კლიმტის უკანასკნელი პორტრეტი აუქციონზე $108 მილიონად გაიყიდა

კლიმტის უკანასკნელი პორტრეტი აუქციონზე $108 მილიონად გაიყიდა

ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვრის, გუსტავ კლიმტის მიერ შესრულებული უკანასკნელი პორტრეტი ლონდონში გამართულ Sotheby’s-ის აუქციონზე $108 მილიონზე მეტად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ეს ევროპაში გამართულ აუქციონებზე ფერწერულ ტილოში გადახდილი რეკორდული თანხაა.

Sotheby’s-ის სააუქციონო სახლი “Dame mit Fächer”-ის მინიმუმ $80 მილიონად გაყიდვას იმედოვნებდა. შეთავაზებების პროცესი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და საბოლოოდ, ხელოვნების ნიმუშში გაცილებით მეტი გადაიხადეს.

Sotheby’s-ის სააუქციონო სახლის თანახმად, “Dame mit Fächer” ერთ-ერთია იმ ორი ფერწერული ტილოდან, რომელიც ავსტრიელი ხელოვანის სტუდიაში 1918 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინეს.

1917 წელს დაწყებული “Dame mit Fächer”, რომელზეც უცნობი ქალია დახატული, კლიმტისთვის დამახასიათებელი ექსპრესიული სტილით არის შესრულებული. ისევე როგორც მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი, ხელოვნების ეს ნიმუშიც აღმოსავლეთ აზიის გავლენაზე მიანიშნებს. ამაზე მარაო, ლოტოსი და ტილოზე ასახული სხვა სიმბოლოები მეტყველეს.