კიბერორშაბათს მომხმარებლებმა გლობალურად $14.25 მილიარდი დახარჯეს

კიბერორშაბათს მომხმარებლებმა გლობალურად $14.25 მილიარდი დახარჯეს

Adobe Analytics-ის ანგარიშის თანახმად, წელს მომხმარებლებმა კიბერორშაბათს გლობალურად $14.25 მილიარდი დახარჯეს, რაც გასული წლის მაჩვენებელს 7.1%-ით აღემატება. ფინანსური ანალიტიკოსების პროგნოზი წლევანდელი სავაჭრო დღისთვის 6.3%-იან ზრდას წარმოადგენდა.

Adobe Analytics-ის ანგარიშის მიხედვით, პიკის საათებში (ადგილობრივი დროებით საღამოს 8-დან 10 საათამდე) მომხმარებლებმა ყოველ წამში $16 მილიონი დახარჯეს. განხორციელებული ონლაინშესყიდვების ნახევარზე მეტი (57.5%) მობილური მოწყობილობით შესრულდა, რაც 8%-იან ზრდას წარმოადგენს. მობილური მოწყობილობით შესრულებული გადახდების მოცულობამ $8.2 მილიარდი შეადგინა.

რაც შეეხება შესყიდულ საქონელს, ყველაზე დიდი წილი ელექტრონულ მოწყობილობებზე მოდის. კიბერ-ორშაბათს მომხმარებლებმა გლობალურად $3.7 მილიარდის მოცულობის ელექტრონიკა შეიძინეს. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე ტანსაცმელია  ($2.6 მილიარდი), მესამე პოზიცია კი ავეჯმა დაიკავა ($1.8 მილიარდი). ანგარიშის თანახმად, აღნიშნულმა სამი კატეგორიის საქონელმა სრული გაყიდვების 57% შეადგინა.

მიუხედავად კიბერორშაბათის რეკორდული გაყიდვებისა, ამ უკანასკნელს წლიური ზრდის მაჩვენებლით შავი პარასკევის ონლაინგაყიდვებმა გადაუსწრო. 2025 წლის შავ პარასკევს გლობალურად ონლაინ $11.8 მილიარდის მოცულობის გაყიდვები განხორციელდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 9.1%-ით აღემატება.

Adobe Analytics-ის ანგარიშის თანახმად, გლობალურად ყველაზე გაყიდვად ნივთებს შორის სათამაშო კონსოლები, ჩემოდნები, სავარჯიშო აღჭურვილობა, საძილე ნიღბები, უჟანგავი ფოლადის წყლის ბოთლები და სპორტული ტანსაცმელი იყო.

შეგახსენებთ, რომ შავი პარასკევი და კიბერორშაბათი გლობალური ფასდაკლების დღესასწაულებია, როდესაც სავაჭრო ობიექტები საკუთარ მომხმარებლებს ფასდაკლებებს სთავაზობენ.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.