ნორვეგიაში დაფუძნებული კომპანია Aker Offshore Wind-ი შოტლანდიის სანაპიროსთან ქარის პირველი წყალქვეშა ქვესადგურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ახლახან გამოქვეყნდა.
წყალზე მოცურავე ქარის ტურბინების მეშვეობით გამომუშავებული ენერგია ქვესადგურების დახმარებით ელექტროქსელს გადაეცემა და ამ გზით სახლები თუ სხვადასხვა დაწესებულება მარაგდება. როგორც წესი, ასეთი ქვესადგურები ზღვის დონეზე არის განლაგებული, თუმცა Aker Offshore Wind-ში მიაჩნიათ, რომ მათი ფსკერზე განთავსება უფრო მეტ სარგებელს მოიტანს. პირველ რიგში, ზღვის წყლის გაგრილების ბუნებრივი სისტემის სახით გამოყენება იქნება შესაძლებელი. ამას გარდა, წყალქვეშა ქვესადგური არ საჭიროებს მბრუნავ ნაწილებს და შედარებით ნაკლებ კომპონენტს მოითხოვს, შესაბამისად, მისი მოვლა გაცილებით იაფი დაჯდება. ტემპერატურის სტაბილურად შენარჩუნებასთან ერთად, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა.
Aker Offshore Wind-ი შოტლანდიაში წყალზე მცურავი ქარის ტურბინების ქსელის შექმნაზე პროექტ ScotWind-ის ფარგლებში კომპანია Ocean Winds-თან ერთად მუშაობს. მიზანი 6 ათასი მეგავატი ელექტროენერგიის გამომუშავებაა, რომლითაც მილიონობით სახლი მომარაგდება. Aker Offshore Wind-ის მიერ ახლახან გაჟღერებული ინიციატივა, რომელიც ქვესადგურის ზღვის ფსკერზე განთავსებას გულისხმობს, შესაძლოა, სწორედ აღიშნული პროექტის განხორციელებისას იქნას განხილული.
მსგავსი პროექტების განხორციელება დიდ ბრიტანეთს ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების ემისიის თავიდან არიდებაში დაეხმარება. გასულ წელს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი მიზანი 2035 წლისთვის ჰაერში სათბური გაზების გამოყოფის მაჩვენებლის 78%-მდე შემცირებაა, 2050 წლისთვის კი ამ მონაცემის 0%-მდე დაყვანაა დაგეგმილი.