ხელოვნური ინტელექტი ენერგეტიკაში

ხელოვნური ინტელექტი ენერგეტიკაში

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი, სალომე ჯანელიძე ენერგეტიკის სექტორში ხელოვნური ინტელექტის შესახებ საუბრობს:

„ხელოვნური ინტელექტი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება და ბევრი ჩვენგანის ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. მსხვილ ენობრივ მოდელზე (Large Language Model) დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ არაერთი ადამიანისთვის შეცვალა სამუშაო აღწერილობა. Goldman Sachs-ის კვლევის მიხედვით, გენერაციული ხელოვნური ინტელექტი 300 მილიონ სამუშაო ადგილზე მოახდენს გავლენას, ხოლო პლატფორმა Fishbowl-ის მიერ 2023 წლის იანვარში ჩატარებული კვლევის მიხედვით, დასაქმებულთა 43% ხელოვნურ ინტელექტს პროფესიულ საქმიანობაში იყენებს. ამავდროულად, ხელოვნური ინტელექტის ასეთი სწრაფი გავრცელება ბევრისთვის გარკვეულწილად საფრთხესთან ასოცირდება. გასულ მარტს, ხელოვნური ინტელექტის სფეროსთან დაკავშირებულმა 1,000-ზე მეტმა ადამიანმა, მათ შორის, ილონ მასკმა, ხელი მოაწერა პეტიციას და მსხვილი ხელოვნური ინტელექტის სისტემების შესაძლებლობებისა და მასთან დაკავშირებული საფრთხეების სათანადოდ გამოკვლევამდე, მათ განვითარებაზე 6-თვიანი მორატორიუმი მოითხოვა.

ენერგეტიკა იმ სექტორთაგანია, რომლებზეც ხელოვნურ ინტელექტს გარდამტეხი გავლენის მოხდენა შეუძლია. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ენერგიის წარმოების, ისე – ვაჭრობის, ტრანსპორტირებისა და მოხმარების ეტაპებზე. ხელოვნურ ინტელექტს აქვს შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს იმ გამოწვევების გადაწყვეტას, რომელთა წინაშეც დგას დღეს სექტორი – ელექტროენერგიის წარმოების ოპტიმიზაცია, მოთხოვნის მართვა, ენერგეტიკული სისტემების მდგრადობა, ასევე, ენერგეტიკული ტრანზიციის ხელშეწყობა, მათ შორის, ენერგიის დაზოგვის ხელშეწყობითა და განახლებადი ენერგიების ქსელში ინტეგრაციით.

ელექტროენერგიის წარმოების ოპტიმიზაცია

ენერგეტიკის სექტორში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ელექტროენერგიის წარმოების ოპტიმიზაციაა. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შესაძლებელია ელექტროენერგიის წარმოებასთან დაკავშირებული ისეთი დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება, როგორიცაა: მონაცემები მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური პირობების შესახებ; ინფორმაცია წარმოების მოწყობილობების გამართულობის, სარემონტო სამუშაოების განრიგისა და ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მოსალოდნელი დონის შესახებ. აღნიშნული ცვლადების დამუშავების საფუძველზე, ხელოვნური ინტელექტი საშუალებას აძლევს მწარმოებლებს, ოპტიმალურად დაგეგმონ ელექტროენერგიის გამომუშავება და გაზარდონ ელექტროსადგურების ეფექტიანობა. ამასთანავე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მწარმოებლებს შეუძლიათ, წინასწარ განსაზღვრონ და უკეთესად დაგეგმონ სარემონტო სამუშაოები და შეამცირონ წარმოების ობიექტების სისტემიდან გამორთვის დრო.

განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელთან ინტეგრაცია

ენერგეტიკული ტრანზიციისა და წიაღისეული ენერგიის სუფთა ენერგიით ჩანაცვლებისთვის აუცილებელია მზისა და ქარის ენერგიაზე მომუშავე დიდი რაოდენობის ელექტროსადგურის ელექტრულ ქსელთან ინტეგრაცია, რაც მნიშვნელოვან სირთულესთან არის დაკავშირებული მათთვის დამახასიათებელი გამომუშავების წყვეტადობისა და არაპროგნოზირებადობის გამო. ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლებელია, მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელთან ინტეგრირებას გამომუშავების პროგნოზირების გაუმჯობესებით,ცვალებადობისა და გადატვირთვის მართვით. ამგვარად, შესაძლებელი იქნება ქსელის საიმედოობის გაზრდა უშუალო ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერების გარეშეც, ხოლო სისტემის ოპერატორებს საშუალება მიეცემათ, ქსელთან მიაერთონ განახლებადი ენერგიის უფრო მეტი მწარმოებელი.

ენერგიით ვაჭრობა

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შესაძლებელია ენერგიით ვაჭრობის ოპტიმიზაციის მიზნითაც. ბაზარზე ვაჭრობის ისტორიული მონაცემების დამუშავებითა და შესწავლით, ასევე, მოსალოდნელი წარმოების, მოხმარებისა და უბალანსობის განსაზღვრით, მოვაჭრეებს შეუძლიათ, ბაზარზე ყველაზე ხელსაყრელი პოზიცია მოიპოვონ. ხელოვნური ინტელექტი ასევე ახალ შესაძლებლობებს უქმნის თვითმწარმოებლებსაც. იმ ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის, რომლებსაც საკუთარი წარმოების ობიექტები აქვთ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების სახით და, ამავდროულად, ელექტროენერგიის შემნახველ ბატარეებსაც ფლობენ, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, ამინდის პროგნოზისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, განსაზღვროს, მიზანშეწონილია თუ არა ჭარბი ელექტროენერგიის დაგროვება და მოგვიანებით გამოყენება, ნაცვლად ელექტროსისტემაში დაუყოვნებელი მიწოდებისა. ამასთანავე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შესაძლებელია თვითმომხმარებლებს შორის, ე.წ. თანასწორთა შორის ვაჭრობაშიც. ხელოვნური ინტელექტი განსაზღვრავს სავაჭრო სტრატეგიებს ამგვარი ვაჭრობის მონაწილეებისთვის, რომლებიც განხორციელდება და აღსრულდება ბლოკჩეინების მეშვეობით.

მდგრადი ელექტროსისტემა

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ასევე დიდი პოტენციალი აქვს ენერგეტიკული ქსელების მართვისა და მდგრადობის ხელშეწყობის კუთხით. სისტემისა და ქსელის საიმედოობა ენერგეტიკული ტრანზიციისთვის ერთ-ერთი კრიტიკული წინაპირობაა. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შესაძლებელია სისტემის ფუნქციონირების ომპტიმიზაცია, მათ შორის, მიწოდებისა და მოთხოვნის დაბალანსების ხელშეწყობა, გადატვირთვის მართვა და მიწოდების წყვეტაზე სწრაფი რეაგირება. ამასთანავე, ხელოვნური ინტელექტი იძლევა საშუალებას, გამოავლინოს ხარვეზები ინფრასტრუქტურაში მათ წარმოშობამდე და ამგვარად თავიდან აიცილოს მიწოდების წყვეტა.

ენერგოეფექტიანობის ხელშეწყობა

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ასევე შესაძლებელია ენერგიის დაზოგვის ხელშეწყობისა და ენერგოეფექტიანობის გასაუმჯობესებლად. „ჭკვიანი“ მრიცხველების „ჭკვიან“ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით შესაძლებელია ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაცია და ხარჯების შემცირება, მაგალითად, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ამუშავება იმ დროს, როდესაც ელექტროენერგიაზე მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასიც, ყველაზე დაბალია. ამასთანავე, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია გათბობისა თუ განათების ოპტიმიზაცია, რაც ასევე ხელს შეუწყობს ენერგეტიკულ ტრანზიციას ენერგიის დაზოგვისა და მოთხოვნის მართვის გზით.

ელექტროტრანსპორტის დამუხტვის მართვა

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შესაძლებელია ელექტროტრანსპორტის დამუხტვის მართვა, რაც ასევე ხელს შეუწყობს ქსელის მდგრადობას. კერძოდ, ხელოვნური ინტელექტით მოსარგებლე „ჭკვიანი“ დამტენებით შესაძლებელია დამუხტვის განრიგის ოპტიმიზაცია სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, როგორიცაა ქსელის გადატვირთვა, ელექტროენერგიის ფასი და განახლებადი ენერგიების წილი მიმდინარე ენერგეტიკულ ნაზავში. ხელოვნური ინტელექტი ასევე ხელს შეუწყობს ელექტროტრანსპორტის, როგორც ელექტროენერგიის შენახვის საშუალების, გამოყენებას. ასეთ შემთხვევაში, სისტემის საჭიროების იდენტიფიცირების შემდგომ, ელექტროტრანსპორტი ელექტროენერგიას ქსელს მიაწოდებს.

დაკავშირებული გამოწვევები

ენერგეტიკის სექტორში ხელოვნური ინტელექტის გავრცელებასთან ერთად, გასათვალისწინებელია მასთან დაკავშირებული საფრთხეებიც. ასეთია, მაგალითად, მონაცემების დაცვა. გენერაციული ხელოვნური ინტელექტი სწავლისთვის იყენებს მონაცემების უდიდეს რაოდენობას, ახდენს გარკვეული ლოგიკის იდენტიფიცირებას და ქმნის ორიგინალურ მასალას. ხელოვნური ინტელექტის მიერ დამუშავებულ მონაცემებს შორის შესაძლოა იყოს სენსიტიური ინფორმაციაც, როგორიცაა პერსონალური მონაცემები ან კომერციული საიდუმლოება. შესაბამისად, აუცილებელია ამგვარი ინფორმაციის დაცვა შესაბამისი რეგულაციებით. გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შესაძლებელია კიბერდანაშაულის პრევენციისათვის. აუცილებელია კიბერუსაფრთხოების გაძლიერება როგორც ენერგეტიკის წარმოების, ვაჭრობისა და ტრანსპორტირების, ისე – მოხმარების ეტაპზეც.

ენერგეტიკულ სექტორში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპებზეა, თუმცა უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია მისი გამოყენების მკვეთრი ზრდა. დაკავშირებული გამოწვევების სათანადოდ მართვისთვის კი ხელოვნური ინტელექტის ფართომასშტაბიანი დანერგვის თანამდევ პროცესად უნდა იქცეს სათანადო მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება. S