კლასიკური IT-ინტეგრატორიდან ტექნოლოგიურ პარტნიორამდე - ინტერვიუ Spectre-ის დამფუძნებლებთან

კლასიკური IT-ინტეგრატორიდან ტექნოლოგიურ პარტნიორამდე - ინტერვიუ Spectre-ის დამფუძნებლებთან

Spectre-ი ქართულ ბაზარზე აქტიურად შვიდი წლის წინ გამოჩნდა და ბიზნესისთვის მრავალფეროვანი ტექნოლოგიური მომსახურების შეთავაზება დაიწყო. დროთა განმავლობაში ბაზრის ტენდენციებისა და მოთხოვნის ცვლილებასთან ერთად კომპანიამ საკუთარი ბიზნესმოდელი დახვეწა და კლასიკური IT-ინტეგრატორიდან ტექნოლოგიურ პარტნიორად იქცა.

თუ რას მოიცავს Spectre-ის ახალი ბიზნესმოდელი და როგორ გადაიქცა კომპანია IT-ინტეგრატორიდან ტექნოლოგიურ პარტნიორად, ამის შესახებ Forbes Georgia-ს მისი დამფუძნებლები, ნათია წინწალაშვილი და კარლო მათითაიშვილი ესაუბრნენ.

რა იყო Spectre-ის დაფუძნებისას მთავარი მოტივაცია? რა გამოწვევების წინაშე იდგა ბაზარი კომპანიის შექმნის პერიოდში?

ნათია: მთავარი მოტივაცია ტექნოლოგიურ სფეროში საქართველოს ბაზარზე მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრების ნაკლებობა იყო. ჩვენი დაკვირვებით ადგილობრივ IT-ბაზარს სჭირდებოდა ჰოლისტიკური უნარების მქონე პროფესიონალები, რომლებიც არა კონკრეტული პრობლემის გადაჭრას, არამედ ხარვეზის უფრო ფართო კუთხით დანახვას შეძლებდნენ. ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც მაშინ ბიზნესის წინაშე იდგა. არსებობდა მხოლოდ გარკვეულ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტის გზები, მთლიანი სურათის აღქმა კი, ძირითად შემთხვევაში, არ ხდებოდა.

გარდა ამისა, ჩვენი დაკვირვებით, რესურსები არასწორად იყო განაწილებული. ერთი ამოცანის გადასაჭრელად იხარჯებოდა უამრავი დრო, ადამიანური და ფინანსური რესურსი. საბოლოოდ კი, შესაძლოა, ბიზნესის წინაშე არსებული ამოცანა ისე გადაწყვეტილიყო, რომ მას მთლიან სურათში არ ემუშავა.

როდესაც ეს გამოწვევა გამოიკვეთა, სწორად მივიჩნიეთ, ჩამოგვეყალიბებინა მულტიფუნქციური და ჰოლისტიკური ადამიანებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც შეძლებდა, ყველა ამოცანა და პრობლემა ფართო კუთხით დაენახა და გაერკვია, თუ რა სჭირდებოდა ბიზნესს საკუთარი პროცესების სწორად და ეფექტიანად სამართავად. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, დაგვეფუძნებინა კომპანია, რომელიც მრავალწლიანი და მრავალპროფილური გამოცდილების მქონე ადამიანებს გააერთიანებდა. სწორედ ასე შეიქმნა Spectre-ი.

რა მასშტაბებს მიაღწია კომპანიამ დაფუძნებიდან დღემდე?

ნათია: Spectre-ი უკვე არსებობის შვიდ წელიწადს ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში შევძელით როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო კომპანიების ნდობა მოგვეპოვებინა. ჩვენს პარტნიორებს შორის საქართველოში წარმოდგენილი ბევრი ცნობილი და წარმატებული ბრენდია. ნდობა გამოგვიცხადა ძალიან ბევრმა ქსელურმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომლებსაც საქართველოს მასშტაბით ფილიალები აქვთ. ჩვენ მათი ყველა ფილიალის ტექნოლოგიურ მხარდაჭერას უზრუნველვყოფთ. ამჟამად Spectre-ი ქვეყნის მთელ ტერიტორიას, ყველა რეგიონს ფარავს. პარტნიორებისთვის მიმზიდველია ჩვენ მიერ შეთავაზებული მომსახურება, ვინაიდან Spectre-ი ეხმარება მათ, არ დახარჯონ ლოკალურად დამატებითი რესურსები, როგორც ადამიანური, ასევე ფულადი სახის. ამით მათ ეძლევათ საშუალება, ინვესტიცია უშუალოდ საკუთარ ბიზნესში გააკეთონ და ტექნოლოგიურ პროცესებზე პასუხისმგებლობა, პროცედურების უწყვეტად და გამართულად წარმართვა Spectre-ს მიანდონ.

ამჟამად როგორი ტენდენციებია ქართულ IT-ბაზარზე?

კარლო: დღესდღეობით ბაზარი გარკვეულწილად გაჯერებულია და არის ტენდენცია, რომ წმინდა აპარატული გადაწყვეტებიდან ის ინაცვლებს სასერვისო მიმართულებისკენ. ბოლო წლებში ტექნიკა გაიაფდა და უფრო ხელმისაწვდომი გახდა. გაჩნდა ბევრი მომწოდებელი, პარალელურად კი განვითარდა ღრუბლოვანი ტექნოლოგიები. აქამდე თუ გვქონდა ხელშესახები ინფრასტრუქტურა, ახლა ეს ყველაფერი მიდის „ღრუბლებში“. ამ ფონზე, ცხადია, სერვისულ მიმართულებას უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა, ვგულისხმობ ცოდნისა და ექსპერტიზის გაყიდვას და არამხოლოდ რკინის გაყიდვას.

ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე რას გვეტყვით?

კარლო: საქართველოში ძალიან ჭირს საინჟინრო რესურსი. სპეციალისტების ნაკლებობა ტექნოლოგიების ყველა მიმართულებაში იგრძნობა. ქვეყანაში უმუშევრობის დონე მაღალია, თუმცა, ამის პარალელურად, კვალიფიციური კადრების დეფიციტია, ვინაიდან ერთია, ისწავლო პროგრამირება და მეორე, ჩამოყალიბდე პროგრამისტად. აქედან გამომდინარე, ბაზარზე არსებობს ადამიანური რესურსების მოძიებასთან დაკავშირებით კონკურენცია.

ნათია: ქვეყანაში, კადრების ნაკლებების პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს ბრძოლა პროფესიონალების გადაბირებისთვის. ეს IT-სფეროს კადრების ყოლას კომპანიაში საკმაოდ არამდგრადს ხდის, დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან, კადრების დაკარგვასთან და ა.შ. აქედან გამომდინარე, მივედით დასკვნამდე, რომ ბიზნესპროცესების უწყვეტობისთვის, ორგანიზაციებისთვის სანდო ტექნოლოგიური პარტნიორი გავმხდარიყავით. მათთვის ჩვენი სერვისი იქნებოდა უსაფრთხო, გაუჩნდებოდათ სტაბილურობის განცდა და არ შეეშინდებოდათ IT-მიმართულების კადრების დაკარგვის.

კომპანიის ბიზნესმოდელის ცვლილებაც ბაზარზე მოთხოვნის ცვლილებამ განაპირობა?

კარლო: დიახ, ეს ყველაფერი ბაზრისა და ტექნოლოგიის ცვლილებამ განაპირობა. ამასთან ერთად შეიცვალნენ ბაზრის მოთამაშეები. მოგეხსენებათ, დიდ კომპანიებს ახასიათებთ ინერცია, სწრაფად ვერ იცლებიან, შესაბამისად, როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ Spectre-ის ჩამოყალიბება, ის თავიდანვე ორიენტირებული იყო ამ მიდგომებზე და ბაზრის ცვლილების გათვალისწინებაზე. ასე გადაიქცა Spectre-ი კლასიკური რესელერი, ინტეგრატორი კომპანიიდან ჰოლისტიკურ კომპანიად.

რას გულისხმობს ჰოლისტიკური მიდგომა?

კარლო: ჰოლისტიკური მიდგომა გულისხმობს, რომ ჩვენ პრობლემას კომპლექსურად ვუდგებით. ხშირად ხდება, რომ კლიენტი მოდის ერთი კონკრეტული პრობლემით, ჩვენ კი ვეუბნებით, რომ მას სხვა ხარვეზის აღმოფხვრა სჭირდება ამის მოსაგვარებლად. კლასიკური ინტეგრატორი მხოლოდ IT-საკითხებს წყვეტდა, ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა. ჩვენ მივდივართ, ვსწავლობთ პრობლემას და მას ჰოლისტიკური მიდგომით ვწყვეტთ.

ნათია: ჩვენ ვითვალისწინებთ ბიზნესის საჭიროებებს. ის შედეგი, რომ დღეს Spectre-ს ბაზარზე საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს, სწორედ ამ მიდგომამ განაპირობა. არ განვიხილავთ პრობლემას განცალკევებულად, მას ფართო კუთხიდან ვუყურებთ.

რა სარგებელი მოაქვს ამას Spectre-ის პარტნიორებისთვის?

ნათია: ამ მიდგომით ჩვენ პარტნიორებს მივეცით საშუალება, დაეზოგათ ადამიანური და ფინანსური რესურსი, გარკვეული სხვა სახის ხარჯები და ორიენტირებულიყვნენ საკუთარი ბიზნესის მართვაზე, ხოლო მათ ციფრულ ტრანსფორმაციაზე, მეტად ოპტიმიზაციასა და ავტომატიზაციაზე მთლიანად ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა. სწორედ ეს განაპირობებს ჩვენს მნიშვნელოვან როლს IT-ბაზარზე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კონკურენტები ორიენტირდებიან ძირითადად რკინის მიწოდებაზე, ჩვენ მხოლოდ ამით არ ვიფარგლებით. სწორედ ამან განაპირობა კლასიკური IT-ინტეგრატორიდან ჩვენი ტრანსფორმაცია ტექნოლოგიურ პარტნიორად.

კარლო: მინდა დავამატო, რომ ახალი ბიზნესმოდელით ჩვენ კლიენტებს ასევე ვთავაზობთ საკონსულტაციო მომსახურებას. შეგვიძლია, პარტნიორებს ექსპერტიზა და კონსალტინგი ბევრ სხვადასხვა საკითხზე ჩავუტაროთ, რაც იმ დროს მათ ბიზნესს სჭირდება. ეს სცდება მხოლოდ ერთი პრობლემის დანახვის ფარგლებს. გარდა ამისა, ჩვენ კლიენტებს პრობლემის აღმოჩენისა და გადაწყვეტის კონკრეტულ მაგალითებს ვუჩვენებთ.

ნათია: როდესაც კონსალტინგთან თანხვდენაში მოდის შესრულება, ეს მათთვის ძალიან მიმზიდველია. ჩვენ საკმაო გამოცდილება დაგვიგროვდა, რის მაგალითზეც შეგვიძლია მათ პრობლემის გადაჭრების გზები ვუჩვენოთ. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენ ბიზნესებისთვის სანდო ტექნოლოგიური პარტნიორი ვართ, ვინაიდან ზუსტად გვესმის მათ წინაშე არსებული გამოწვევები და მათთან გამკლავებას დიდი გამოცდილების ხარჯზე ვახერხებთ.

გარდა ამისა, ჩვენ ვათავისუფლებთ ბიზნესებს რისკებისგან და ვეხმარებით მათ, რომ კონკრეტულ ადამიანებზე არ იყვნენ დამოკიდებულნი. ეს არის მსოფლიო ტრენდი, რომ ორგანიზაციებმა მიიღონ IT, როგორც სერვისი, არ ჩადონ ამ მიმართულებით საკუთარ კომპანიაში გუნდის ფორმირებისთვის ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, ადამიანებში, არ იფიქრონ ამ ინფრასტრუქტურის განახლებაზე, არ ჰყავდეთ დამატებით შესყიდვების სპეციალისტები, IT-მენეჯერები, არ გამოყონ სივრცე აპარატურისთვის და ა.შ. ეს მათთვის მნიშვნელოვნად ამსუბუქებს ძალიან ბევრ პროცესს.

შეგიძლიათ, გაიხსენოთ მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ამ გამოცდილების დაგროვებაში დაგეხმარათ?

