის კონტრაქტორები პროდუქტიული სამიზნეები იქნებოდნენ ისეთი ფონდებისთვის, რომლებიც სამთავრობო კონტრაქტების თავისებურებებს ალღოს აუღებდნენ. Veritas-მა ამ მიმართულებით სვლა ჰანტსვილში, ალაბამაში ბაზირებული სამხედრო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის, PEI Electronics-ის შეძენით დაიწყო. შედეგად, შეიქმნა Integrated Defense Technologies-ი, რომელიც 2002 წელს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გავიდა. თავდაცვის სფეროს კონტრაქტები Veritas-ის შემოსავლების ერთ- -ერთ წყაროდ იქცა. როდესაც რომელიმე გარიგება განსაკუთრებით სარფიანად გამოიყურებოდა, მაქკეონი ბრიუს ვასერსტაინის მაგალითს მიჰყვებოდა და საუკეთესო ნაჭრებს თავისთვის იტოვებდა. პირადად მან 350 მილიონი დოლარი დააგროვა მხოლოდ ერთი სამხედრო კონტრაქტორის, DynCorp-ის წყალობით, რომელიც 2010 წელს გაყიდა.

მაქკეონის სიკვდილმა Veritas-ის გარიგებების „საკვანძო პერსონის“ მუხლს საფრთხე შეუქმნა. ბევრ ინვესტორს კომპანიის დაფინანსებაზე უარი რომ ეთქვა, ფონდის საქმე წასული იყო. მუსალამს 6 თვე ჰქონდა პრობლემის მოსაგვარებლად.

მაქკეონის სიკვდილმა Veritas-ის გარიგებების „საკვანძო პერსონის“ მუხლს საფრთხე შეუქმნა. ამან ფირმის ინვესტორებს იმის უფლება მისცა, რომ ახალი გარიგებებისთვის კაპიტალის მიწოდება შეეჩერებინათ. ბევრ ასეთ ინვესტორს კომპანიის დაფინანსებაზე უარი რომ ეთქვა, ფონდის საქმე წასული იყო. მუსალამს 6 თვე ჰქონდა პრობლემის მოსაგვარებლად, სანამ საინვესტიციო ონკანი გადაიკეტებოდა. „მე იშვიათად ვარ სტრესის ქვეშ. ძალიან ფოკუსირებული ვიყავი, რადგან გულში ვფიქრობდი, რომ უზარმაზარი შესაძლებლობები გველოდა“, – იხსენებს მუსალამი.

მან Veritas-ის ინვესტორებთან შესახვედრად მთელი ამერიკა მოიარა; საბოლოოდ, ყოველი მათგანი დაარწმუნა იმაში, რომ მასთან და მის გუნდთან თანამშრომლობა უნდა გაეგრძელებინათ. ინვესტორების დასარწმუნებლად მუსალამმა Veritas-ის მენეჯერების ჰონორარები შეამცირა. „ამის პრეცედენტი არ არსებობდა. ჩვენ 100%-იანი ნდობა მივიღეთ ინვესტორებისგან. ვერავინ იფიქრებდა, რომ ამას შევძლებდით“, – ამბობს მუსალამი.

ამის პარალელურად, მუსალამს მაქკეონის ქონების მესვეურები უნდა დაერწმუნებინა იმაში, რომ Veritas-ის საკონტროლო წილი მასზე გადაეფორმებინათ. მაქკეონის ქონებას გარდაცვლილის ოთხი შვილის ინტერესების შესაბამისად მისი ერთ-ერთი ძმა მართავდა. მუსალამს რომ ინვესტორები არ შეენარჩუნებინა, ფირმას კოლაფსი ელოდა. ამ ფაქტმა მაქკეონის ოჯახთან მოლაპარაკებებში მისი პოზიციები მნიშვნელოვნად გააძლიერა.

2013 წლის იანვარში მაქკეონის ოჯახი Veritas-ის საკონტროლო პაკეტის მუსალამისთვის გადაცემას დათანხმდა. ამის სანაცვლოდ, მათ მენეჯმენტის კომპანიისა და ფონდთან ასოცირებული სამი პარტნიორის მიერ შესრულებული ყოველი ახალი გაყიდვიდან თანხის 10% მოითხოვეს. ამას გარდა, მათ დაიტოვეს Veritas-ის არსებული ფონდებიდან მაქკეონისთვის განკუთვნილი ჰონორარების წილი და მოითხოვეს მომდევნო ორი ფონდის მოზიდვისთვის განკუთვნილი ჰონორარების 5%-იც. ეს იყო მუსალამის სრული გამარჯვება. იგი გადარჩენილი ფირმის საკონტროლო პაკეტის მფლობელი და პრეზიდენტი გახდა.

„მას არა მხოლოდ ინვესტორებთან და ფირმასთან გამკლავება მოუწია, არამედ იმ ფაქტთანაც, რომ ახლობელი ადამიანი დაკარგა. ამის მიუხედავად, მას გზიდან არ გადაუხვევია და ზოგჯერ ისეთ კითხვებსაც პასუხობდა, რომლებიც ზედმეტად პერსონალური იყო“, – ამბობს Veritas-ის ინვესტორი, კლაუდია ბარონი, რომელიც ჩიკაგოში ბაზირებული ფირმის, PPM America-ის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების კერძო კაპიტალის ინვესტიციებს მართავს. „მე ვიფიქრე, რომ თუკი ეს ადამიანი ასე იქცევა სტრესულ პერიოდში, ე.ი. ის გამოავლენს ასეთივე დონის გამჭრიახობას და კეთილსინდისიერებას გარიგებების დროსაც“, – დასძენს ის.

წლების განმავლობაში მუსალამი ჯანდაცვის დოკუმენტების დიგიტალიზაციის იდეით იყო შეპყრობილი. იგი ამ სფეროში საჯარო-კერძო პარტნიორობის დაფუძნების იდეით და მასში ჯანდაცვის საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიის ჩართვით კერი ვიმსთან საუბრების დროს დაინტერესდა. ვიმსი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში Medicare-ის პროგრამას ხელმძღვანელობდა. მუსალამმა გაითავისა ის, რომ ვიმსისნაირ ხალხთან თავი ყოველთვის ახლოს უნდა დაეჭირა. ვიმსი აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბიუჯეტს აკონტროლებდა. Veritas-ი ამ ტერიტორიაზე პირველად 2007 წელს შევიდა, როდესაც ჯანდაცვის საინფორმაციო ტექნოლოგიების ფირმა Vangent-ი შეიძინა. მან ეს კომპანია ოთხი წლის შემდეგ General Dynamics-ს მიჰყიდა და ამ გარიგებით 350 მილიონი დოლარის მოგება ნახა.

„ჯანდაცვის სისტემა მოშლილია. ჩემი ფუნდამენტური რწმენაა, რომ ტექნოლოგიებს მისი გამოსწორება შეუძლია“, – ამბობს მუსალამი.

2012 წელს მუსალამი ინფორმაციების სფეროს გიგანტს, „ტომსონ როიტერსს“ დაუკავშირდა, რათა ამ უკანასკნელისგან ისეთი ბიზნესები ეყიდა, რომლებიც სადაზღვევო მოთხოვნების, ასევე საავადმყოფოებისა და სადაზღვევო კომპანიებისთვის გადახდილი ჯანდაცვის ხარჯების შესახებ მონაცემებს აგროვებდნენ. მუსალამი დარწმუნებული იყო, რომ Veritas-ს ჯანდაცვის მონაცემებზე უნდა დაედო ფსონი. Veritas-მა ამ კომპანიებში 465 მილიონი დოლარი გადაიხადა. საბოლოოდ, სესხების ჩათვლით შესყიდვის ღირებულებამ 1.3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს Veritas-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფსონია.

რობერტ მაქკეონი

მუსალამმა „ტომსონ როიტერსის“ ძველ ქვედანაყოფს სახელი გადაარქვა და მას Truven Health Analytics-ი უწოდა. ამ უკანასკნელში მან 165 მილიონი დოლარის კაპიტალის ინვესტირება გააკეთა. მისი მიზანი იყო, რომ კომპანია მხოლოდ მონაცემების მიმწოდებლიდან ისეთ ბიზნესადაც ექცია, რომელიც მომხმარებლებს, ხარჯებისა და დანაკარგების გარეშე, უკეთესი ჯანდაცვის სერვისების პოვნაში დაეხმარებოდა. ამ მიმართულებით სვლა რომ დაეჩქარებინა, Veritas-მა Truven-ი სადაზვერვო მონაცემებზე მომუშავე პროგრამირების კომპანიასთან დააწყვილა. ეს კომპანია მუსალამმა Lockhead Martin-ისგან შეიძინა და მას, ეფექტიანი ალგორითმების მეშვეობით, უკვე შეეძლო პეტაბიტობით მონაცემების დამუშავება.

„ჩვენ ჩვენს კომპანიებს ერთმანეთთან კოლაბორაციას ვაიძულებთ. ეს მათ არჩევანზე არაა დამოკიდებული, ასეთი მოთხოვნა გვაქვს“, – ამბობს მუსალამი.

მუსალამმა Truven-ი საჯარო სექტორისკენ წაიყვანა. კომპანიამ სერვისების მიწოდება ისეთი საჯარო კლიენტებისთვის დაიწყო, როგორიცაა Medicare. 2016 წელს Veritas-მა Truven-ი IBM-ზე 2.6 მილიარდ დოლარად გაყიდა. ეს 3.2-ჯერ ძვირი იყო იმ ფასზე, რაც Veritas-მა მასში გადაიხადა.

Veritas-ი სახელმწიფოსთან ასოცირებულ საინვესტიციო ფონდების იმ იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ცნობილ ყოფილ პოლიტიკოსებს ან მთავრობის მაღალჩინოსნებს არ ქირაობენ. ამის ნაცვლად, მუსალამს ურჩევნია, რომ ათწლეულობით კულტივირებული პირადი კავშირები გამოიყენოს. ის დიდ დროს უთმობს სამხედროების მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ბრიფინგებზე დასწრებას. ამისათვის მას ყველაზე მაღალი რანგის უსაფრთხოების საშვი სჭირდება. ასეთ შეხვედრებზე მობილური ტელეფონების შეტანა აკრძალულია.

„აშშ-ის მთავრობა ტექნოლოგიების სფეროს ყველაზე მსხვილი ინვესტორია. ის აღნიშნულ სფეროში უფრო მეტ ინვესტიციას ახორციელებს, ვიდრე ყველა ვენჩურული კაპიტალის ფონდი ერთად აღებული. ათობით ფედერალური სააგენტო პირდაპირ კომპანიებში ახდენს ინვესტირებას, – ამბობს მუსალამი. – ბევრმა ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ბიზნესმა სტარტი სწორედ მთავრობის მიერ დაფინანსებული კვლევისა და განვითარების პროგრამებიდან აიღო. ამის მაგალითებია: „გუგლი“, „ეფლი“ და ბევრი ისეთი რამ, რასაც აიფონში ვპოულობთ. „ტესლა“ ამის კიდევ ერთი მაგალითია… ასევე, კოსმოსური კომპანიებიც, რომლებიც მთავრობასთან გარკვეული სახის კოლაბორაციით არიან შექმნილნი“, – ამატებს მუსალამი.

კიბერუსაფრთხოების სწრაფად მზარდი დარგი Veritas-ის კიდევ ერთ სამიზნე ობიექტს წარმოადგენს. 2014 წელს მუსალამმა შეიძინა გაბანკროტებული უსაფრთხოების სტარტაპი, BeyondTrust-ი. ამისათვის მან 145 მილიონი დოლარი გადაიხადა. შესყიდვის საბოლოო ღირებულებამ, საერთო ჯამში, 310 მილიონი დოლარი შეადგინა. Veritas-მა BeyondTrustის კვლევისა და განვითარების დანახარჯები 44%-ით გაზარდა. ამან თავზეხელაღებული თანამშრომლებისგან და გარეშე ცუდი ბიჭებისგან თავდაცვის მექანიზმები გააძლიერა. შედეგად, BeyondTrust-ის შემოსავლები გაიზარდა – კომპანიას, საშუალოდ, 20%-იანი წლიური ზრდა ჰქონდა. 2018 წელს Veritas-მა ის 775 მილიონ დოლარად – საწყის ფასზე 3.8-ჯერ მეტად გაყიდა.

მუსალამი თავდაცვის არენაზეც მყარად დგას. 2015 წელს Veritas-მა, თანაინვესტორებთან ერთად, 845 მილიონი დოლარი გაიღო მორყეული ავიარემონტირების კომპანიის, StandartAero-ს Dubai Aerospace-სგან შესაძენად. გარიგების ღირებულება სულ 2.1 მილიარდი დოლარი იყო. ამ დროისთვის მუსალამს Veritas-ის ახალი ფონდისთვის 1.9 მილიარდი დოლარი ახალი მოზიდული ჰქონდა. ამ ფულის დიდი ნაწილი მან სწორედ არიზონის ქალაქ სკოტსდეილში ბაზირებული StandardAero-ს შესაძენად გამოიყენა (მას ავიაციის სფერო კარგად ესმოდა, რადგან Veritas-ი მანამდე უკვე ფლობდა Vertex Aerospace-ს, Standard Aero-ს კონკურენტს).

StandardAero ევროპისა და აზიის ბაზრებზე სწრაფად გაფართოვდა. მან თვითმფრინავების ძრავების შეკეთებისთვის საჭირო დროის შემცირება მოახერხა, რამაც ახალი სამთავრობო კონტრაქტები მოუპოვა. 2019 წელს მუსალამმა StandardAero Carlyle Group-ს 5.3 დოლარად – საწყის ფასზე სამჯერ ძვირად მიჰყიდა.

2019 წლისთვის Veritas-ი ყვაოდა. კვლევითი კომპანია Preqin-ის მონაცემებით, მისი ხუთივე საინვესტიციო ფონდი შესაბამისი ინდუსტრიის რეიტინგის პირველ კვარტილს მიეკუთვნებოდა. ამ დროისთვის, მოლოდინებით სავსე ბაზარზე, ბევრი გარე ინვესტორი მოუთმენლად ელოდა უოლ-სტრიტის ყველაზე წარმატებული ფირმების შესყიდვას. 2020 წელს ნიუ-იორკში ბაზირებულმა Dyal Capital-მა მუსალამის კომპანიაში წილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა. 2020 წლის ოქტომბერში მუსალამმა Veritas-ის აქციების 11.8 % Dyal-ს 725 მილიონ დოლარად მიჰყიდა. ამას გარდა, Veritas-მა დესერტად მიიღო 200 მილიონი დოლარის ღირებულების სესხიც. მუსალამმა და მისმა Veritas-ელმა პარტნიორებმა ამ გარიგებით დიდი მოგება ნახეს. გარიგების დროს Veritas-ის ფასი 6.2 მილიარდ დოლარად შეფასდა. მუსალამმა კომპანიის საკონტროლო პაკეტი შეინარჩუნა.

სამწუხაროდ, Dyal-თან გარიგებამ რობერტ მაქკეონის მემკვიდრეები გააღიზიანა. ამ წლის თებერვალში მაქკეონის ოჯახმა მუსალამს კონტრაქტის დარღვევისთვის უჩივლა. ისინი ამტკიცებენ, რომ მუსალამმა 200 მილიონი დოლარის ვალი იმიტომ აიღო, რომ მათთვის ფირმის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის 10% (ამ შემთხვევაში, დაახლოებით 20 მილიონი დოლარი) არ გადაეხადა.

სასამართლო ჩანაწერების მიხედვით, მუსალამი ამტკიცებს, რომ იგი კონტრაქტის პირობების ერთგული დარჩა. „სესხი გაყიდვა არ არის“, განაცხადა მან. სექტემბერში ნიუ-იორკის შტატის უზენაესმა სასამართლოს მოსამართლემ, ჯენიფესტ შექტერმა მუსალამის მხარე დაიჭირა.

მაქკეონის ოჯახთან გასამკლავებლად, მუსალამი იმ სამუშაო მაგიდას მიუჯდა, რომლის გვერდითაც მამამისის, ათი წლის წინ გარდაცვლილი სამიჰის ფოტო არის ჩამოკიდებული.

„მან ის გააკეთა, რაზეც ხშირად გაგვიგონია და წაგვიკითხავს – ნიუ-იორკში გემით ჩამოვიდა. ის დღესაც ზემოდან დამყურებს“, – ამბობს მუსალამი მამამისზე.

 

ფოტო: ჯამელ ტოპინი Forbes-ისთვის