კომუნიკაციების კომისიამ საქართველოში 5G ინტერნეტის დასანერგად აუქციონი გამოაცხადა. ComCom-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში მე-5 თაობის ინტერნეტის განსავითარებლად აუქციონი 24 ლოტზე გამოცხადდა.
„აუქციონების ფარგლებში მე-5 თაობის ინტერნეტის დასანერგად, დაგეგმილია 700, 3400-3700 და 2600 მეგაჰერცის დიაპაზონების სიხშირული ზოლების გამოტანა. ასევე, დამატებით დაგეგმილია 800 და 1800 მეგაჰერცის ზოლის გამოტანა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
აუქციონებში მონაწილეობისთვის ლიცენზიების მიღების მსურველებს განცხადებების გაგზავნა 2023 წლის 12 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ. რაც შეეხება აუქციონების ჩატარების განრიგს: №1 და №4 ლოტებზე აუქციონები 2023 წლის 16 აგვისტოს გაიმართება, №5 და №10 ლოტებზე – 18 აგვისტოს; №11 – №21 ლოტებზე – 21 აგვისტოს; №22 და №24 ლოტებზე კი 23 აგვისტოს.
პირველი კომბინირებული ლოტის საწყისი საფასური 6 230 000 ლარი იქნება, მეორის – 2 530 900 ლარი, მესამის – 2 593 800 ლარი, მეოთხის კი – 2 656 700 ლარი. გარდა 4 კომბინირებული ლოტისა, აუქციონი დამატებით კიდევ ცალკე მდგომ 20 ლოტზე გამოცხადდა. როგორც ComCom-ი აცხადებს, ყველა ლოტის ფასი განსხვავებულია სიხშირული სპექტრის დიაპაზონისა და ზოლის სიგანის მიხედვით.
„5G – ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე.