დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივა, შეამციროს NASA-ს ბიუჯეტი დაახლოებით 6 მილიარდი დოლარით, შესაძლოა სააგენტოს მისიებისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს. თეთრი სახლის მიერ წარდგენილი 2026 ფისკალური წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, NASA-ს საერთო დაფინანსება შესაძლოა 24%-ით შემცირდეს, ხოლო სამეცნიერო ბიუჯეტი – 47%-ით. ამ ცვლილებების შედეგად არაერთი მნიშვნელოვანი მისია, მათ შორის მარსის ნიმუშების დაბრუნების პროექტი გაუქმდება.
ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარასკევს, 2 მაისს გამოქვეყნდა, ამცირებს NASA-ს გეგმების მასშტაბს ადამიანის მთვარეზე დაბრუნებასთან დაკავშირებითაც. აგრეთვე, მისი დამტკიცების შემთხვევაში, შეჩერდება კლიმატზე ორიენტირებული ინიციატივები, მათ შორის „მწვანე ავიაცია“.
„თეთრი სახლი გვთავაზობს NASA-სთვის ბიუჯეტის ყველაზე მასშტაბურ შემცირებას ამერიკის ისტორიაში,“ – ნათქვამია The Planetary Society-ის განცხადებაში. ორგანიზაცია მოუწოდებს კონგრესს, არ დაუჭიროს მხარი ამ ინიციატივას და ნაცვლად ამისა, აირჩიოს გზა, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტიანი, დაბალანსებული და ძლიერი ეროვნულ კოსმოსური პროგრამის ჩამოყალიბებას.
ინიციატივის მიხედვით, შეწყდება NASA-ს Space Launch System-ისა და Orion-ის კაფსულის ექსპლუატაციაც, ისევე როგორც მთვარის ორბიტაზე საერთაშორისო სადგურის, Gateway-ის პროექტი, რომლის პირველი მოდულიც იტალიიდან არიზონაში მიმდინარე წლის აპრილში ჩავიდა.
მეორე მხრივ, თეთრი სახლის გეგმა ხაზს უსვამს ადმინისტრაციის პრიორიტეტს – ამერიკელი ასტრონავტების მთვარეზე დაბრუნებას ჩინეთზე ადრე და ადამიანის მარსზე გაგზავნას. პრეზიდენტმა ტრამპმა ამ უკანასკნელის შესახებ ყურადღება ინაუგურაციაზეც გაამახვილა და გამოთქვა სურვილი, რომ ასტრონავტებმა ამერიკის დროშა მარსის ზედაპირზეც დაამაგრონ. აღსანიშნავია, რომ SpaceX-ის დამფუძნებელმა და პრეზიდენტის მრჩეველმა ილონ მასკმა ახლახან აღნიშნა, რომ სურს, ადამიანი მარსზე რაც შეიძლება მალე გაგზავნოს.
დოკუმენტის თანახმად, NASA-ს „არტემისის პროგრამა“, რომლის მიზანიც მთვარეზე ადამიანის დაბრუნებაა, შეიზღუდება. კერძოდ, Artemis II და III მისია შენარჩუნდება, თუმცა მომდევნო მისიები გაუქმდება, ხოლო Orion-სა და SLS-ს პროექტს მთლიანად ჩამოაშორებენ. აღსანიშნავია, რომ NASA-ს ვებსაიტიდან უკვე აღებულია ჩანაწერი, რომლის თანახმად, Artemis III „პირველი ქალისა და ფერადკანიანი ადამიანის“ მთვარეზე დაშვების ისტორიული მისია უნდა ყოფილიყო.
NASA-ს ამჟამინდელი ბიუჯეტი $25.4 მილიარდს შეადგენს, რაც ფედერალური ბიუჯეტის დაახლოებით 0.3%-ია. თეთრი სახლის ახალი ინიციატივით, ის $18.8 მილიარდამდე შემცირდება. შედარებისთვის, 1960-იან წლებში, როდესაც „აპოლოს პროგრამა“ განხორციელდა, NASA-ს ბიუჯეტი მთლიანი ფედერალური ხარჯების 4%-ს შეადგენდა.
ბიუჯეტის შემცირების ინიციატივა გაჟღერდა მაშინ, როდესაც NASA-ს ხელმძღვანელის პოსტი ჯერ კიდევ ვაკანტურია. შეგახსენებთ, 2025 წლის იანვარში აღნიშნულ პოსტზე წარდგენილი ჯარედ აიზეკმენი, კომპანია Shift4 Payments-ის დამფუძნებელი, ამჟამად სენატში დადასტურების პროცედურების გავლას ელოდება.
The Planetary Society აღნიშნავს, რომ „ბიუჯეტის ასე სწრაფად, ასე მნიშვნელოვნად შემცირება, NASA-ს ადმინისტრატორის მონაწილეობის გარეშე, სააგენტოს უფრო ეფექტიანს ვერ გახდის. ეს გამოიწვევს ქაოსს, გადამხდელების ინვესტიციების ფუჭად გაფლანგვას და კოსმოსში ამერიკის ლიდერობას შერყევას.“