ნათია: პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ სრული ტექნოლოგიური მხარდაჭერით უზრუნველყოფით განათლებისა და სამედიცინო სექტორს. Spectre-ისთვის ბოლო პერიოდის დიდი გამოწვევა იყო ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამედიცინო ობიექტისთვის, ინფექციური საავადმყოფოსთვის, სრული ტექნოლოგიური პროექტის მომზადება, სადაც გათვალისწინებულ იქნა არა მხოლოდ საქართველოში მოქმედი რეგულაციები, არამედ საერთაშორისო სტანდარტები. შედეგად, ძალიან მალე, ჩვენ ქვეყანაში მივიღებთ საკმაოდ მაღალი სტანდარტის ინფექციურ საავადმყოფოს.

გარდა ამისა, შემიძლია მოგიყვეთ უკვე დასრულებული პროექტების შესახებ. მათ შორის გამოვყოფ „ამერიკული ჰოსპიტლისთვის“ შესრულებულ სამუშაოს. მისი საკონსულტაციო სამუშაოები, ბიზნეს და IT-პროცესების დაგეგმარება, ინფრასტრუქტურის მიწოდება და შემდგომი მხარდაჭერა სრულად უზრუნველვყავით.

კარლო: რაც შეეხება განათლებას, დღეს ეს სექტორი ტექნოლოგიური კუთხით ინფრასტრუქტურული გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის  შემთხვევაში, რომელიც შემოდგომიდან ახალ კამპუსს ხსნის, პროექტის ნულიდან დაგეგმვის საშუალება მოგვეცა. ამ პროექტში ნაგებობის შენებიდანვე აქტიურად ვიყავით  ჩართულნი. განვსაზღვრეთ ინფრასტრუქტურული საჭიროებები, თუ რა სერვისები იქნებოდა აუცილებელი, ასევე რა მოთხოვნებზე მოგვიწევდა მორგება.

ამჟამად მიმდინარეობს კიდევ ერთ პროექტზე მუშაობა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სიმულაციებისა და კლინიკური უნარების ცენტრზე, რომელიც ვირტუალურ სწავლებას მოიცავს. შესაბამისად, საქმე გვექნება IT-ს ინტენსიურ მომხმარებელთან, რომლისთვისაც ტექნოლოგიური მხარდაჭერა მუდმივად იქება საჭირო. ეს ქვეყანაში პირველი მსგავსი პროექტი იქნება.

ამით მინდა ხაზი გავუსვა, რომ Spectre-ის გუნდს ესმის როგორც ბიზნესოპერაციები, ასევე განათლების, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში არსებული გამოწვევები. აღნიშნულზე დაყრდნობითაც ჩანს, რომ პრობლემას არ ვუყურებთ ერთი დარგის გადმოსახედიდან, ვიწრო ჭრილში.

როგორ უმკლავდება Spectre-ი ბაზარზე არსებულ კონკურენციას?

კარლო: იმის გამო, რომ ჩვენ შედარებით მცირე ზომის გუნდი ვართ, სრულ განაკვეთზე 30-მდე თანამშრომლით, შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველა ის უპირატესობა, რაც მსგავსი ტიპის კომპანიისთვისაა დამახასიათებელი. მაგალითად, იმის ფონზე, რომ კომპანიაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა შედარებით მცირეა, ინფორმაციის გაცვლა უფრო მარტივია და ეს პროცესი სწრაფად მიმდინარეობს. მთელ გუნდს შეუძლია გარკვეულ პრობლემებზე ერთად მუშაობა, სხვადასხვა სფეროში არსებული ცოდნის გაცვლა და, შედეგად, სწორ გადაწყვეტამდე მისვლა. ამისგან განსხვავებით, დიდ კომპანიებში არის სპეციალიზებული გუნდები, რომლებსაც ხშირად ერთმანეთის არასწორად ესმით და მთლიანობაში პროექტიც წარუმატებელია.

ჩვენი უპირატესობა არის, რომ ვკონცენტრირდებით გარკვეულ სეგმენტზე, ვგულისხმობ კორპორაციულ სეგმენტს და ვინაიდან გვყავს მცირე ჯგუფი, შესაბამისად, გვაქვს ნაკლები ხარჯი.

ნათია: აქვე დავამატებ, Spectre-ი იმითაც გამოირჩევა, რომ ჩვენ არ ვიფარგლებით მხოლოდ საქართველოს ბაზარზე არსებული სერვისების შესახებ ცოდნის შეგროვებით. შევისწავლით და ვეზიარებით საზღვარგარეთ დაგროვილ გამოცდილებასაც. მაგალითად, ახლახან სწორედ ამ მიზნით ვიყავით ისრაელში. ვიზიტის მიზანს ქვეყანაში სხვადასხვა სექტორში გამოყენებული ინოვაციური ტექნოლოგიების შესწავლა და მისი საქართველოში გადმოტანა წარმოადგენდა.

