საერთაშორისო აუდიტორული ქსელი გრანთ თორნთონი არა მხოლოდ მსოფლიოში, საქართველოშიც ბაზრის წამყვანი მოთამაშე და კლიენტების სანდო პარტნიორია. როგორც კომპანიის მმართველი პარტნიორი, ვახტანგ ცაბაძე ამბობს, ამ ყველაფრის საფუძველი უცვლელი ხარისხია.
როგორია გრანთ თორნთონის განვითარების ტემპი საქართველოში?
გრანთ თორნთონი საქართველოში უკვე 20 წელია, წარმატებით ოპერირებს, თუმცა ჩვენი ქსელის წარმომადგენლებმა პროექტების განხორციელება გაცილებით ადრე დაიწყეს. ეს გრძელვადიან სტაბილურობასა და ბაზარზე მდგრადი პოზიციის ქონაზე მიუთითებს. კომპანიას აქვს კლიენტების შთამბეჭდავი პორტფოლიო, რომელიც მოიცავს საერთაშორისო კორპორაციებსა და ადგილობრივ კომპანიებს სხვადასხვა ინდუსტრიიდან. ფირმა აქტიურად აძლიერებს მმართველობით რგოლს, რომელიც მიზნად ისახავს კიდევ უფრო მეტი წარმატებისა და უკეთესი შედეგების მიღწევას.
გრანთ თორნთონი ბაზარზე აღიქმება როგორც სანდო მრჩეველი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც დგანან რთული ფინანსური და ოპერაციული გამოწვევების წინაშე. ახლახან გამოქვეყნებული ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო გამოცემის International Accounting Bulletin–ის (IAB) 2025 წლის კვლევამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი გრანთ თორნთონის პოზიციას გლობალურ ასპარეზზე. მე-6 ადგილით მსოფლიო ბაზარზე და შთამბეჭდავი, 7.3%-იანი მაჩვენებლით, გრანთ თორნთონმა ერთ–ერთი ყველაზე სწრაფი ზრდა აჩვენა თავის მსხვილ კონკურენტებთან შედარებით, რაც ნათლად ასახავს ქსელის მტკიცე სტრატეგიასა და ხარისხზე ორიენტირებულ მიდგომას.
საქართველოს ოფისი განაგრძობს უწყვეტ განვითარებას გლობალური ქსელის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებების შესაბამისად და ეს გლობალური აღიარება გვიბიძგებს, რომ უზრუნველვყოთ ქსელის საერთაშორისო სტანდარტების მუდმივი დანერგვა საქართველოში. ვამაყობთ, რომ ვართ ნაწილი ქსელისა, რომელიც მუდმივად განაგრძობს ზრდასა და განვითარებას.
რა უნიკალურ სერვისებს სთავაზობთ კლიენტებს და რა გამოარჩევს კომპანიას კონკურენტებისგან?
კომპანია აუდიტორული, საგადასახადო და ბიზნესის საკონსულტაციო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს მომხმარებლებს. გასულ წელს მნიშვნელოვნად გაძლიერდა ბიზნესის საკონსულტაციო მიმართულება – გუნდის განახლებული ექსპერტიზითა და ინოვაციური მიდგომით, სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებს მათ საჭიროებებზე მორგებულ, ეფექტიან გადაწყვეტილებებს ვთავაზობთ. ეს მოიცავს ბიზნესოპერაციების ოპტიმიზაციას, ადამიანური კაპიტალის მართვას, ბიზნესის ტრანსფორმაციას, კონსულტაციებს გარემოს დაცვის, სოციალურ და მმართველობით სერვისებზე (ESG) და ა.შ.
გრანთ თორნთონის ნეტვორკი 150-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. რა უპირატესობას გაძლევთ საერთაშორისო გამოცდილება და როგორ იყენებთ მას?
გრანთ თორნთონის ადგილობრივი ოფისი მუშაობს იმავე მეთოდოლოგიით, რითაც ჩვენი ქსელის კომპანიები მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში, რაც საშუალებას გვაძლევს, საქართველოში მომსახურება გავწიოთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამის დონეზე. ასეთი ძლიერი საერთაშორისო ქსელის წევრობა ასევე შესაძლებლობაა, მსოფლიოში საუკეთესო პროფესიონალების დიდ გუნდთან ერთად განვახორციელოთ საერთაშორისო პროექტები, კოლეგების, ჩვენი ქსელის წევრი კომპანიების საშუალებით კლიენტებს მოვემსახუროთ სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც მათ შეიძლება ჰყავდეთ შვილობილი ან დაკავშირებული კომპანიები, ან ჰქონდეთ ბიზნესი.
კომპანიაში აუდიტისა და დაკავშირებული მომსახურებების პროექტების მართვისა და ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების პროცესის უზრუნველყოფაში უდიდესი წვლილი აქვს აუდიტის მართვის პლატფორმა LEAP-ს, რომელიც გრანთ თორნთონის ქსელის მიერ არის შექმნილი და ყველა ქვეყანაში წევრი კომპანიების მიერ აუცილებლად გამოიყენება. LEAP-ის პლატფორმა უახლეს ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული და საუკეთესო ინსტრუმენტია ეფექტიანი აუდიტის დაგეგმვისა და ჩატარებისთვის და მოიცავს მთელ პროცესს კლიენტის აყვანის მართვიდან, პროექტის დაგეგმვამდე: აუდიტის შესრულების მართვას, ხარისხის მიმოხილვას, ზედამხედველობას. პლატფორმა უზრუნველყოფს სტანდარტული მეთოდოლოგიის დაცვას, შესრულებული სამუშაოების, გამოყენებული განსჯის, პროფესიული მსჯელობების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების ეფექტიან დოკუმენტირებას.
ქსელს ჰყავს ტექნიკური სპეციალისტებით დაკომპლექტებული საკუთარი ექსპერტული ჯგუფები როგორც ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებში, ისე აუდიტში, რომლებთანაც მუდმივად მიგვიწვდება ხელი და შეგვიძლია განვიხილოთ ნებისმიერი, ყველაზე რთული ტექნიკური საკითხებიც. ეს არის უდიდესი კომფორტი, რასაც ასეთი ძლიერი ქსელის წევრობა იძლევა.
რა მთავარ გამოწვევებს აწყდებით ქართულ ბაზარზე ბოლო წლების განმავლობაში და როგორ უმკლავდებით მათ?
ბოლო წლების განმავლობაში, როგორც გლობალურად, ისე ქართულ ბაზარზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა კვალიფიციური კადრების ნაკლებობა და ტალანტების შენარჩუნება – აუდიტის, საგადასახადო, საკონსულტაციო და ბიზნესპროცესების გადაწყვეტილებების მიმართულებით მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მოძიება და შენარჩუნება რთული ამოცანაა. ამ გამოწვევის დასაძლევად ვცდილობთ შევინარჩუნოთ საუკეთესო კადრები პროფესიული განვითარების უწყვეტი შესაძლებლობებით და კონკურენტული ანაზღაურებით, ასევე ვახორციელებთ პროგრამებს, რომლებიც პროფესიონალების მოზიდვასა და გუნდის შიგნით მათ გაზრდაში გვეხმარება. ვთანამშრომლობთ წამყვან უნივერსიტეტებთან, სადაც ჩვენი პროფესიონალები კითხულობენ ლექციებს. ვქმნით კარიერული ზრდის შესაძლებლობებს ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის ყოველწლიური bootcamp-ების ორგანიზებით. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს კომპანიაში დასაქმებისა და მომავალში პროფესიული განვითარების შესაძლებლობა ეძლევათ.
გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ანგარიშგება მდგრადი დაფინანსების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. როგორია ახალი სტანდარტები და რეგულაციები ESG–რეპორტინგთან დაკავშირებით? რა გავლენა ექნება მას აუდიტის პროცესზე და კომპანიებზე ამ სფეროში?
მართლაც, ESG–ანგარიშგებას, როგორც მდგრადი ფინანსების განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს, საქართველოში სულ უფრო დიდი ყურადღება ეთმობა. საგრძნობი პროგრესი იქნა მიღწეული ამ მიმართულებით ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) და საქართველოს ეროვნული ბანკის (NBG) ძალისხმევით. ეს ინსტიტუტები აქტიურად მუშაობენ ქვეყანაში ფინანსური და კორპორაციული ანგარიშგების ჩარჩოების საერთაშორისო მდგრადი განვითარების სტანდარტებთან, მათ შორის, ევროკავშირის კორპორაციული მდგრადი ანგარიშგების დირექტივასთან (CSRD) შესაბამისობაში მოყვანის მიმართულებით.
როგორც ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების დანერგვის გზაზე, აქაც შეიძლება ვთქვათ, რომ საბანკო სექტორი პიონერია, სადაც ეროვნული ბანკის გარკვეული რეგულაციები ESG–რეპორტინგის მიმართულებით უკვე მოქმედებს. NBG-მა ბანკებისთვის ESG-ის სახელმძღვანელო პრინციპები წარადგინა, გამოაქვეყნა მდგრადი ფინანსების ტაქსონომია და ინფორმაციის გამჟღავნების პრინციპები. საქართველო ცდილობს, ამ სექტორში შეესაბამებოდეს გლობალურ სტანდარტებს, როგორიცაა GRI, SASB და TCFD ჩარჩო.
მეორე მხრივ, SARAS-ი, როგორც უფრო ფართო სექტორის რეპორტინგის მარეგულირებელი, ფოკუსირებულია ESG–საკითხების ინტეგრირებაზე კორპორაციულ ანგარიშგებაში. SARAS-ი მუშაობს საქართველოს საანგარიშგებო გარემოს ევროკავშირის კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივასთან (CSRD) შესაბამისობაში მოსაყვანად, მათ შორის, ESRS-ის სტანდარტების თარგმნაზე და სხვა საჭირო საკანონმდებლო/მარეგულირებელი ცვლილებების შემუშავებაზე. მე პირადადაც ვმონაწილეობ სტანდარტების თარგმანის ექსპერტიზაში, როგორც SARAS-თან არსებული ექსპერტთა ჯგუფის წევრი.
ამ მიმართულებით მარეგულირებელი გარემოს ცვლილებების გავლენა აუდიტორულ და საკონსულტაციო ფირმებზეც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ESG–ანგარიშგების მოთხოვნა ქმნის ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საკონსულტაციო და მარწმუნებელი (აუდიტორული) მომსახურებების საჭიროებას, რასაც, ცხადია, ჩვენნაირმა ფირმებმა უნდა უპასუხონ და ეს არის ახალი ბიზნესშესაძლებლობა ბაზრისთვის. კლიენტებს ახლა დახმარება სჭირდებათ არა მხოლოდ ESG-ის მნიშვნელობის გაგებაში, არამედ ESG-ის ანგარიშგებისათვის აუცილებელი მონაცემების შეგროვების, ანალიზის, გადამოწმებისა და ანგარიშგების შიდა სისტემების შექმნაში და, თავისთავად, მომზადებული რეპორტების დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარებაში.
მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარებასთან ერთად, განსაკუთრებით SARAS-ის მიერ საქართველოს კანონმდებლობის CSRD-თან შესაბამისობაში მოყვანით, ველოდებით, რომ ESG–რეპორტინგი და ამ რეპორტების აუდიტი სავალდებულო გახდება ბევრი სუბიექტისთვის. ეს ნიშნავს, რომ ESG–ანგარიშგება ჩვენი აუდიტის სფეროში შევა – რაც მოითხოვს ფირმებისგან ინტერდისციპლინური გუნდების შექმნას, სადაც უნდა შედიოდნენ აუდიტორები და ESG-ის სპეციალისტები.
ვფიქრობ, რომ დღეისათვის ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე წამყვან ბანკს და მსხვილი საერთაშორისო კონსორციუმების შვილობილ კომპანიების შეიძლება ჰქონდეთ საკმარისი ექსპერტიზა სრული და გამართული ESG–რეპორტინგის მოსამზადებლად, თუმცა ქართული კომპანიების უდიდეს უმრავლესობას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა სჭირდება ამ მიმართულებით. სწორედ აქ არის ჩვენი, როგორც კონსულტანტების, როლი მნიშვნელოვანი.
გრანთ თორნთონში უკვე მზად ვართ კლიენტებისთვის ESG–მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების, შიდა პოლიტიკის შემუშავების, ევროკავშირის ტაქსონომიასთან შესაბამისობაში მოყვანის და მენეჯმენტის ანგარიშების მომზადებაში დახმარებისთვის, რაც მათ შეიძლება დასჭირდეთ SARAS-ისა და ინვესტორების მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის. საქართველოში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისთვის ვთანამშრომლობთ გრანთ თორნთონის საერთაშორისო ქსელის სხვა კომპანიებთან, სადაც უფრო მეტი გამოცდილება და ექსპერტიზაა ამ მიმართულებით დაგროვილი.
თემა რომ შევაჯამოთ, ჩემი გზავნილი კომპანიებისთვის და მათი მენეჯმენტისთვის იქნება: ნუ დაელოდებით ESG–ანგარიშგების სავალდებულოდ ქცევას. დაიწყეთ ახლავე – განავითარეთ შიდა შესაძლებლობები, გაიგეთ თქვენი ESG–რისკები, ზეგავლენა და ითანამშრომლეთ აუდიტორებთან და კონსულტანტებთან უკვე დაგეგმილ და მოსალოდნელ რეგულაციებთან შესაბამისობის გეგმის შესაქმნელად. მდგრადობის ანგარიშგება არ არის მხოლოდ შესაბამისობის საკითხი – ეს შეიძლება და უნდა იყოს ბიზნესის სტრატეგია.
