ორი წლის წინ დაფუძნებული ქართული სტარტაპი „კერნელი“ მცირე მეწარმეებსა თუ ბიზნესებს ფინანსების მარტივად მართვისთვის სპეციალურ პლატფორმას სთავაზობს. დაარსებიდან დღემდე კომპანია საკუთარი პროდუქტის დახვეწასა და გაუმჯობესებას ცდილობს. მიზანი მომხმარებლების საჭიროებებსა და მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული პლატფორმის შექმნაა.
გასულ წელს „კერნელი“ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის გამარჯვებული გახდა და 100.000 ლარით დაფინანსდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მან GITA-ს კიდევ ერთი, 650.000-ლარიანი გრანტის მოპოვება შეძლო. იმის შესახებ, თუ რაში გამოიყენებს ამ თანხას „კერნელი“, ასევე პლატფორმის უკეთესად გასაცნობად და სტარტაპის სამომავლო გეგმებზე კომპანიის თანადამფუძნებელი და მარკეტინგის დირექტორი, მიშო ზღულაძე გვესაუბრება.
პირველ რიგში, როგორ გაჩნდა „კერნელის“ შექმნის იდეა?
„კერნელი“ შექმნა ძალიან პატარა გუნდმა დიდი იდეით: მცირე მეწარმეების ცხოვრების გამარტივება მარტივი ფინანსური ხელსაწყოების დახმარებით. სტარტაპის იდეა „ტერმინალში“ დაიბადა და განვითარებაც მის შიგნით პოვა. გზად რამდენიმე მნიშვნელოვანი გრანტის მოპოვება შევძელით, რომლებსაც დავამატეთ დიდი შრომა და ენთუზიაზმი, რამაც დღეს უკვე მოქნილ, გამართულ პლატფორმამდე და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლამდეც კი მიგვიყვანა.
„კერნელთან“ ერთად ფინანსების მენეჯმენტი ყოველდღიურად ციფრულდება და, შესაბამისად, მარტივდება. თანამედროვე სამყაროში მცირე მეწარმეები ბუღალტერიასა და დოკუმენტაციის შედგენაზე დიდ დროს არ უნდა ხარჯავდნენ, რადგან უმჯობესია, ეს დრო და ძალისხმევა განვითარების გეგმას და მის განხორციელებას მოხმარდეს.
რას გვეტყვით თქვენი სტარტაპის მთავარი ღირებულებებისა და გუნდის შიდა კულტურის შესახებ?
გარდა იმ ინოვაციური პლატფორმისა, რომელიც შევქმენით, ჩვენთვის არანაკლებ დიდ ღირებულებას წარმოადგენს „კერნელის“ პატარა, თუმცა განსაკუთრებული გუნდი.
მთავარი მახასიათებელი, რომლითაც ჩვენი გუნდი გამოირჩევა, არის საერთო მიზნის ძლიერი აღქმა, რაც განაპირობებს იმას, რომ ყველა ეტაპზე ვიცით, სად ვართ, როგორ მივდივართ და სადამდე გვინდა, მივიდეთ. ძალიან გვიხარია, როდესაც ვხედავთ, როგორი გადამდებია გუნდის ახალი წევრებისთვის ჩვენი ენთუზიაზმი და ის ფაქტი, რომ შემოერთებიდან სულ მალე ისინი იწყებენ საკუთარი თავის აღქმას გუნდის სრულყოფილ ნაწილად. „კერნელი“ გუნდის ყველა წევრს ხელს უწყობს მათი ინტერესების შესაბამისად განვითარებაში. ამ გზით ჩვენ უზრუნველვყოფთ როგორც სტარტაპის, ასევე ინდივიდების პიროვნულ წინსვლას.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, GITA-ს 2020 წლის 100,000-ლარიანი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები ხართ. რაში გამოიყენეთ მიღებული თანხა?
ნებისმიერი ტიპის სტარტაპში მნიშვნელოვანია მობილიზებული რესურსის მიზანმიმართულად გამოყენება, შესაბამისად, 2020 წელს GITA-ს 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტის მოპოვების შემდგომ ჩვენ დავსახეთ სამოქმედო გეგმა, თუ რაში ჩავდებდით თანხას. მისი დიდი ნაწილი, ბუნებრივია, მინიმალური პრაქტიკული პროდუქტის (MVP) შექმნას მოხმარდა, რომელიც დღევანდელი გამართული სისტემის საფუძველია. თანხის ნაწილი კი საქართველოს ბაზარზე გასვლასა და ახალი საერთაშორისო ბაზრების კვლევაში გამოვიყენეთ.
„კერნელის“ შემდეგი დიდი წარმატება 2021 წელს 500 Startup-ის ფინალისტობა გახდა, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა პროდუქტის განვითარება და ჩვენი გუნდის ზრდა ახალი წევრების შემოერთებით. ახლახან მოვიპოვეთ GITA-ს მეორე გრანტი 650 ათასი ლარის ოდენობით. ეს თანხა სამ მნიშვნელოვან მიმართულებას მოხმარდება: მობილური აპლიკაციის შექმნას, ფილიპინების ბაზარზე პოზიციების გამყარებასა და ინდოეთის ბაზარზე გასვლას.
რას სთავაზობს ამჟამად „კერნელი“ მომხმარებლებს? რაში ეხმარება ის მცირე მეწარმეებს და როგორია პლატფორმის მუშაობის პრინციპი?
წარმოიდგინეთ ციფრული ფინანსური მუზეუმი, სადაც უამრავი ისეთი ხელსაწყოა განთავსებული, რომლებიც მცირე მეწარმეებს ფინანსების მენეჯმენტს ძალიან უმარტივებს. სწორედ ასეთი პლატფორმაა „კერნელი“, თუმცა ჩვენთან წარმოდგენილი ექსპონატები პრაქტიკული მოხმარებისთვისაა და არა უბრალოდ გამოსაფენად. ამჟამად მთავარი პროდუქტი ინვოისირების სისტემაა, რომელიც მცირე მეწარმეს საშუალებას აძლევს, პროფესიონალური ინვოისები სულ რაღაც 1 წუთში გამოწეროს, გადაგზავნოს კლიენტებთან და აკონტროლოს შემოსავლებისა და ფულის მიმოქცევა.
გარდა ამისა, სექტემბერში ჩვენ უკვე გავუშვით ხელფასების მენეჯმენტის უმარტივესი სისტემა, რომელიც ერთ სივრცეში აქცევს თანამშრომელთა ხელფასებთან დაკავშირებულ უამრავ ოპერაციას, მათ შორის გადასახადების გამოთვლას, ჩარიცხვების სტატუსის კონტროლსა თუ ინფორმაციის ერთი „კლიკით“ ატვირთვას RS.GE-ზე.
ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენს მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის ფინანსური კალკულატორის გამოყენებაც შეუძლია იმისთვის, რომ რთული გამოთვლები უმარტივეს ოპერაციად აქციოს.
მთავარი ისაა, რომ ნებისმიერი ამ ხელსაწყოს გამოსაყენებლად მცირე მეწარმეს სულაც არ სჭირდება, კარგად ერკვეოდეს ფინანსურ საკითხებში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ჩვენი პლატფორმის მთავარი ხიბლი მის სიმარტივეშია.
როგორია დაინტერესება ადგილობრივი მცირე მეწარმეების მხრიდან? ძირითადად რა სახის ბიზნესის წარმომადგენლები იყენებენ „კერნელის“ ფინანსურ ხელსაწყოებს?
საქართველოში, დარეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა 6000-ს გადასცდა, რაც ამ ეტაპზე კარგ შედეგად შეგვიძლია მივიჩნიოთ. „კერნელის“ ფინანსურ ხელსაწყოებს იყენებენ როგორც მცირე ბიზნესის მფლობელები, ასევე ფრილანსერი ბუღალტრებიც. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩვენს მომხმარებლებს შორის არის არაერთი კატეგორიის მცირე მეწარმე, დაწყებული ოჯახური სასტუმროებით, დამთავრებული ისეთი მსხვილი საბუღალტრო კომპანიებით, როგორიცაა, მაგალითად, Nexia. აგრეთვე, ჩვენს პლატფორმას ხშირად მოიხმარენ ე.წ Buissness to Buisness კომპანიებიც.
ამ დროისთვის რომელ ქვეყნებში იყენებენ თქვენს პლატფორმას? კიდევ რომელი სახელმწიფოების ბაზრებზე შესვლას გეგმავთ?
იდეის გაჩენის დღიდან ვიცოდით, რომ საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ფინანსების მენეჯმენტი სირთულეებთან ასოცირდება. აქედან გამომდინარე, აქტიურად დავიწყეთ ბაზრის სიღრმისეული კვლევა. ვცადეთ რამდენიმე ქვეყანა და აღმოვაჩინეთ, რომ გამართული და მარტივი ფინანსური ციფრული პლატფორმის დიდი საჭიროება დგას განვითარებადი ქვეყნების ბაზარზე, ვინაიდან ისინი ფინანსების მართვის მოძველებულ მეთოდებს მიმართავენ. საწყის ეტაპზე გადავწყვიტეთ, შევსულიყავით ფილიპინებში, სადაც ჩვენი ინვოისირების სისტემა უკვე აქტიურად იზიდავს მცირე მეწარმეებსა და ფრილანსერ ბუღალტრებს. უახლესი მონაცემებით, საქართველოს ბაზარზე რეგისტრირებული მცირე ბიზნესების რაოდენობა 65 ათასს უტოლდება, ფილიპინებში კი ეს რიცხვი 1 მილიონს სცდება, რაც, ბუნებრივია, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა.
2022 წლის დასაწყისში ინდოეთის სახით კიდევ ერთი განვითარებადი ქვეყნის ბაზარზე შევაბიჯებთ, სადაც ამჟამად 40 მილიონზე მეტი მცირე ბიზნესია რეგისტრირებული. ამ სახელმწიფოსთან დაკავშირებით ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. პლატფორმაც მთლიანად ადაპტირებული იქნება ინდოეთში არსებულ ფინანსურ რეგულაციებთან.
რა გამოარჩევს „კერნელს“ სხვა მსგავსი პლატფორმებისგან?
მთავარი მახასიათებელი, რაც „კერნელის“ პლატფორმას კონკურენტებისგან გამოარჩევს, არა მხოლოდ სიმარტივე, არამედ ადაპტირებულობის მაღალი ხარისხია. ჩვენი სისტემა მორგებულია ყველა იმ ქვეყნის ფინანსურ რეგულაციებზე, რომლებშიც შევდივართ. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად, გამზადებულ რეცეპტს ვაწვდით მომხმარებელს, მაშინ როდესაც კონკურენტები ე.წ “one size fits all” პრინციპით ხელმძღვანელობენ, რაც, თავისთავად, მცირე მეწარმეებს უადვილებს არჩევნის ჩვენზე შეჩერებას.
საქართველოს ბაზარზე კონკურენტი, ფაქტობრივად, არ გვყავს. ამას გარდა, ჩვენს ქვეყანაში უკვე არსებულ პლატფორმასთან მიმართებით კონკურენტულ უპირატესობას გვანიჭებს სიმარტივე, რაშიც მოიაზრება, რომ ჩვენი სისტემის გამოყენებას თავისუფლად შეძლებს ყველა დაინტერესებული პირი, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას რაიმე ტიპის ფინანსური განათლება.
ამჟამად რაზე მუშაობთ და სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით?
ჩვენი მიზანია, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე მცირე ბიზნესებისა და ფრილანსერი ბუღალტრებისთვის გადავიქცეთ ფინანსების მენეჯმენტის ყველაზე მარტივ, მორგებულ და ეფექტიან პლატფორმად. ამის მისაღწევად ახლა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ვმუშაობთ:
2022 წლის დასაწყისისთვის მომხმარებლებისთვის „კერნელის“ მობილური აპლიკაცია იქნება ხელმისაწვდომი. ეს მათ საშუალებას მისცემს, ნებისმიერ დროსა და ადგილას გამოწერონ ინვოისები და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ოპერაცია განახორციელონ კიდევ უფრო მარტივად, მობილური ტელეფონის მეშვეობით.
გარდა ამისა, აქტიურად ვემზადებით ფინანსური ხელსაწყოების ინდოეთის ბაზარზე გატანისთვის. ჩვენი გათვლებით, ამას 2022 წლის დასაწყისშივე შევძლებთ.
დაბოლოს, „კერნელის“ გუნდს გვჯერა, რომ ინფორმაციის გაცვლა და მომხმარებლისგან უკუკავშირის მიღება განვითარების საუკეთესო საშუალებაა. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, დავხვეწოთ და გავაფართოოთ საინფორმაციო პლატფორმები და არაფინანსურ აუდიტორიას გასაგები ენით მივაწოდოთ სასარგებლო ინფორმაცია, ფინანსური რჩევები, რომლებიც მათ ან მათ ბიზნესს განვითარებაში დაეხმარება. პარალელურად, ჩვენი მომხმარებლისგან მივიღოთ უკუკავშირი და ვიზრუნოთ იმაზე, რომ მაქსიმალურად მოვარგოთ პროდუქტი მათ საჭიროებებს.
ახალი ბაზრების ათვისების პარალელურად, ჩვენს ციფრულ ფინანსურ ხელსაწყოებს სიახლეებს შევმატებთ და მათ მომხმარებელთა მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად დავხვეწთ.