მოდის ინდუსტრიის ფრანგულმა კონგლომერატმა Kering-მა, ჯგუფის უმსხვილესი ლეიბლის, Gucci-ის აღმასრულებელ დირექტორად სტეფანო კანტინო წარადგინა. კანტინო ახალ პოზიციას პირველი იანვრიდან დაიკავებს და ჟან-ფრანსუა პალუსს შეცვლის, რომელმაც გასულ წელს თანამდებობა დროებით დაიკავა.
57 წლის კანტინო Gucci-ს მაისში, იტალიური მოდის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე შეუერთდა. კანტინომ ხუთი წელი Louis Vuitton-ში, LVMH-ის უმსხვილეს ბრენდში გაატარა. Louis Vuitton-ში კანტინო კომუნიკაციებისა და იმიჯის მიმართულებას უძღვებოდა. მანამდე კი, თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში, მუშაობდა Prada SpA-ში, მათ შორის კომუნიკაციებისა და მარკეტინგის დირექტორის თანამდებობაზე.
Gucci-ში, სტეფანო კანტინო, Kering-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამოადგილის, ფრანჩესკა ბელეტინის დაქვემდებარებაში იქნება. ცნობისთვის, ჟან-ფრანსუა პალუსი, დროებით CEO-დ ერთი წლის წინ, მარკო ბიზარის წასვლის შემდეგ დაინიშნა. ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, კანტინოს დანიშვნა დადებითი სიახლეა Gucci-სთვის, რადგან მოდის სახლს გარე გამოცდილება და „უფრო რადიკალური მიდგომები“ ესაჭიროება.
Gucci-ის მოდის სახლი, ფრანგული კონგლომერატის, Kering-ის საოპერაციო მოგების დაახლოებით ორ მესამედს შეადგენს. Gucci-ის შემოსავლები განსაკუთრებით, ჩინეთიდან, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გახანგრძლივების გავლენითა და ფუფუნების საგნებზე მოთხოვნის ვარდნის შედეგად შემცირდა.
ოთხშაბათის მონაცემებით, სავაჭრო სესიის დაწყებამდე, Kering-ის აქციების ღირებულება თითქმის 1%-ით იყო გაზრდილი. თუმცა მთლიანობაში, მიმდინარე წელს, კონგლომერატის აქციების ფასი 40%-ზე მეტითაა დაცემული.
ჯგუფი, რომელიც ასევე ფლობს Yves Saint Laurent-სა და Balenciaga-ს, მესამე კვარტალის შემოსავალს 23 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.