როგორ ხედავთ ხელოვნური ინტელექტის (AI) როლს აუდიტის სფეროში? რა ცვლილებები მოაქვს ამ ტექნოლოგიას და ზრდის თუ არა მისი გამოყენება ეფექტიანობასა და სიზუსტეს? რა შესაძლებლობებს უქმნის AI-ის დანერგვა თქვენს კომპანიას ყოველდღიურ საქმიანობაში?
AI-ის დეფინიცია ცოტა რთული შეიძლება იყოს. თუმცა ახლა ჩავთვალოთ, რომ აქ ვგულისხმობთ Natural language processing-ს, ChatGPT-ს და Microsoft Co-Pilot-ის მსგავს ინსტრუმენტებს (Large Language Models – LLMs).
AI უკვე ცვლის აუდიტის პროფესიას და მისი როლი მხოლოდ გაიზრდება. რა თქმა უნდა, ჩვენს სფეროშიც არსებობს შიში, რომ ხელოვნური ინტელექტი ბუღალტრისა და აუდიტორის პროფესიას გააქრობს, ან მნიშვნელოვნად შეამცირებს ადამიანების საჭიროებას და ამ მხრივ კიდევ უფრო გაამწვავებს დასაქმების პრობლემას. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აუდიტორების ჩანაცვლების ნაცვლად, ხელოვნური ინტელექტი ცვლის ჩვენი მუშაობის წესს. ის ათავისუფლებს პროფესიონალებს რუტინული, განმეორებადი ამოცანებისგან და საშუალებას გვაძლევს, უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ისეთ სფეროებს, სადაც უფრო მეტია პროფესიული განსჯის, ანალიზისა და შეფასების საჭიროება, ვფოკუსირდეთ სტრატეგიის საკითხებზე.
ვფიქრობ, AI ბევრი მიმართულებით მოიტანს ცვლილებებს, მათ შორის აუდიტის ეფექტიანობის, სიზუსტისა და აუდიტის პროცესის მხრივ. ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვნად შეამცირებს მონაცემთა დამუშავების, დოკუმენტების გადახედვისა და მონაცემების რეკონსილიაციისთვის საჭირო დროს. ზუსტად ასეთი რუტინული ამოცანებისათვის საჭირო დრო შემცირდება მნიშვნელოვნად და რასაც საათები ან დღეები სჭირდებოდა, ის რუტინული სამუშაო AI–ინსტრუმენტების დახმარებით წუთებში გაკეთდება.
ალგორითმებს შეუძლიათ უზარმაზარ მონაცემთა ბაზებში აღმოაჩინონ ისეთი შეუსაბამობები, უჩვეულო ბუღალტრული გატარებები, გადახრები თუ მნიშვნელოვანი ურთიერთდამოკიდებულებები, რომლებიც ადამიანს შეიძლება გამორჩეს – რაც აუმჯობესებს აუდიტის ხარისხს და ამცირებს აუდიტის ასისტენტების მიერ შესრულებული სამუშაოს მიმოხილვისას შეცდომების გაპარვის რისკსაც.
დღეს ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, მნიშვნელოვნად დაეხმაროს აუდიტის გუნდს კლიენტთან კომუნიკაციასა და სტანდარტული სამუშაო დოკუმენტაციის შექმნაში. თუნდაც ის შესაძლებლობა, რომ ჩაიწეროს დისტანციური (ონლაინ) შეხვედრა, რომელიც ტარდება სხვადასხვა პლატფორმით კლიენტისა და აუდიტორის გუნდებს შორის და შემდეგ მოამზადოს ამ შეხვედრის ჩანაწერები, გარდა სრული ტექსტისა, მოამზადოს მოკლე აღწერაც, უკვე საკმაოდ ამარტივებს პროცესს, უფრო სასიამოვნოს და ეფექტიანს ხდის მას, რადგან აუდიტორებს აღარ უწევთ ფანქრით და ბლოკნოტით შეხვედრაზე ჯდომა და თან საუბარი, თან ჩაწერა და თან მოსმენა. მომავალში, ვფიქრობ, AI-ინსტრუმენტები აუდიტის პროცესს სხვა ბევრი მიმართულებითაც გაამარტივებს.