ვფიქრობ, ჩვენი ძლიერი მხარეც ეს არის, რომ მუდმივად ვცდილობთ განვითარებას და მსოფლიოში არსებული ტრენდებისთვის ფეხის აწყობას. ამით საკუთარ თავსაც ვეხმარებით და პარტნიორ კომპანიებსაც. ცვლილებებისთვის და ტრენდისთვის ფეხის აწყობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ბიზნესს ეხმარება, ძალიან მნიშვნელოვანია. ვგულისხმობ ხარჯების შემცირებას, რესურსების ოპტიმიზაციასა და მოგების ზრდას, ასევე ბიზნესპროცესების უწყვეტობის უზრუნველყოფას.

კონკურენტებისგან ისიც განგვასხვავებს, რომ ჩვენ გარკვეულ კომპანიებსა თუ ორგანიზაციებზე არ ვართ დამოკიდებულნი. ვთანამშრომლობთ ბაზარზე ოპერირებად ყველა IT-მწარმოებელთან. ეს პარტნიორებისთვის ძალიან მიმზიდველია, ვინაიდან არ გვიწევს რომელიმე მწარმოებლის ლობირება. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ვთანამშრომლობთ ისეთ მწარმოებლებთანაც, რომლებიც საქართველოს ბაზარზე არასდროს გამოჩენილან, თუმცა ჩვენთვის ყოველთვის არიან ხელმისაწვდომნი. შესაბამისად, ბიზნესს ვთავაზობთ იმ გადაწყვეტას, რომელიც იმ პერიოდისთვის არის ყველაზე ოპტიმალური დროში, ხარისხსა და ფასში.

კლიენტებს გრძელვადიან პარტნიორებად მოვიაზრებთ, აქედან გამომდინარე, ვმოქმედებთ არა „გაყიდვა გაყიდვისთვის“ პრინციპით, არამედ ჩვენი ლოზუნგია „გაყიდვა პარტნიორობისთვის“.

ბოლოს, გაგვიმხილეთ კომპანიის მიზნებისა და გეგმების შესახებ.

ნათია: სამომავლო გეგმები ბაზარზე არსებული ტრენდების გათვალისწინებით გვაქვს განსაზღვრული. გვინდა, ყველა ორგანიზაციამ შეძლოს მაქსიმალური ბენეფიტების მიღება იქიდან, რომ თავისი ინტელექტუალური ცოდნა და რესურსები არ გამოიყენოს განყენებული სერვისებისთვის, არამედ ის საკუთარი ბიზნესისკენ მიმართოს.

ჩვენი სამომავლო გეგმა არის, მოვაბილიზოთ ინტელექტუალური რესურსები, რომ როდესაც პარტნიორებს დახმარება დასჭირდებათ, მათ ამისთვის სრული და უწყვეტი ტექნოლოგიური მომსახურება შევთავაზოთ.

კარლო: ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ორგანიზაციებს ბიზნესამოცანების გადაჭრაში ისე, რომ მათ არ იფიქრონ პროცესზე. IT არსებობს პრინციპით: პრობლემა – გადაწყვეტა. ბიზნესში შენ სვამ ამოცანას და ამის შემდეგ შენდება ინფრასტრუქტურა, თუმცა როგორ ააშენო ის ამისთვის საჭიროა „ნოუ-ჰაუ“, შესაბამისი ცოდნა. სწორედ ამის მიტანა გვინდა კომპანიებსა და ორგანიზაციებამდე.

ამის პარალელურად, ვგრძნობთ მომხმარებლის გაზრდის საჭიროებას. ჩვენ ამ პროცესშიც აქტიურად ვმონაწილეობთ მაღალი სტანდარტების დანერგვით.

ნათია: თამამად შეიძლება ითქვას, რომ Spectre-ი მომხმარებლების ცნობიერების ზრდას უწყობს ხელს. ამის შემდგომ კი თავისთავად იზრდება სტანდარტი, ვინაიდან ის საჭიროებებთან მოდის შესაბამისობაში.