ხუთი თვე გასაყიდად - აშშ-ში შესაძლოა TikTok-ი აიკრძალოს

ხუთი თვე გასაყიდად - აშშ-ში შესაძლოა TikTok-ი აიკრძალოს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ახალ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, თუ TikTok-ის ჩინური მფლობელი ByteDance-ი აპლიკაციას არ გაყიდის, ამერიკაში მისი გამოყენება აიკრძალება.

ინიციატივას მხარი ორივე პარტიის 352-მა წარმომადგენელმა დაუჭირა, ხოლო 65 წინააღმდეგი იყო. უცნობია, რა ბედი ელის კანონპროექტს სენატში.

აღსანიშნავია, რომ სოციალური მედიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პლატფორმაზე დაახლოებით 170 მილიონამდე ამერიკელია დარეგისტრირებული.

ეს ნაბიჯი პეკინსა და ვაშინგტონს შორის ტექნოლოგიების კონტროლის თაობაზე არსებულ დაძაბულ მდგომარეობას ასახავს, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე, სიტყვის თავისუფლებასა და სოციალური მედიის ინდუსტრიაზე.

კანონპროექტის მხარდამჭერების თანახმად, TikTok-ი ეროვნულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ჩინეთის მთავრობამ შესაძლოა საკუთარი ძალაუფლება გამოიყენოს და ByteDance-ს ამერიკელი მომხმარებლების მონაცემების მიწოდება აიძულოს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ სვლას „ბულინგის მცდელობას“ უწოდებენ. ჯო ბაიდენი კი ამბობს, რომ თუ დოკუმენტი მის მაგიდამდე მიაღწევს, ხელს აუცილებლად მოაწერს.

უნდა ითქვას ისიც, რომ TikTok-ის აკრძალვას აქტიურად უჭერდა მხარს წინა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თუმცა ახლა მისი რიტორიკა შერბილდა.

კანონპროექტის სრული მხარდაჭერის შემთხვევაში, ByteDance-ს დაახლოებით 5 თვე ექნება TikTok-ის გასაყიდად. წინააღმდეგ შემთხვევაში, Google-ისა და Apple-ის მარკეტებზე აპლიკაცია ამერიკელებისთვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება.