როგორ იგრძნობდით თავს, დილით უწყლობის გამო შეწუხებულს ფეისბუკზე ცნობილი კომპანიის ბრაზით მოხსენიების მაგივრად, გარეთ რომ მოგწეოდათ გამოსვლა თქვენი ეზოს თულუხჩისსაძებნელად? არადა, წყალსადენის გამართვამდე კამეჩის ტყავით შეკერილი თულუხით წყლის ტარება დიდი ხნის განმავლობაში რეალური და თანაც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია იყო თბილისში.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გამოცემაში აღნიშნულია, რომ ხელოვნური ინტელექტი და დიდი ენობრივი მოდელები არსებული სამუშაო საათების 40%-ზე მოახდენს ზეგავლენას. ბევრის აზრით, ხელოვნური ინტელექტის განვითარება და დიდი ენობრივი მოდელების გამოჩენა მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის დასაწყისის მნიშვნელოვანი მდგენელია. ასეთ ვითარებაში ხშირად ისმის კითხვა: რომელი პროფესია გაქრება და რომელი ახალი პროფესია მისცემს ადამიანებს დასაქმებისა და განვითარების საშუალებას? ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას ექსპერტების უმრავლესობა აღრიცხვას, ბუღალტერიასა და აუდიტს აუცილებლად შეიყვანს ხოლმე იმ ათი პროფესიის სიაში, რომელთაც ყველაზე მეტად ემუქრებათ გაქრობის საფრთხე ხელოვნური ინტელექტის განვითარების შედეგად. მართალი გითხრათ, ამ „საპატიო“ სიაში ჩვენი პროფესია ადრეც ხვდებოდა, უბრალოდ აუდიტის ბაყბაყდევის როლში მაშინ სხვა ტექნოლოგიები სახელდებოდა – მანქანური სწავლა, დიდი მონაცემების დამუშავების საშუალებები, რობოტული პროცესების ავტომატიზაცია და, თავის დროზე, კომპიუტერიც კი. ყველა ამ ტექნოლოგიას, რა თქმა უნდა, ჰქონდა დიდი ზეგავლენა აუდიტის პროფესიაზე, მაგრამ არცერთმა მათგანმა არ გაამართლა გამანადგურებელი ბაყბაყდევის იმიჯი და უფრო ცისკარად მოგვევლინა. ახალი ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, ბიზნესსამყაროს განვითარებას ავუწყოთ ფეხი, გავზარდოთ აუდიტის ხარისხი და საიმედოობა. და მაინც, ყველაფერს აქვს დასასრული და იქნებ ხელოვნური ინტელექტი მართლაც არის ის ბაყბაყდევი, რომელიც მოიყვანს აუდიტის რაგნაროკს?
ამ საკითხის განხილვის დაწყება, მიმაჩნია, რომ უპრიანი იქნება აუდიტის განმარტების გახსენებით: „აუდიტის მიზანია, გაზარდოს ფინანსური ანგარიშგების სანდოობის დონე მისი მოსალოდნელი მომხმარებლებისთვის (ინვესტორები, აქციონერები, კრედიტორები, რეგულატორები, თანამშრომლები და ა.შ)“. ფინანსური ინფორმაციის სანდოობა ის საფუძველია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია კაპიტალის მოძრაობა და, შესაბამისად, წარმოუდგენელია დღევანდელი ეკონომიკური სისტემა. აქედან გამომდინარე, ითვლება, რომ აუდიტი წარმოადგენს საჯაროდ მნიშვნელოვან სფეროს, რაც განაპირობებს აუდიტის საჯარო რეგულირების საჭიროებასაც. დავაკვირდეთ, რის ხარჯზე აღწევს აუდიტი ფინანსური ინფორმაციის სანდოობის ზრდას და როგორ შეიძლება ამაზე იმოქმედოს ხელოვნურმა ინტელექტმა.
კლასიკური განმარტების მიხედვით, აუდიტი უზრუნველყოფს ფინანსური ანგარიშგების სანდოობის ზრდას მასზე აუდიტორული დასკვნის გამოცემით, რომელიც ადასტურებს ანგარიშგების სამართლიან მომზადებასა და წარდგენას. ამისათვის აუდიტორი ატარებს შემოწმებას და მოიპოვებს მტკიცებულებებს, რომლებსაც ის საკმარისად მიიჩნევს დასკვნის გამოსატანად. აუდიტორები, როგორც წესი, ეყრდნობოდნენ საკუთარ გამოცდილებას, ცოდნასა და პროფესიულ განსჯას მონაცემთა ზღვაში გზის გასაკვლევად. დღევანდელ სამყაროში ეს საკმარისი აღარაა. ინფორმაცია, რომელსაც საწარმოები თავიანთი საქმიანობისას იყენებენ, იზრდება როგორც მოცულობით, ასევე სირთულით. ინფორმაცია უკვე აღარ არის მხოლოდ არსებული ეკონომიკური მოვლენების აღმწერი, არამედ ის ხშირად თავად წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობის ნაწილს და, შესაძლოა, მოქმედ პირსაც. ხელოვნურ ინტელექტს აქვს მონაცემთა დიდ მოცულობაში ორიენტირების, რისკების აღმოჩენისა და დამალული სირთულეების გამოვლენის უნარი სანდოობის დღემდე წარმოუდგენელი დონით. ხელოვნური ინტელექტი არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც შეიცავს ადამიანური ინტელექტის ელემენტებს და იძლევა მათი გამოყენების საშუალებას ინფორმაციის უსაზღვრო მოცულობაზე. ხელოვნურ ინტელექტს აქვს საშუალება, გააუმჯობესოს და ხშირად ჩაანაცვლოს აუდიტის აღსრულების მნიშვნელოვანი კომპონენტები: დოკუმენტბრუნვის შემოწმება, ფინანსურ ინფორმაციაში ანომალიების იდენტიფიცირება, შეუსაბამობების პოვნა ფინანსურ ანგარიშგებასა და მის საფუძვლად არსებულ ბუღალტრულ ჩანაწერებს შორის, ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების არაზუსტი აღრიცხვის შემთხვევების იდენტიფიცირება და ა.შ. თანაც, ამ ყველაფრის განხორციელება ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია უზომოდ დიდ ინფორმაციაზე ოპერირებით მაშინ, როდესაც „დღევანდელი“ აუდიტორები ამ შემოწმებების შერჩევით დონეზე აღსრულებით კმაყოფილდებიან. ამ მსჯელობამ შეიძლება იმ დასკვნამდე მიგვიყვანოს, რომ ხელოვნურ ინტელექტს აქვს საშუალება, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს აუდიტის სანდოობის დონე და მინიმუმამდე დაიყვანოს ადამიანის როლი აუდიტში. ეს შეიძლება სიმართლესთან ახლოს იყოს, მაგრამ მხოლოდ დროის სტატიკურ მომენტში – მაშინ, როდესაც კომპანიები არ აგრძელებენ საკუთარ ბიზნესში ახალი ტექნოლოგიების განვითარების გზას. მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების არეალი სულ უფრო და უფრო გაიზარდოს. მათ შორის, გაიზრდება მისი უნარიც, მოახდინოს და დამალოს თაღლითური გარიგებები, თუ ადამიანი მას ასეთ მიზანს დაუყენებს. ახალი ტექნოლოგიები ეფექტურად გადაჭრის ძველ პრობლემებს, მაგრამ აუცილებლად გაჩნდება ახალი სირთულეებიც. მაგალითად, უკვე მნიშვნელოვანი განხილვის საკითხია ე.წ. ალგორითმული მიკერძოება, როდესაც ალგორითმი დეტალურად განიხილავს მის მიერ დადგენილ სარისკო მიმართულებებს და არ აქცევს სათანადო ყურადღებას შესაძლო შეცდომებს სხვა მიმართულებით. ამიტომ, ჩემი აზრით, არ უნდა მოველოდოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ აუდიტის ტექნიკური შესრულების მიმართულებით ადამიანის სრულ ჩანაცვლებას, მაგრამ უნდა ველოდოთ, რომ მას დრამატული ეფექტი ექნება აუდიტორისთვის საჭირო პროფესიულ უნარ-ჩვევებზე. შესაბამისად, აუდიტორული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა უახლოეს მომავალში აუდიტორების პროფესიული უნარ-ჩვევების ახალ რელსებზე გადაწყობა. გარდა უკვე ტრადიციულად მოთხოვნილი ფინანსური აღრიცხვისა და აუდიტორული უნარ-ჩვევებისა, თუ ყოველ აუდიტორს არა, აუდიტის გუნდს მაინც უნდა ჰქონდეს მონაცემთა ანალიტიკის, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების გააზრებისა და ხელოვნური ინტელექტის მიერ დამუშავებული ინფორმაციის ინტერპრეტირების უნარი, რაც ნამდვილად რთული გამოწვევაა.
ჩვენ, შეძლებისდაგვარად, დეტალურად განვიხილეთ ის, თუ რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს ხელოვნურ ინტელექტს აუდიტის პროცესზე. ჩემი აზრით, აუდიტის მიერ ფინანსური ინფორმაციის ნდობის ამაღლებაზე კიდევ ერთი ასპექტი მოქმედებს მნიშვნელოვნად, რაც კიდევ უფრო გაურთულებს ხელოვნურ ინტელექტს ჩვენი ჩანაცვლების საქმეს. ესაა აუდიტორის რეპუტაცია. აუდიტორი არის ქართული ანდაზის განსახიერება – მას სახელის გატეხას, ნამდვილად თავის გატეხა ურჩევნია. აუდიტორის მიმართ ნდობა, რა თქმა უნდა, მის მიერ ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარებული არაერთი აუდიტის შედეგად ყალიბდება. მაგრამ ეს პროცესი ერთი დიდი შეცდომის დაშვების უფლებასაც არ იძლევა, რადგან დაკარგული ნდობის აღდგენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. აუდიტორისთვის მისი რეპუტაცია ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია. არ არსებობს მნიშვნელოვანი შეცდომის, ნებსით თუ უნებლიეთ ჩადენილის, შემდეგ აუდიტორის კარიერის გაგრძელების შანსი. აუდიტორისთვის შეცდომის ფასი ძალიან მაღალია, ხელოვნური ინტელექტისთვის კი – გაუგებარი. თუ ალგორითმმა არ იმუშავა, ის უნდა დაიხვეწოს, მაგრამ პასუხისმგებელი თავის შეცდომაზე ვერ გახდება.
საბოლოოდ, ჩემი აზრია, რომ ხელოვნური ინტელექტი აუდიტში უფრო ცისკარაა, ვიდრე ბაყბაყდევი. ის მნიშვნელოვნად შეცვლის აუდიტის პროფესიას, მაგრამ ადამიანური ელემენტი კვლავ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მიუხედავად ჩემი ადამიანური ინტელექტით განხორციელებული განსჯისა, ბოლოს მაინც გადავწყვიტე, ჩემი მოსაზრება ჩვენი კომპანიის ხელოვნურ ინტელექტთან გადამემოწმებინა. მან ასე მიპასუხა: „რომ შევაჯამოთ, ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვნად შეცვლის აუდიტის პროცესს, მაგრამ პროფესიას კვლავ დასჭირდება პროფესიონალები, რათა გაიკვლიონ გზა ფინანსური ანგარიშგებისა და რეგულატორული შესაბამისობის სირთულეებში“. როგორც ჩანს, უმუშევარი არ დავრჩებით. (ან იქნებ ბაყბაყდევი უკვე იმაზე უფრო ჭკვიანი და ცბიერია, ვიდრე ჩვენ გვგონია?..)
წყაროები:
- The jobs most likely to be lost and created because of AI | World Economic Forum
- Top Jobs Most at Risk of Being Replaced by AI
- https://ifacweb.blob.core.windows.net/publicfiles/2024-08/IAASB-2023-2024-Handbook-Volume-1.pdf
- What happens when you audit with human insight and artificial intelligence? | EY – Switzerland
- Auditing in the AI era | Deloitte Middle East
- The far-reaching impact of Artificial Intelligence on t – KPMG Netherlands