გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატთან დაკავშირებულ 28-ე შეხვედრაზე (COP28), რომელიც დუბაიში გაიმართა, ქვეყნები წიაღისეული საწვავის არგამოყენებაზე შეთანხმდნენ.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანაში ჩატარებული COP28-ის სამიტის მთავარი თემა წიაღისეული საწვავის სამომავლო როლი იყო.
COP28-ის პრეზიდენტმა, სულთანმა ალ ჯაბერმა გადაწყვეტილება გაეროს პლენარული სესიის გახსნიდან რამდენიმე წუთში გააცნო 200-მდე ქვეყნის წარმომადგენელს, რომელთაგან წინააღმდეგობა არცერთს არ გამოუხატავს.
„ისტორიაში პირველად, წიაღისეულ საწვავზე ჩანაწერი ჩნდება ჩვენს საბოლოო შეთანხმებაში“, – თქვა ჯაბერმა, რომელიც Abu Dhabi National Oil Company-ის ხელმძღვანელიცაა.
კონსენსუსი მოუწოდებს მხარეებს კონტრიბუციისკენ, ქმედებებისკენ, მათ შორის, „ენერგეტიკულ სისტემებში წიაღისეული საწვავიდან სამართლიანი, მოწესრიგებული გზით გადასვლისკენ, რათა 2050 წლისთვის ნახშირბადნეიტრალიტეტი იქნას მიღწეული“.
მიუხედავად იმისა, რომ ტექსტში წიაღისეული საწვავის ხმარებიდან სრულად ამოღება არაა ნახსენები, ეს მაინც მიანიშნებს ქვეყნების მზაობაზე. ზოგიერთი ქვეყანა ამ გადაწყვეტილებას „გარღვევად“ მიიჩნევს, ზოგიერთი კი ამბობს, რომ ის საკმარისად ტრანსფორმაციული არაა.
მინისტრებმა ევროკავშირიდან, კანადიდან, დანიიდან და ისრაელიდან ეს ისტორიულ მოვლენად მიიჩნიეს, მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოების ალიანსის (AOSIS) წარმომადგენლებმა კი, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებისას ოთახში არ იმყოფებოდნენ, განაცხადეს, რომ „ტექსტში მრავალი საეჭვო ხვრელია“.
ერთ-ერთი ასეთი „ხვრელი“ შეიძლება იყოს ის გაურკვევლობა, თუ როგორ შეძლებენ წიაღისეულ საწვავზე უარის თქმასა და გლობალურ დათბობასთან ეკონომიკის ადაპტირებას ღარიბი ქვეყნები, რომლებსაც დიდი ვალები აქვთ.
შეთანხმება ყურადღებას ამახვილებს ენერგიისთვის ქვანახშირის გამოყენების შემცირებაზეც, თუმცა არ გვთავაზობს ვადებს. ის ასევე ხაზს უსვამს „გარდამავალი საწვავის“ როლს, რომელიც ბევრ ქვეყანას სადავოდ მიაჩნია, რადგან გულისხმობს ბუნებრივი აირის მოხმარების გაგრძელებას.
ქვეყნები 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის გლობალური სიმძლავრის გასამმაგებასა და დაბალემისიებიანი ტექნოლოგიების განვითარებაზე შეთანხმდნენ, მათ შორისაა, ბირთვული ენერგია, დაბალნახშირბადიანი წყალბადი და ნახშირბადის დაგროვება.
შეთანხმებაში ხაზგასმულია ისიც, რომ ქვეყნებს, მათი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა დონის პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეთ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში. აღიარებულია, რომ განვითარებად ქვეყნებს მეტი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ ენერგეტიკული გადასვლისთვის.
ზოგიერთი განვითარებადი ქვეყანა ამტკიცებს, რომ მდიდარმა ქვეყნებმა, რომლებიც სათბურის გაზების ყველაზე დიდი ემისიებით გამოირჩეოდნენ, გამონაბოლქვი ყველაზე სწრაფად უნდა შეამცირონ.