რა თქმა უნდა, არსებობს რისკებიც. ერთი არის ინფორმაციის კონფიდენციალურობის დარღვევის რისკები და მეორე, გადაჭარბებული ნდობა AI-ის მიერ მომზადებულ პასუხებსა და ანალიზზე. თუმცა ეს რისკები მართვადია სათანადო ხელმძღვანელობით, შესაბამისი შიდა სისტემების დანერგვით, პერსონალის ტრენინგებით და საერთაშორისო სტანდარტებსა და რეგულაციებთან შესაბამისობით. საბოლოოდ, კიდევ გავიმეორებ, რომ ხელოვნური ინტელექტი არ ანაცვლებს აუდიტორს – ის აძლიერებს მას. ის აუდიტორული ფირმები, რომლებიც ამ ცვლილებებისთვის მზად იქნებიან და მიიღებენ მათ, შეინარჩუნებენ კონკურენტუნარიანობას და იქნებიან წარმატებულები.
რა უნიკალური მახასიათებლებით გამოირჩევა აუდიტის ბაზარი საქართველოში? რა მიმართულებით ვითარდება და როგორი იქნება მისი მომავალი?
საქართველოს აუდიტის ბაზარს რამდენიმე უნიკალური მახასიათებელი და განვითარების ვექტორი გამოარჩევს, რაც მას საინტერესო და დინამიკურ სეგმენტად აქცევს რეგიონულ კონტექსტში.
პირველი უნიკალურობა – რეფორმები და რეგულირებაა. ბოლო წლებში საქართველოში განხორციელდა მასშტაბური რეფორმები აუდიტის ზედამხედველობის სფეროში, რაც მიზნად ისახავდა საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას, პროფესიული დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.
მეორე მნიშვნელოვანი მახასიათებელია ბიზნესების მზარდი მზაობა ESG–ანგარიშგებისა და მდგრადობის მიმართულებით. აუდიტორული კომპანიები სულ უფრო მეტად ითავსებენ კონსულტანტის როლს — მხოლოდ ფინანსური ანგარიშგების შემმოწმებლები კი აღარ არიან, არამედ პარტნიორები, რომლებიც კომპანიებს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებიან.
აუცილებელია, აღვნიშნოთ ტალანტის მნიშვნელობა და პროფესიული რესურსების დეფიციტი, რაც კიდევ ერთი განმასხვავებელი მახასიათებელია. ამ ბაზარზე კონკურენცია უკვე აღარ არის მხოლოდ კლიენტებზე – იგი გადმოსულია პროფესიონალებზეც, რაც აუდიტორულ ფირმებს აიძულებს, იყვნენ უფრო მოქნილები, ინოვაციურები და გახსნილები თაობათა მოლოდინისადმი.
აუდიტის ბაზრის მომავალი საქართველოში ტექნოლოგიასა და კადრების უწყვეტ განვითარებაზე გადის. ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ანალიტიკის უფრო ფართო ინტეგრაცია მნიშვნელოვნად შეცვლის აუდიტის შინაარსსა და მიდგომებს. ამავდროულად, საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობისკენ სვლა და პროფესიის საზოგადოებრივი როლის გაზრდა აუდიტს არა მხოლოდ მოთხოვნად, არამედ აუცილებელ პროცესად აქცევს კომპანიებისთვის.
რა არის თქვენი გუნდის პრიორიტეტები 2025 წელს? როგორია კომპანიის განვითარების სტრატეგია?
ისევე, როგორც გასულ წლებში, სერვისის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა და მუდმივი გაუმჯობესება ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია. ხარისხი ჩვენთვის მხოლოდ სტანდარტებთან შესაბამისობა არ არის – ეს ჩვენი პროფესიული კულტურისა და კლიენტთან ურთიერთობის ამოსავალი წერტილია.
მეორე კრიტიკული პრიორიტეტია საუკეთესო ადამიანების შენარჩუნება და გუნდის ზრდა ახალი პროფესიონალებით. გვჯერა, რომ კომპანიის წარმატება პირდაპირ არის დამოკიდებული ტალანტზე, რომელსაც ორგანიზაცია აერთიანებს. შესაბამისად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ თანამშრომელთა კეთილდღეობას, მოტივაციასა და პროფესიულ განვითარებას. ჩვენი სტრატეგია მოიცავს როგორც შიდა ტრენინგებსა და მენტორობას, ისე კარიერული გზის გაწერას თითოეული თანამშრომლისთვის. პარალელურად, ვაგრძელებთ ახალი, მოტივირებული და მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მოზიდვას, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს და სურთ, იყვნენ ამ დიდი გუნდის ნაწილი.
კომპანიის განვითარების სტრატეგია ეფუძნება ხარისხს, ადამიანებსა და ინოვაციას. ჩვენ გვინდა ვიყოთ ადგილი, სადაც ადამიანები განვითარდებიან, და სადაც ხარისხიანი მომსახურება არა მხოლოდ სტანდარტი, არამედ ყოველდღიური სამუშაოს განუყოფელი ნაწილია.