კოალიციაში უთანხმოების გამო, იტალიის პრემიერ-მინისტრი გადადგა

კოალიციაში უთანხმოების გამო, იტალიის პრემიერ-მინისტრი გადადგა

კოალიციაში შექმნილი უთანხმოების შემდგომ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სამთავრობო კოალიციაში შემავალმა პოპულისტურმა პარტია „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ“ კრიტიკულ საპარლამენტო კენჭისყრაში დრაგის მთავრობას მხარი არ დაუჭირა.

იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ პრემიერის განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა და მისი მთავრობისადმი მხარდაჭერის შეფასების მიზნით, დრაგის მომავალ კვირაში პარლამენტისთვის მიმართვაც სთხოვა. ეს გარკვეულ დროს მისცემს იტალიის პოლიტიკურ კლასს კომპრომისის მისაღწევად, რათა ქვეყანა ვადამდელ არჩევნებს გადაურჩეს. თუმცა, არსებული მდგომარეობა კოალიციის შენარჩუნების შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

ცნობისთვის, კოალიციას მარიო დრაგი 2021 წლის დასაწყისიდან ხელმძღვანელობდა. კრიზისი მას შემდგომ დაიწყო, რაც პარლამენტში სიდიდით მეორე პარტია „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ“ იტალიელების ინფლაციისგან დაცვისთვის შექმნილ €26-მილიარდიან პაკეტს ბოიკოტი გამოუცხადა. „ხუთი ვარსკვლავის“ ლიდერმა ჯუზეპე კონტემ მთავრობა იმ ოჯახების არასათანადო დახმარებაში დაადანაშაულა, რომლებიც ენერგიისა და საკვების მზარდი ფასებით განსაკუთრებით დაზარალდნენ.

„ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ დეპუტატების ბოიკოტის მიუხედავად, დახმარების პაკეტი იტალიის სენატში უმრავლესობით მაინც დამტკიცდა. მიუხედავად ამისა, დრაგიმ ადრეც აღნიშნა, რომ მხოლოდ ეროვნული ერთიანობის მთავრობას უხელმძღვანელებდა და შესაბამისად, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ მხარდაჭერის გარეშე თანამდებობის შენარჩუნებაზე უარი განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური კრიზისი იტალიას განსაკუთრებით მგრძნობიარე დროს დაატყდა თავს. სავარაუდოდ, იტალია ევროკავშირის €750-მილიარდიანი, კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული ზარალისგან აღსადგენად შექმნილი ფონდის ყველაზე დიდი ბენეფიციარი იქნება.

ვადამდელი არჩევნები, სექტემბერში, იტალიის მთავრობის მიერ ბიუჯეტისა და კრიტიკული რეფორმების დამტკიცებას ხელს შეუშლის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *