„კერნელი“ 2021 წელს დიდი ამბით აგვირგვინებს - კომპანია ორი წლის იუბილეზე ინდოეთის ბაზარზე შევიდა

„კერნელი“ 2021 წელს დიდი ამბით აგვირგვინებს - კომპანია ორი წლის იუბილეზე ინდოეთის ბაზარზე შევიდა

ორი წლის წინ დაარსებული ქართული სტარტაპი „კერნელი“, რომელიც მცირე მეწარმეებს ბუღალტერიის გასაციფრულებლად და ფინანსების მარტივად სამართავად სპეციალურ პლატფორმას სთავაზობს, ინდოეთის ბაზარზე შევიდა. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა და მარკეტინგის დირექტორმა, მიშო ზღულაძემ Forbes Georgia-ს განუცხადა, მათ აზიურ სახელმწიფოში საწყის ხუთ დღეში 400-ზე მეტი მომხმარებლის დარეგისტრირება შეძლეს და ახლა მათგან უკუკავშირს ელიან, რათა პროდუქტი კიდევ უფრო დახვეწონ და განავითარონ.

„2021 წელს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლით ვაჯამებთ – ორი წლის იუბილეზე ინდოეთის ბაზარზე შევედით. მის დეტალურად გამოკვლევას თვეები დავუთმეთ და დიდი ძალისხმევა ჩავდეთ იმაში, რომ ჩვენი ციფრული ინვოისირების სისტემა ადგილობრივების საჭიროებებზე მაქსიმალურად ყოფილიყო მორგებული.

60 მილიონზე მეტი რეგისტრირებული მცირე ბიზნესით, ინდოეთი არის ის ბაზარი, რომელსაც ვჭირდებით და ჩვენც მოუთმენლად ველით უკუკავშირს პირველი მომხმარებლებისგან, რათა პროდუქტი მათი მოთხოვნების შესაბამისად დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ“, – განაცხადა „კერნელის“ მარკეტინგის დირექტორმა.

მიშო ზღულაძის თქმით, ინდოეთში მცირე მეწარმეების დიდი ნაწილი ბუღალტერიას და, ზოგადად, ფინანსურ პროცესებს ძველი, დრომოჭმული მეთოდებით აწარმოებს. აქედან გამომდინარე, „კერნელის“ მიზანია, პოტენციურ მომხმარებლებს მათი გაციფრულების უპირატესობა და სარგებელი დაანახოს. პლატფორმის თანადამფუძნებლის განცხადებით, მართალია, ინდოეთის ბაზარზე კონკურენტები ჰყავთ, თუმცა ეს არ აშინებთ, ვინაიდან მათთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ.

„ადგილობრივი კონკურენტები გვყავს, თუმცა ჩვენ მათგან ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებლით  – ადაპტირების ხარისხით გამოვირჩევით. სადაც ჩავდივართ, „იქაურ ქუდს ვიხურავთ“, რაც იმას ნიშნავს, რომ მაქსიმალურად ვართ მორგებულნი ინდოეთში არსებულ ფინანსურ რეგულაციებზე. ეს ქვეყანაში რეგისტრირებული მცირე მეწარმეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ციფრული ინვოისირების პლატფორმამ ბაზარზე შესვლის პირველ დღეებში იმ რაოდენობის მომხმარებელი მოიზიდა, რამდენიც გათვლილი გვქონდა“, – განმარტავს ზღულაძე.

ცნობისთვის, საქართველოში პლატფორმას უკვე 6000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. „კერნელის“ ფინანსურ ხელსაწყოებს როგორც მცირე ბიზნესის მფლობელები, ასევე ფრილანსერი ბუღალტრები იყენებენ. მომხმარებლებს შორის არის არაერთი კატეგორიის მეწარმე, დაწყებული მცირე ზომის ოჯახური სასტუმროებით, დამთავრებული ისეთი მსხვილი საბუღალტრო კომპანიებით, როგორიცაა, მაგალითად, Nexia. გარდა ამისა, პლატფორმას ხშირად იყენებენ ე.წ. Business to Business კომპანიებიც. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ინდოეთის გარდა, „კერნელი“ ფილიპინებშიც ოპერირებს. ამ ქვეყნის ბაზარზე კომპანია 2021 წლის გაზაფხულზე შევიდა.

Forbes Georgia-ს შეკითხვას, თუ რა გეგმები აქვთ სამომავლოდ, „კერნელის“ თანადამფუძნებელი შემდეგნაირად პასუხობს:

„ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომელ ბაზარზეც შევალთ, იქ მყარად მოვიკიდოთ ფეხი და მხოლოდ ამის შემდგომ ვიფიქროთ გაფართოებაზე. აქედან გამომდინარე, 2022 წლის პირველ ნახევარს ინდოეთში პოზიციების გამყარებას და პროდუქტის დახვეწას დავუთმობთ. წლის მეორე ნახევარში განვითარებადი სამყაროს კიდევ ერთი ქვეყანა, პაკისტანი გვაქვს ამოღებული მიზანში. „კერნელის“ გუნდს ერთი სული აქვს, ამ ქვეყნის ბაზრის დეტალურ გამოკვლევას შეუდგეს“.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სტარტაპს  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, GITA-ს 650.000-ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებში 525 000 ლარი გადაეცა. როგორც ცნობილია, აღნიშნულ თანხას „კერნელი“ ფილიპინებსა და ინდოეთში პოზიციების გასამყარებლად გამოიყენებს. მანამდე, 2020 წელს, სტარტაპმა GITA-ს 100.000-ლარიანი გრანტიც მოიპოვა. მიმდინარე წელს „კერნელმა“ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია. ის 500 Startup-ის ფინალისტი გახდა, რამაც, როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროდუქტის განვითარება მნიშვნელოვნად დააჩქარა და გუნდის ახალი წევრების მოზიდვას  შეუწყო ხელი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *